მერიაში
ამბობენ, რომ ორგანიზაციას ბანერის ჩამოხსნისთვის სამ საათიანი ვადა
მიეცა
ქუთაისის მერიამ "ნაციონალური მოძრაობის" ადგილობრივი წარმომადგენლობა
ორგანიზაციის ოფისის შენობაზე ბანერების გაკვრისთვის 1000 ლარით
დააჯარიმა.
შესაბამისი ოქმი "ნაციონალურ მოძრაობას" უკვე ჩაბარდა. ორგანიზაციაში
დაჯარიმების ფაქტს აპროტესტებენ და აცხადებენ, რომ ქალაქის
ხელისუფლების ეს ქმედება შერჩევითი სამართლის მაგალითია.
"ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე, მერიის არქიტექტურისა და
ადმინისტრაციული ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენელმა
ჩაგვაბარა დაჯარიმების ოქმი, სადაც წერია, რომ ჩვენს კუთვნილ აივანზე
ბანერის გაკვრისთვის ვჯარიმდებით 1000 ლარით, მაშინ, როცა რამდენიმე
თვის წინ "ქართულ ოცნების" წარმომადგენლები აღნიშნული შენობის
დაზიანებისა და წითელი საღებავით შეღებვისთვის მხოლოდ 50 ლარით
დააჯარიმეს. მივმართავთ ქუთაისის მერიას წერილით და ვითხოვთ პასუხს,
რომელი ნორმატიული აქტის საფუძველზე მოხდა ჩვენი დაჯარიმება"– ამბობს
"ნაციონალური მოძრაობის" ქუთაისის ორგანიზაციის პოლიტსაბჭოს წევრი
შორენა საღინაძე.
მერიის არქიტექტურის სამსახურში კი ამბობენ, რომ ორგანიზაციის
გაფრთხილება პარასკევ დილით მოხდა და ბანერის ჩამოხსნისთვის მათ სამ
საათიანი ვადა მიეცათ. გაფრთხილების არგათვალისწინების შემდეგ კი
მერიამ შესაბამისი გადაწყვეტილება მიიღო.
"ეს შენობა არის ისტორიული ძეგლი და მასზე ბანერის გაკვრა
კანონით აკრძალულია. ბანერის შინაარსი ორგანიზაციას ჩვენთან უნდა
შეეთანხმებია",–ამბობს მერიის არქიტექტურისა და ადმინისტრაციული
ზედამხედველობის სამსახურის უფროსი ბაქარ ჭეიშვილი.
"ნაციონალური მოძრაობა" ქუთაისის ადგილობრივი ხელისუფლებისთვის კიდევ
ერთი წერილის გაგზავნას აპირებს, სადაც ქუთაისის მერიის შესაბამის
სამასახურს სთავაზობს ახალი ბანერის იმ ესკიზს, რომლის გაკვრასაც
შენობაზე კვლავ აპირებენ. ახალი ბანერიც "გაზპრომის" საწინააღმდეგო
შინაარსის იქნება.
მარიამ პატარაია
მასალის გამოყენების პირობები