ქუთაისის მერიამ ახალი ორგანიზაციის დაფუძნება დაიწყო, რომელიც ქალაქში პარკირებას გაუწევს ორგანიზებას. პარალელურად, კი პარკირების ადგილებზე დაწესებული ფასი შეამცირა.
ქუთაისის ვიცე-მერის კოტე ქავთარაძის განცხადებით, მერიის მიერ დაფუძნებული შპს მიმდინარე წლის სექტემბრის ბოლოსთვის სრულად იქნება ჩამოყალიბებული. ახალი ორგანიზაციის დაფუძნებამდე კი, დღეს გამართულ საკრებულოს სხდომაზე აუქციონზე გატანილი პარკირების ადგილების საწყის ფასის (660 000 ლარი) 450 000-ლარამდე შემცირება დამტკიცდა.
ვიცე-მერის განმარტებით, იმის გამო რომ მერიის მიერ დაფუძნებული ორგანიზაციის ასპროცენტიანი წილის მფლობელი თავად მერია იქნება, საჭირო გახდა აღნიშნული ცვლილების განხორციელება.
მერიის წინადადებას პარკირების საფასურის შემცირების თაობაზე, "ნაციონალური მოძრაობის" წევრების მხრიდან კრიტიკა მოჰყვა.
"რატომ თავიდან არ მოხდა ამ ფორმის მიღება და რა აუცილებლობაა რომ ახლა იცვლება," - განაცხადა უმცირესობის წევრმა, ამირან ძოწენიძემ.
ქალაქის მერის განმარტებით, აღნიშნულის მიზეზი პარკირების სამჯერ ჩავარდნილი აუქციონია.
"რადგან 10%-ის (1.კვ.მ ფართობის ფასი) გადახდა არავის უნდოდა, ამიტომ მივიღეთ გადაწვეტილება, რომ ჩვენს მიერ შექმნილ შპს-ს მივცეთ 7%-ში. თუ იქნება მოთხოვნა ამ 7%-ზე, ერთხელ კიდევ გამოვიტანთ აუქციონზე, თუ არა და ჩვენ მაინც დაწყებული გვაქვს ჩვენი შპს-ს შექმნის პროცედურები," - განაცხადა ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ.
მასალის გამოყენების პირობები