ქუთაისში მიწის ფასი 7-დან 10 ლარამდე გაიზარდა.
ფასის მომატების შესახებ დადგენილება საკრებულომ რიგით მე-5 სხდომაზე
მიიღო.
დოკუმენტის მიხედვით, მიწის ღირებულება ქუთაისის სამივე ზონაში 7%-ით
გაიზარდა.
ფასის ზრდას მხარი საკრებულოს არც ერთმა ოპოზიციონერმა დეპუტატმა
დაუჭირა.
ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატის, გია უკლებას თქმით, ამ
გადაწყვეტილებით ქალაქის ხელისუფლება კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს
საპრივაზიტაციო გეგმის შესრულებას.
"სირცხვილია, როცა მერიამ არგუმენტად მოიტანა რამდენიმე აუქციონის
შედეგები, სადაც მიწა დადგენილ ფასზე უფრო ძვირად გაიყიდა. ეს არის
ძირითადად პატარა ნაკვეთები, რაც ცხადია მყიდველს დიდ სხვაობას არ
აძლევს, მაგრამ რაც უფრო დიდი იქნება მიწა, ფასიც უფრო მეტად
გაიზრდება და ბიზნესმენი მიწას აღარ იყიდის. ეს დააზარალებს როგორც
ბიზნესს, ასევე, ქალაქის ბიუჯეტს. ამ გადაწყვეტილებით, მერიამ კითხვის
ნიშნის ქვეშ დააყენა საპრივატიზაციო გეგმის შესრულება", - განაცხადა
გია უკლებამ.
ქუთაისის მერიის ეკონომიკის სამსახურის უფროსი, გიორგი გიორგობიანი
ამბობს, რომ მერია გეგმის შესრულებაზე პასუხისმგებლობას იღებს.
"მიწაზე მოთოხვნა არის მაღალი. ყოველდღიურად 10-15 განცხადება შემოდის
მიწის ყიდვაზე. ჩვენ გავაკეთეთ დასკვნა მოთხოვნის და აუქციონის
შესაბამისად, სადაც ყველა ზონაში არსებულ ფასზე უფრო ძვირად გაიყიდა
მიწები. ქუთაისის მერია იღებს პასუხიმგებლობას, რომ ახალი ფასებით არ
დაზარალდება ბიზნესი და ბიუჯეტი", - განაცხადა გიორგი
გიორგობიანმა.
ახალი დადგენილებით, ქუთაისის პირველ ზონაში 1 კვ.მ მიწის ფასი 190,
მეორე ზონაში -135, ხოლო მესამე ზონაში 68 ლარი იქნება.
მასალის გამოყენების პირობები