"ნაციონალური მოძრაობის" ქუთაისის ორგანიზაციის წარმომადგენლები საფეხბურთო კლუბ "ტორპედოს" ადმინისტრაციული ხარჯების გაზრდაზე საუბრობენ.
აღნიშნულთან დაკავშირებით "ნაციონალური მოძრაობის" ადგილობრივი ორგანიზაციის წარმომადგენელმა, ამირან ძოწენიძემ ბრიფინგი გამართა.
მისი თქმით, კლუბში 81 ადამიანი მუშაობს, რომელთა ფუნქცია გაურკვეველია.
"სრულიად გაუგებარია ჩემთვის თუ რატო ჰყავს კლუბს 4 მენეჯერი. რას აკეთებენე? ასევე, გაზრდილია ხელფასები. თუკი ადრე მენეჯერს 400 ლარი ქონდა ხელფასი, ახლა 1250 ლარი აქვს. კლუბში ქალაქის მერის ბიძა არის დასაქმებული. მას ხელფასი მურღულიას მერად დანიშვნის შემდეგ მოუმატეს", - განმარტა ძოწენიძემ.
"ნაციონალურ მოძრაობაში" განმარტავენ, რომ კლუბის თანამშრომლებს "ტორპედოსთვის" მიქარავებული ჰყავთ საკუთარი მანქანები, რაზედაც ცალკე თანხას იღებენ.
"ნაციონალების" შენიშვნებზე ქუთაისის მერიაში კომენტარს არ აკეთებენ. კლუბი ამ დრომდე ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება.
მასალის გამოყენების პირობები