არასამთავრობო ორგანიზაცია "ევროპა ჩვენი სახლიას" წარმომადგენელი და ქუთაისის წინა მოწვევის საკრებულოს "ნაციონალური მოძრაობის" წევრი, გია გოქაძე, მერიის საბინაო სამსახურის წინააღმდეგ გამოდის.
გოქაძე აღნიშნული სამსახურის მიერ მოსახლეობის ე.წ. აღწერას აკრიტიკებს და აცხადებს, რომ ეს საარჩევნო მზადებას და მოსახლეობის პოლიტიკური შეხედულებების გარკვევას ემსახურება.
"ეს ემსახურება მოსახლოების პოლიტიკური გემოვნების დადგენას. რადგან, ასეთი აღწერა წინა წელს საქსტატს აქვს გაკეთებული და თუკი რამე აინტერესებს საბინაო სამსახურს, შეუძლიათ მათ მიმართონ", - აცხადებს გია გოქაძე.
ის ასევე, ტერიტორიული მართვის ორგანოების მუშაობასაც აპროტესტებს და ამბობს, რომ თითოეულ მართვის ტერიტორიულ ორგანოში უშიშრობის კადრი ჰყავთ მიმაგრებული.
"ამ სამსახურში ძალიან გაბერილი შტატებია. საქმეს მხოლოდ რამდენიმე ადამიანი აკეთებს. მეზობლები გამარჯობას რომ ეტყვიან ხოლმე ერთმანეთს ისიც კი იციან. ეს იმიტომ სჭირდებათ, რომ ხალხის დამოკიდებულება ერთმანეთის მიმართ გაიგონ", - აღნიშნავს "ევროპა ჩვენი სახლიას" წარმომადგენელი.
გია გოქაძე აღნიშნულის გარდა, მერიის საბინაო სამსახურის უფროსის, ვლადიმერ ნაკაშიძის წინააღმდეგაც გამოდის და აცხადებს, რომ ნაკაშიძე ქალაქის მერის შოთა მურღულიას პიარზე და რეიტინგზე მუშაობს.
"როგორც კი პირდაპირ ეთერში მიიწვევენ მურღულიას ან მერიის რომელმე წარმომადგენელს, ნაკაშიძის დავალებით პირდაპირ ეთერში ხორციელდება ზარები", - აცხადებს გია გოქაძე.
ქუთაისის მერიაშიაცხადებენ, რომ აღნიშნულ ბრალდებაზე კომენტარს მოგვიანებით გააკეთებენ.
მასალის გამოყენების პირობები