ქუთაისიპოსტზე
გამოქვეყნებული მასალის შემდეგ, სტუდენტების
პირადი ნომრების გამოქვეყნებაზე წერეთლის უნივერსიტეტში საქმის
მოკვლევა დაიწყო. მის შესწავლას
სასწავლებლის დისციპლინარული კომისია ახდენს.
სტუდენტების პერსონალური მონაცემები კი, საინფორმაციო კედლიდან
ჩამოხსნეს.
სასწავლებლის რექტორის, გიორგი ღავთაძის თქმით, პირადი ნომრების
გამოქვეყნების მიზეზები საქმის შესწავლის შემდგე გახდება ცნობილი.
"დისციპლინარული საქმისწარმოების საკითხზე შეხვედრას გავმართავ, რის
შემდეგაც მოხდება მოკვლევა რატომ მოხდა პირადი ნომრების გამოქვეყნება.
როდესაც მოვიკვლევთ საკითხს ამის შემდეგ გადაწყდება ვის, რა სახით
დაეკისრება პასუხიმგებლობა. ვფიქრობ, ამას დიდი დრო არ დასჭირდება", -
ამბობს ჩვენთან საუბარში აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის
რექტორი, გიორგი ღავთაძე.
მისი თქმით, წერეთლის უნივერსიტეტის ადმინისტრაციაში სტატუსშეჩერებული
სტუდენტების პირადი ნომრების გამოქვეყნება, შესაძლოა, გარკვეული
მიზეზების გამო მოხდა.
" ჩემი აზრით, ვინც გამოაქვეყნა იმ პიროვნებამ იფიქრა, რომ ერთ
კურსზე ხშირად არიან სტუდენტები იდენტური სახელებით და გვარებით
და რომ არ არეოდათ სტუდენტებს და სწრაფი რეაგირება მოეხდინათ სწორედ
ამიტომ გამოაკრავდა. თუმცა, საქმის წარმოების პროცესში ჩვენ ყველა
მონაწილეს მოვუსმენთ და მათ არგუმენტებსაც გავიგებთ", -
განმარტავს გიორგი ღავთძე.
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტების პირადი ნომრები
საინფორმაციო
დაფაზე რამდენიმე დღის წინ გამოაკრეს.
გამოქვეყნებულ ინფორმაციაში იმ პირთა მონაცემები იყო
წარმოდგენილი, რომლებსაც სწავლის თანხის გადაუხდელობის გამო სტუდენტის
სტატუსი დროებით შეუჩერდათ. ფაქტზე მოკვლევა პერსონალურ მონაცემთა
დაცვის აპარატმა უკვე დაიწყო.
ამავე თემაზე:
წერეთლის უნივერსიტეტში სტუდენტების პირადი ნომრები
გამოაქვეყნეს
მასალის გამოყენების პირობები