საქართველოს მთავრობამ, ქუთაისისთვის, მუნიციპალური ავტობუსები,
შესაძლოა, ევროპის რეკონსტრუქციის ბანკის დახმარებით შეიძინოს.
მთავრობამ ფინანსთა სამინისტროს EBRD- თან
მოლაპარაკებების დაწყება უკვე დაავალა.
შესაბამის განკარგულებას პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ
ხელი მოაწერა.
"საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ დაიწყოს კონსულტაციები ევროპის
რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან (EBRD) ქალაქ ქუთაისის
საჭიროებისთვის ავტობუსების შესაძენად შესაბამისი დაფინანსების
მოზიდვის მიზნით",- ნათქვამია პრემიერ-მინისტრის განკარგულებაში.
ფინანსთა სამინისტროში და მთავრობის ადმინისტრაციაში პროექტის
დეტალებზე არ საუბრობენ.
ფინანსთა სამინისტროში ამბობენ, რომ განკარგულებაში საუბარია მხოლოდ
მუნიციპალური ტრანსპორტის საჭიროებაზე, გადაწყვეტილი კი არაფერია.
"საკითხი ჯერ გადაწყვეტილი არ არის. არ არის საუბარი კონკრეტულ
რიცხვებზე. საუბარია მხოლოდ საჭიროებაზე და იმაზე, რომ დაიწყოს
მოლაპარაკებები",- აცხადებენ სამინისტროში.
მთავრობის ადმინისტრაციაში კი ამბობენ, რომ განკარგულება უკვე
ხელმოწერილია და მოლაპრაკებების წარმოება ფინანსთა სამინისტროს
ევალება.
როდის და რამდენი ავტობუსის შეძენაა დაგეგმილი, ჯერჯერობით დეტალებზე
არც ქუთაისის მერიაში საუბრობენ.
2019 წლიდან ქუთაისში 100 ახალი ავტობუსის შესაძლო შემოყვანასთან
დაკავშირებით, ქუთაისიპოსტი ჯერ კიდევ გასულ წელს წერდა. 2018 წლის
აგვისტოში ამ საკითხზე საკრებულოს ერთ-ერთი ფრაქციის
სხდომაზეც
იმსჯელეს.
მერიის ტრანსპორტის განყოფილების სპეციალისტი, დავით კბილაშვილი მაშინ
ამბობდა, რომ საუბარი იყო 100 ავტობუსზე, რომელთა შესაძენად
დაახლოებით 7 მილიონი ლარია საჭირო. მისი თქმით, ახალმა
ტრანსპორტმა სრულად უნდა ჩაანაცვლოს ქალაქში მოძრავი ავტობუსები,
რომელთა უმრავლესობა ძველია.
რაც შეეხება მიკროავტობუსებს, მერიას ამასთან დაკავშირებით გეგმა
ჯერჯერობით არ აქვს.
ქუთაისში, სატრანსპორტო სფეროში მოქმედი კომპანიების უმრავლესობას
ხელშეკრულების ვადა 2019 წელს უმთავრდება. თუ მერია ქალაქში ახალ
ავტობუსებს შემოიყვანს, ეს ავტომატურად გამოიწვევს კერძო
გადამზიდავებისთვის ხაზებზე გაცემული ნებართვების ჩამორთმევს.
უცნობია როგორ დაარეგულირებს ქუთაისის მერია ურთიერთობას გადამზიდავ
კომპანიებთან, რომლებიც მრავალი წელია სატრანსპორტო ბიზნესში
მონოპოლისტები არიან.
ვითარებას კიდევ უფრო ართულებს ის გარემოება, რომ კომპანიების
უმრავლეობა ფლობს როგორც საავტობუსო, ასევე, მიკროსაავტობუსო ხაზებს.
შესაბამისად, გამოდის, რომ მსხვილ გადამზიდავებს ბიზნესის
ნაწილობრივ დათმობა მოუწევთ.
სატრანსპორტო მონოპოლიამ ქალაქი არაერთხელ ჩააგდო გამოუვალ
მდგომარეობაში. ადგილობრივი ხელისუფლება კი, მხოლოდ იმიტომ, რომ
ალტერნატივა არ არსებობდა, იძულებული იყო დათმობაზე წასულიყო. ასე
მოხდა 2017 წელსაც, როცა საქალაქო ტრანსპორტის მძღოლებმა ქალაქში
სამდღიანი გაფიცვა მოაწყვეს. ხელისუფლება მაშინაც უძლური
აღმოჩნდა და მგზავრობა
10 თეთრით გააძვირა.
როგორ გამოიყურება საქალაქო ტრანსპორტი ქუთაისში,
ნახეთ აქ.
მასალის გამოყენების პირობები