გაზეთის გამოსაცემად ადგილობრივი ბიუჯეტიდან 9 ათასი ლარი
დაიხარჯა
ლურჯი ფონით, ფერადი სურათებით ილუსტრირებული გაზეთის საცხოვრებელ
სახლებთან დარიგება ქუთაისში სამი დღის წინ დაიწყეს.
გაზეთს ქუთაისის მერია ქალაქის მასშტაბით უფასოდ ავრცელებს.
როგორც ადგილობრივ ხელისუფლებაში ამბობენ, ამ გზით ხალხს ანგარიშს
აბარებენ. თუმცა აღნიშნული ფორმით მოქალეებისთვის ანგარიშის ჩაბარებას
თვითმმართველობის მხრიდან ამ დრომდე ადგილი არ ჰქონია.
„ანგარიში ხალხს“ - ამ სახელწოდებას ატარებს გაზეთი, რომელიც მერიამ
25 ათას ეგზემპლარად დაბეჭდა და რომელიც ადგილობრივ ბიუჯეტს 9 ათასი
ლარი დაუჯდა.
გაზეთი 12 გვერდიანია და მასში განთავსებულია მასალები ორი წლის
მანძილზე, ქუთაისის მერიის მიერ განხორციელებული პროექტების
შესახებ.
"ანგარიში გაზეთის სახით დაიბეჭდა, რომლის გავრცელება ფართო
საზოგადოებაში ხდება უფასოდ," - აღნიშნავენ ქუთაისის მერიის
პრესსამსახურში.
ქუთაისის მერიამ გაზეთის გამოსაცემად ტედნერი (SPA 160009802) 25
მარტს, 15 ათას ლარზე გამოაცხადა.
ტენდერში შპს "სამშობლომ" გაიმარჯვა. თუმცა კომპანიას
არაკეთილსინდისიერი ქმედებების მიზეზით დისკვალიფიკაცია მისცეს.
ხელშეკრულება კი ტენდერში, ასევე, მონაწილე კომპანიასთან შპს
"ფავორიტი სტილთან" გაფორმდა.
"ფავორიტი სტილმა" სამუშაოების შესრულებისთვის 9 ათასი ლარი მოითხოვა
და მერიას 25 ათასი ცალი გაზეთი მიაწოდა, რომლის გავრცელებას მერია
ამჟამად ახორციელებს.
პარალელურად, ადგილობრივი ხელისუფლება გაზეთის გამოცემას კვლავ
გეგმავს. ამჯერად გაზრდილი ტირაჟით.
გაზეთის მეორედ დაბეჭვდის მიზნით მერიამ 12 ათასი ლარის ღირებულების
გამარტივებული ტენდერი 22 აპრილს გამოაცხადა, თუმცა - ჩაიშალა.
მორიგი ტენდერი 3 მაისს გამოცხადდა. წინადადებების მიღება მიმდინარე
წლის 11 მაისს მთავრდება.
სატენდერო მოთხოვნების თანახმად, გამარჯვებულმა კომპანიამ მერიას
გაზეთი 33 600 ეგზემპლარად უნდა მიაწოდოს.
"საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" ქუთაისის ორგანიზაციის
ხელმძღვანელის, ზურაბ ზამბახიზეს თქმით, ქუთაისის მუნიციპალიტეტის
მერიის მიერ გაზეთის გამოცემა არ არის მართლსაწინააღმდეგო, ან
კანონშეუსაბამო ქმედება, გამომდინარე იქედან, რომ ჯერჯერობით
წინასაარჩევნო კამპანია ოფიციალურად არ დაწყებულა.
"გაზეთი არ შეიცავს კონკრეტულ პოლიტიკურ სიმბოლიკას ან პოლიტიკურ
მოწოდებებს, რაც სხვა შემთხვევაში შესაძლებელია ყოფილიყო
მნიშვნელოვანი პრობლემა," - ამბობს ზამბახიძე.
სამაგიეროდ, მისივე თქმით, გასარკვევია, თუ რა თანხებს ხარჯავს
ქუთაისის მერია გაზეთის გამოცემაზე.
"აღნიშნულის შესახებ ჩვენმა ორგანიზაციამ უკვე გამოითხოვა ინფორმაცია
მერიიდან, რომლის მიღების შემდეგაც იქნება შესაძლებელი ხარჯვის
მიზანშეწონილობაზე საუბარი," - განმარტავს ზურაბ ზამბახიძე.
„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ქუთაისის ორგანიზაციაში კი
აცხადებენ, რომ მერიის მიერ გამოცემული გაზეთი ჯერ არ უნახავთ, თუმცა
მისი შინაარსის გაცნობას გეგმავენ.
მასალის გამოყენების პირობები