"საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს"
კვლევის მიხედვით, ქუთაისის მერიის შპს
"პარკინგსერვისი" ადგილობრივი ბიუჯეტის წინაშე არსებულ
დავალიანებას ვერ ასრულებს.
კვლევის ავტორთა თქმით, შპს-მ 2016 წელს ქალაქის ბიუჯეტში წლიური
საიჯარო თანხის - 463 415 ლარის ნაცვლად, მხოლოდ 266 762 ლარი
შეიტანა, საიდანაც 166 000 ლარზე მეტი "პარკინგსერვისმა" ჯარიმებით
ამოიღო. შესაბამისად, ქუთაისის მერიის შპს-მ ხელშეკრულებით
დაკისრებული საიჯარო თანხიდან ბიუჯეტს მხოლოდ 100 000 ლარი
გადაუხადა.
არასამთავრობო ორგანიზაციაში მიიჩნევენ, რომ დაკისრებული თანხის
არასრულად გადახდა არის ქუთაისის მერიასთან დადებული ხელშეკრულების
პირობების დარღვევა და საბოლოო ჯამში, ბიუჯეტმა სარგებლის
ნაცვლად ზარალი მიიღო.
"ერთის მხრივ, მერია ცდილობს მოაგვაროს პარკირების პრობლემა ქალაქში,
თუმცა, ცხადია, რომ ეს პრობლემა, განსაკუთრებით ცენტრალურ
ქუჩებში, ისევ არსებობს და ქალაქის ბიუჯეტიც ვერ იღებს
შესაბამის სარგებელს", - ამბობს "საერთაშორისო
გამჭვირვალობა-საქართველოს" იმერეთის რეგიონალური კოორდინატორი, ლელა
მოწონელიძე.
მისივე თქმით, უმჯობესი იქნებოდა ქუთაისის მერიას შპს
"პარკიგსერვისის" დაფუძნების ნაცვლად, ეს ვალდებულება კერძო
კომპანიისთვის მიენდო, რადგან ამ შემთხვევაში უფრო ეფექტურად
მოსთხოვდა მას ვალდებულებების შესრულებას.
"ქუთაისის მერიამ 2015 წელს გამოაცხადა აუქციონი პარკირების
მოსაწესრიგებლად, თუმცა, მაშინ ამის სურვილი არავინ გამოთქვა. ამის
შემდეგ, ქალაქის ხელისუფლებამ დაწია წლიური საიჯარო თანხის
რაოდენობა, მაგრამ, განმეორებითი აუქციონი აღარ გამოაცხადა და
დააფუძნა "პარკინგსერვისი", რაც საბოლოო ჯამში არაეფექტური
აღმოჩნდა",-განაცხადა ლელა მოწონელიძემ.
კვლევის ავტორები ქუთაისის მერიას მოუწოდებენ "პარკინგსერვისს"
ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება მოსთხოვოს.
შპს "პარკინგსერვისში" ქალაქის ბიუჯეტთან მიმართებაში დავალიანების
არსებობას არ უარყოფენ, თუმცა, ამბობენ, რომ შპს დაკისრებულ
თანხას ეტაპობრივად გადაიხდის.
მასალის გამოყენების პირობები