სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ დაფნარში გარდაცვლილი 22 წლის
დემურ სტურუას ოჯახი სამართლიან გამოძიებას და სამართალდამცველის
დასჯას ითხოვს.
დემურ სტურუამ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.
თვითმკვლელობამდე გარდაცვლილმა წერილი დატოვა, სადაც ფსიქოლოგიურ
ზეწოლაში მისივე უბნის ინსპექტორს გ. თ.- ს ადანაშაულებდა.
როგორც გარდაცვლილის მიერ დატოვებულ წერილშია ნათქვამი, პოლიციელი მას
ინფორმაციის მიწოდებას აიძულებდა იმის თაობაზე, თუ ვინ მოიხმარდა
სოფელში მარიხუანას.
სტურუას ოჯახის წევრების თქმით, სამართალდამცავი ფსიქოლოგიურ ზეწოლას
დაფნარში სხვა ახალგაზრდებზეც ახდენდა.
"დემური გულჩათხრობილი იყო და არაფერი გაუმხელია ჩვენთვის, მაგრამ
ახლა ვგებულობთ, რომ პოლიციელის მხრიდან ახალგაზრდებზე ზეწოლის
ფაქტები არ არის პირველი შემთხვევა. პოლიციელი სხვებზეც ძალადობს, ის
გადაკიდებულია სოფელში მცხოვრებ ბიჭებზე, რომლებსაც ინფორმატორობას
აიძულებს. უცილებელია გამოძიება სამართლიანად წარიმართოს და დაისაჯოს
დამნაშავე," - ამბობენ დემურ სტურუას ოჯახის წევრები.
ისინი იმასაც ვარაუდობენ, რომ ისნპექტორმა დემური გარდაცვლილი ნახა და
ფაქტი დამალა.
"არსებობს თვითმხილველი მეზობელი, რომელიც ამბობს, რომ მან 7 აგვისტოს
გვიან ღამით დემურის სახლთან "პიკაპის" ავტომობილი დაინახა, საიდანაც
ორი ადამიანი გადმოვიდა. მეზობელი ყვება, რომ ერთი სახლის ეზოში
ტერიტორიას ფარნით ათვალიერებდა, მეორე კი ქვემოთ ელოდებოდა. ჩვენი
აზრით, იმ დროს დემური უკვე გარდაცლილი იყო",-ამბობენ გარდაცვილის
ოჯახის წევრები.
მათი თქმით, გარდაცვლილმა ეზოში თავი 7 აგვიტოს, წერილის დაწერიდან
მალევე ჩამოიხრჩო. თუმცა, ექსერტიზამ გარდაცვალების თარიღად 8
აგვისტო, დღის 2 საათი დაასახელა.
"წერილი დაწერილი აქვს 7 აგვისტოს 20:10 წუთზე, ამის შემდეგ
სატელეფონო შეტყობინებას უგზავნის დეიდამისს და აფრთხილებს, რომ მის
მიერ დედისთვის დატოვებული წერილი იმ ადგილზე ინახება, როემლიც მხოლოდ
დედამ იცის. სავარაუდოდ, ამის შემდგე მოიკლა მან თავი",-ამბობს
გარდაცვლილის და ნათია სტურუა.
გარდაცვალების ზუსტი დროის დასადგენად, ოჯახმა გარდაცვლილს მეორე
ექსპერტიზა უკვე ჩაუტარა.
"პირველი ექსპერტიზა თავად იმ პოლიციელის თაოსნობით ჩატარდა, ვინც
ჩემი შვილი თვითმკვლელობამდე მიიყვანა," - ამბობს გარდაცვლილის
დედა.
შსს-ს ინფორმაციით, გ. თ.-მ თანამდებობა საკუთარი სურვილით დატოვა და
საქმე გამოძიებისთვის პროკურატურას გადაეცა, თუმცა ქუთაისის საოლქო
პროკურატურასთან დაკავშირება ამ დრომდე ვერ ხერხდება.
გარდაცვლილ დემურ სტურუას დღეს დაკრძალავენ.
მასალის გამოყენების პირობები