სამტრედიაში მცხოვრები 22 წლის დემურ სტურუას თვითმკვლელობაში
ბრალდებული ყოფილი პოლიციელი, გოდერძი თევზაძე სამართალდამცავებს
ჩაბარდა.
თევზაძე, რომელიც დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურაში
ადვოკატთან ერთად გამოცხადდა, თავს დამნაშავედ არ მიიჩნევს და
შიმშილობის დაწყებას აპირებს.
თევზაძე აცხადებს, რომ ობიექტური გამოძიების იმედი აქვს.
სამტრედიის სოფელ დაფნარში მცხოვრებმა 22 წლის დემურ სტურუამ სიცოცხლე
თვითმკვლელობით მიმდინარე წლის 7 აგვისტოს
დაასრულა.
თვითმკვლელობამდე, სტურუამ წერილი დატოვა, სადაც წერს, რომ სამტრედიის
პოლიციის უკვე ყოფილი თანამშრომელი, უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი
გოდერძი თევზაძე, მასზე ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობას
ახორციელებდა, კერძოდ, მისგან ითხოვდა ინფორმაციის მიწოდებას, თუ ვის
ჰქონდა სამტრედიის სოფლებში მარიხუანა დათესილი.
სტურუას თვითმკვლელობის ფაქტზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში
გოდერძი თევზაძე დაიკითხა, თუმცა, მისი დაკავება არ მომხდარა.
ყოფილი პოლიციელი ძიების დაწყებიდან მალევე მიიმალა, რის შემდეგაც
მასზე
ძებნა გამოცხადდა, მოგვიანებით კი ქუთაისის
საქალაქო სასამართლომ თევზაძეს ორთვიანი
წინასწარი პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა.
მასალის გამოყენების პირობები