ქუთაისში, თეთრი ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოების შემსრულებელ
კომპანია "ალმა რუსს" ხელშეკრულება უხარისხოდ შესრულებეული
სამუშაოების გამო შეუწყდა.
ქუთაისის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის ხელმძღვანელის, ბექა
ყურაშვილის თქმით, განხორციელებულ სამუშაოებზე მონიტორინგის ჯგუფს
პრეტენზიები აქვს. აღნიშნილის გარდა, მერიამ, კომპანიის მიერ თეთრ
ხიდზე მიტანილი თეთრი ქვებიც აიღო.
"კომპანიისთვის, თეთრი ხიდის სარეაბილიტაციოდ გამოყოფილი 445 000
ლარიდან, სულ გადარიცხული გვქონდა 290 000 ლარი. უხარისხოდ
შესრულებული სამუშაოების გამო, ჩვენ ხუთდღიანი გონივრული ვადა მივეცით
მათ სახელმწიფო ხაზინაში 185 000 ლარის დასაბრუნებლად. აქედან 174 000
ლარი არის პირგასამტეხლო, ხოლო 11 000 ლარამდე კომპანიისთვის
დაკისრებულ ჯარიმებს უწევს. დანარჩენი რაც პრეტენზიები, აქვთ შეუძლიათ
სასამართლოში იჩივლონ", - ამბობს ბექა ყურაშვილი.
მისივე თქმით შესრულებული სამუშაოების ხარისხის გადასამოწმებლად
სამხარაულის ექსპერტიზასაც მიმართავენ.
მერიის მიერ "ალმა რუსისთვის" ხელშეკრულების შეწყვეტას არ ეთანხმებიან
კომპანიაში. "ალმა რუსში" განმარტავენ, რომ ხელშეკრულების შესაძლო
გაწყვეტის შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდათ.
"ჯერ ხომ უნდა გავეფრთხილებინეთ. ადგე და ხელშეკრულება გაწყვიტო, მე
მგონი ასე არ ხდება", – აღნიშნავენ კომპანიაში.
"ალმა რუსში" აცხადებენ, რომ ისინი მერიის წინააღმდეგ სასამართლოში
დავას აპირებენ.
კომპანიაში იმასაც ამბობენ, რომ მათი მხრიდან თეთრ ხიდზე თეთრი ქვების
მიტანის თაობაზე მერიაში ინფორმირებულნი იყვვნენ.
"გვქონდა კომუნიკაცია, რომ ქვები უნდა მიგვეტანა გუშინ (5 დეკემბერს),
მაგრამ ოთხი საათი დაგვაგვიანდა. იმის თქმა, რომ ეს არ იცოდნენ
არასწორია. მაგრამ, თუნდაც არ სცოდნოდათ, რამდენი სარეკონსტრუქციო
მასალა მიგვიტანია, მაგალითად, საღებავი, მერიისგან უნდა აგვეღო
ნებართვა? ასე იყო ქვაზეც. ხიდზე ქვების მიტანა პროექტით გვქონდა
გათვალისწინებული და დავალებულიც. ახლა ვინც ამბობს, რომ ქვა ლამაზი
არ არისო, ვინ მყავს მერიაში სპეციალისტი რომ ეს შეაფასოს? ქვების
მიტანის შემდეგ უნდა მომხდარიყო მისი მონტაჟი, მაგრამ არ დაგვაცადეს",
– აცხადებს "ალმა რუსის" წარმომადგენელი, ზურაბ ყურუა.
თეთრი ქვები თეთრ ხიდზე "ალმა რუსმა" ხუთი დეკემბრის საღამოს მიიტანა.
მერიაში განმარტეს რომ ამის შესახებ ინფორმირებულები არ იყვნენ. რის
გამოც, მერიის ზედამხედველობის სამსახურმა ქვები აიღო.
თეთრი ხიდის რეაბილიტაცია მიმდინარე წლის 1 ივნისიდან დაიწყო.
სამუშაოები 22 აგვისტოს უნდა დასრულებულიყო, თუმცა, კომპანიამ
სამუშაოების გადავადება რამდენჯერმე მოითხოვა.
ხიდი, რომლის რეაბილიტაციის დასრულებასაც ადგილობრივები ხუთი თვე
ელოდნენ, სამ ნოემბერს, საზეიმოდ გაიხსნა.
ხიდზე ფილების ნაწილი დამაგრებული არ არის. რამდენიმე ფილა ფეხის
დაბიჯების დროს მოძრაობს. როგორც ადგილობრივები ამბობენ, ხიდზე
გადაადგილების დროს თავს უსაფრთხოდ არ გრძნობენ.
ქუთაისის მერიამ ხიდის რეაბილიტაციისთვის 445 000 ლარი გამოყო.
სამუშაოები "ალმა რუსმა"შეასრულა, როგორც ტენდერში გამარჯვებულმა
კომპანიამ.
ამავე თემაზე:
როგორი უნდა ყოფილიყო და როგორია თეთრი
ხიდი
განახლებული თეთრი ხიდი ღამით
(ფოტო)
თეთრ ხიდზე თეთრი ქვები მიიტანეს
თეთრი ხიდიდან ქვები
აიღეს
სად წაიღეს თეთრ ხიდზე მიტანილი 13
ქვა
მასალის გამოყენების პირობები