საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის მიერ გაკეთებული
ინფორმაციით, სამინისტროების რაოდენობა 18-დან 14-მდე შემცირდა.
კვირიკაშვილის განცხადებით, ცვლილებების ახალი ტალღა მოსახლეობის
კეთილდღეობის უზრუნველყოფას და ქვეყნის სწრაფ განვითარებას
მოემსახურება.
"დაგეგმილი ცვლილებები მოემსახურება მეტ პროგრესს, კიდევ უფრო მეტად
მოქნილი სახელმწიფო აპარატის ჩამოყალიბებას, რაც ადმინისტრაციული
დანახარჯების მაქსიმალურ შემცირებას შეუწყობს ხელს", – განაცხადა
პრემიერმა.
მთავრობის სტრუქტურა ცვლილებების შედეგად ასეთია:
1. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს უერთდება
ენერგეტიკის სამინისტრო და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების
სამინისტროს ბუნებრივი რესურსების მართვის კომპონენტი. ეკონომიკისა და
მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი იქნება. ის, ასევე,
ინარჩუნებს პირველი ვიცე-პრემიერის სტატუსს და კოორდინაციას გაუწევს
მთავრობის ეკონომიკურ გუნდს.
2. შინაგან საქმეთა სამინისტროში მოქმედი საგანგებო სიტუაციების
მართვის სააგენტოსა და სახელმწიფო უსაფრთხოების და კრიზისების მართვის
საბჭოს შერწყმისა და რეორგანიზაციის შედეგად იქმნება საგანგებო
სიტუაციების მართვის ცენტრი, რომელსაც გიორგი მღებრიშვილი
უხელმძღვანელებს. იგი პირდაპირ პრემიერს დაექვემდებარება. შს
მინისტრის პოსტს დაიკავებს გიორგი გახარია, რომელიც იმავე დროს იქნება
ვიცე-პრემიერი.
3. განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს უერთდება სპორტისა და
ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ახალგაზრდობის საქმეთა მართვის
კომპონენტი. განათლების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი იქნება.
4. კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს უერთდება სპორტისა და
ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს სპორტის კომპონენტი, მინისტრის
თანამდებობას კი მიხეილ გიორგაძე დაიკავებს.
5. გარემოს დაცვის სამინისტროს შეუერთდება სოფლის მეურნეობის
სამინისტრო. ამ უწყებას ლევან დავითაშვილი უხელმძღვანელებს.
6. საგარეო საქმეთა სამინისტროს უერთდება სახელმწიფო მინისტრის
აპარატი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის
საკითხებში და მინისტრის პოსტს ვიცე-პრემიერი მიხეილ ჯანელიძე
დაიკავებს.
პრემიერის განცხადებით, პარლამენტს, ასევე წარედგინება ცვლილება,
რომლის მიხედვითაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს უერთდება
საგარეო დაზვერვის სამსახური.
ცვლილებები მთავრობის სხდომაზე დამტკიცდება, რომელიც შემდეგ
საქართველოს პარლამენტს წარედგინება.
მასალის გამოყენების პირობები