კლუბის გაიჯარება უვადოდ იგეგმება
საფეხბურთო კლუბის გადაბარების პროცედურა საქართველოს ეკონომიკის
სამინისტროში მიმდინარეობს.
კლუბის ადმინისტრაციაში პროცესის დასკვნით ეტაპზე გადასვლას
ადასტურებენ. თუმცა, ვინ აპირებს გუნდზე თანხის დახარჯვას, ამ დრომდე
გასაიდუმლოებული რჩება.
ცნობილია მხოლოდ ის, რომ "ტორპედოს" გაიჯარება უვადოდ იგეგმება.
ინვესტორის ვინაობის ნაცვლად, მის გეგმებზე ღიად საუბრობენ
კლუბში.
"ტორპედოს" წარმომადგენელთა თქმით, ინვესტორი კლუბში გაცილებით დიდ
თანხას ჩადებს, ვიდრე ეს კომპანია "ვისოლმა" გააკეთა. ამასთანავე,
ერთ-ერთი პირველი, რასაც ახალი მმართველები გააკეთებენ, 4 უცხოელი
ფეხბურთელის ჩამოყვანაა.
სოლიდური თანხის დახარჯვას აპირებს ინვესტორი კლუბის
მოთამაშეებისთვის. მათ შორის, ამ დროისთვის ფიქსირებულ ხელფასზე მეტი
უკვე შესთავაზეს "ტორპედოს" ფეხბურთელს თორნიკე კაპანაძეს, რომელმაც
ბოლო დროს განვითარებული მოვლენების შემდეგ კლუბის დატოვება
გადაწყვიტა, თუმცა იგი უკან დააბრუნეს.
"გზიდან მოვაბრუნეთ კაპანაძე. მას უკვე გადაწყვეტილი ჰქონდა ერთ-ერთ
კლუბში გადასვლა", - ამბობს საფეხბურთო კლუბ "ტორპედოს" აღმასრულებელი
დირექტორი, ზურაბ ჩაკვეტაძე. ის ადასტურებს, რომ სანაცვლოდ
კაპანაძეს პირობების გაუმჯობესებას ინვესტორი დაპირდა.
მსგავსი შეთავაზება კიდევ რამდენიმე ფეხბურთელმა მიიღო. კლუბის
ხელმძღვანელობის თქმით, ინვესტორი ყველა მოთამაშეს ინდივიდუალურად
ესაუბრა და გუნდის ძირითადი ნაწილის შენარჩუნება შეძლო.
ფიქსირებულზე გაცილებით მეტი შესთავაზეს "ტორპედოს" უკვე ყოფილ
კაპიტანს გიორგი კუხიანიძესაც, რომელმაც ამის მიუხედვად, გუნდი მაინც
დატოვა და კლუბ "ლოკომოტივში" თან გაიყოლა ფეხბურთელი ირაკლი
კლიმიაშვილი. კუხიანიძემ წასვლის მიზეზად ოჯახთან ერთად დედაქალაქში
გადასვლა დაასახელა.
"ტორპედოსთან" კონტრაქტის გაგრძელებაზე უარი თქვა კიდევ ერთმა
ფეხბურთელმა ლაშა შინდაგორიძემ, რომელიც ამიერიდან ბოლნისის "სიონში"
ითამაშებს.
საკონტრაქტო ვადის ამოწურვის შემდეგ, კლუბთან თანამშრომლობა საბოლოო
ჯამში გუნდის კაპიტანმა და ორმა ფეხბურთელმა გაწყვიტა.
ამ პროცესებს კი წინ, კლუბის პრეზიდენტის,
თემურ ჩეჩელაშვილის პოსტიდან წასვლა უძღოდა.
მან გადადგომის შესახებ განცხადება მას შემდეგ დაწერა, რაც
"ტორპედოსა" და ინვესტორს შორის მოლაპარაკების დასრულების შესახებ
გახდა ცნობილი.
"მოდის ახალი გუნდი და ისინი გადაწყვეტენ, ვინ იქნება პრეზიდენტი. მე
იქ არ გავჩერდები, სადაც გადაწყვეტილებებს თავად ვერ
მივიღებ",-განაცხადა ჩეჩელაშვილმა გადადგომის შემდეგ.
პრეზიდენტისა და სამი ფეხბურთელის მიერ გუნდის დატოვებას, ახალი
ინვესტორის გამოჩენას არ უკავშირებს კლუბის აღმასრულებელი დირექტორი.
ზურაბ ჩაკვეტაძე ამბობს, რომ სეზონის დასრულების შემდეგ სპორტსმენებს
კონტრაქტით გათვალისწინებული ვადა ამოეწურათ და მათმა ნაწილმა
ხელშეკრულება აღარ გააგრძელა. კლუბის პრეზიდენტმა თემურ ჩეჩელაშვილმა
კი ახალ ინვესტორთან მუშაობა არ ისურვა.
ვინ ჩაიბარებს "ტორპედოს" სავარაუდოდ რამდენიმე კვირაში გახდება
ცნობილი. კლუბში ამ დრომდე არ საუბრობენ ინვესტორის სახელთან მერაბ
ჟორდანიას კავშირზე, რომელმაც კლუბის მომავალი
ინვესტორის დახმარების სურვილი, ჯერ კიდევ ერთი თვის
წინ გამოთქვა.
"მზად ვარ, ჩემს მეგობრებს, ვინც "ტორპედოში" ინვესტიციის ჩადებას
გეგმავს, მაქსიმალურად დავეხმარო", - წერდა ჟორდანია სოციალურ
ქსელში.
2013 წლიდან "ტორპედოს" ქუთაისის მერია მას შემდეგ აფინანსებს, რაც
კომპანია "ვისოლმა" კლუბთან ხელშეკრულება გაწყვიტა.
მასალის გამოყენების პირობები