ქუთაისის მერია ასათიანის ქუჩაზე, სადაც ღია ტიპის სანიაღვრე გასულ
წელს მოეწყო, სამუშაოებს ხელახლა ჩაატარებს, რისთვისაც 1 მლ 485 ათას
ლარი უნდა დაიხარჯოს.
ასათიანის ქუჩაზე, სანიაღვრე ქსელისა და საფეხმავლო ბილიკების
მოსაწყობად, ქუთაისის მერიის მიერ გამოცხადებული ტენდერი დღეს, 18
ნოემბერს დასრულდა.
ქუთაისის მერიის ცნობით, გამარჯვებული კომპანია "ჯორჯიან სტოუნია,"
რომელიც დახურული სანიაღვრე ქსელისა და საფეხმავლო ბილიკების
მოსაწყობად 1 მლ 485 ათას ლარს დახარჯავს.
ტენდერი 1 მლ 583 ათას ლარზე იყო გაცხადებული. სამშენებლო სამუშაოების
ვადა 3 თვეა.
"3 თვის განმავლობაში კომპანია კაპიტალურად მოაწყობს აღნიშნულ ქუჩაზე
დახურულ ღვარსადენს, რომელიც ამ დრომდე მწყობრიდანაა გამოსული და
მოსახლეობას დატბორვის საფრთხის წინაშე აყენებს. ტროტუარები კი 6
სმ-იანი დეკორატიული ფილებით მოეწყობა," – აცხადებენ ქუთაისის
მერიაში.
განმეორებითი სამუშაოების საჭიროებას მერია წიან ხელისუფლების დროს
დაშვებული შეცდომებით ხნის. კეთილმოწყობის სამსახურში ამბობენ, რომ
ააიპ "სპეციალურმა სერვისებმა" დახურულის ნაცვლად ღია არხი
მოაწყო.
მაშინ ამ სამუშაოებისთვის 315 000 ლარი ქალაქის ბიუჯეტიდან
დაიხარჯა.
სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, ტროტუარებზე დეკორატიული ფილები
დაიგება და შშმ პირებისთვის ადაპტირდება. ბეტონის ბორდიურებით
შემოიფარგლება ხის ნარგავები.
ქუთაისის მერიის დაკვეთით, ასათიანის ქუჩაზე, რომელიც სამ წელზე მეტია
წყლის სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო გადათხრილია,
სანიაღვრე არხი გასულ წელს მოეწყო. სამუშაოებისთვის მერიის ააიპმა
ადგილობრივი ბიუჯეტიდან 315 000 ლარი დახარჯა, თუმცა, ღვარსადენს არც
კი უფუნქციონირია.სანიაღვრე არხის მოწყობასთან დაკავშირებით დაწყებული
გამოძიება კი ამ დრომდე არ დასრულებულა.
რაც შეეხება გზის საფარს, როგორც მერიაში აცხადებენ, ქუჩაზე ასფალტის
საფარის დაგების ვალდებულება წყლის სამუშაოების შემსრულებელ კომპანია
"ეს ემ კა" -ს აქვს აღებული.
"უხარისხოდ შესრულებული სამუშაოები და გაფლანგული 300 000 ლარი"
–
ნახეთ
აქ
მასალის გამოყენების პირობები