პოლიტიკა
"აქ იყო, არის და იქნება საქართველოს პარლამენტი"- "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" დასკვნითი შეხვედრა ქუთაისში
FaceBook
"არ შეგეშინდეთ ივანიშვილის მუქარის, არ დათმოთ თქვენი პირადობები, თქვენი ხმა, რადგან სწორედ თქვენ გიპყრიათ ხელთ ამ ქვეყნის გადარჩენის გასაღები",- ამის შესახებ „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის’’ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ, ქუთაისში გამართული შეხვედრისას განაცხადა.

ბაგრატის ტაძართან ჩატარებულ დასკვნით წინასაარჩევნო შეკრებაზე ადგილობრივებსა და მხარდამჭერებს სიტყვით "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" ლიდერებმა მიმართეს. 

როგორც კოალიციის თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ განაცხადა, ამ საარჩევნო კამპანიამ გვაჩვენა, რომ ყველაზე მწირი რესურსით, დატყვევებული ლიდერით და ხელისუფლების მხრიდან მძიმე წნეხით, "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა" მაინც არის მთავარი წინააღმდეგობის ფრონტი ივანიშვილის წინააღმდეგ.

"ამ კამპანიაში ჩვენ არ გვივლია აკვარიუმით, არ დაგვიდგამს ძვირადღირებული შოუები, ჩვენ გავმართეთ ხალხმრავალი შეკრებები საქართველოს ქალაქების ცენტრალურ უბნებსა თუ ქუჩებში. დღეს კი, ისტორიულ არჩევნებამდე ორი დღით ადრე, შევიკრიბეთ აქ, ბაგრატის ტაძართან, როგორც ყველაზე დიდი ქრისტიან-დემოკრატიული, ევროპული ოჯახის წევრი პოლიტიკური პარტია, რომელიც პატივს სცემს ჩვენს მრავალსაუკუნოვან ტრადიციებს და სწორედ ჩვენი ისტორიის, ეროვნული იდენტობის დაცვით ისწრაფვის ევროპისკენ. დიახ, არჩევნებამდე ორი დღით ადრე შევიკრიბეთ აქ, ბაგრატის ტაძართან, რომელიც არის საქართველოს ერთიანობის სიმბოლო, იმისთვის რომ კიდევ ერთხელ შევახსენოთ ერთმანეთს: როდესაც ვერთიანდებით, ყოველთვის ვიმარჯვებთ და ასე გავიმარჯვებთ 26 ოქტომბერს",- მიმართა მოსახლეობას თინა ბოკუჩავამ. 

მისივე თქმით, 26 ოქტომბრის არჩევნები არის ბოლო შანსი, ისტორიული არჩევანი დავუბრუნოთ ქვეყანას და დავბრუნდეთ ევროპული განვითარების გზაზე, ასევე ბოლო შანსი იმისა, რომ ვიხსნათ საქართველო საერთაშორისო იზოლაციისგან, სანქციებისგან, სიღატაკისგან, შევინარჩუნოთ უვიზო მიმოსვლა ევროკავშირთან და მოვიპოვოთ მილიარდობით ევრო ევროკავშირისგან ჩვენი ქვეყნის და საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის.

"არ გავფლანგოთ არც ერთი ხმა პარტიებზე, რომელთაც შესაძლოა ვერ გადალახონ საარჩევნო ბარიერი. 12 წლის მანძილზე "ნაციონალურმა მოძრაობამ" აჩვენა, რომ ჩვენ ვართ ყველაზე ძლიერი პოლიტიკური ძალა ივანიშვილის წინააღმდეგ. ამიტომ, 26 ოქტომბრის არჩევნებზე, ჩვენ ძალიან დიდი უპირატესობით, დიდი დამაჯერებლობით უნდა გავიმარჯვოთ ივანიშვილის წინააღმდეგ, რომელიც მტრის წინაშე ბოდიშის მოხდას ითხოვს ქართველებისგან. აქაც, ბაგრატის წინ, ქუთაისიდან, მინდა გავაგონო ივანიშვილს თქვენი ხმა, რომ საქართველო ბოდიშს მტრის წინაშე არ იხდის",- განაცხადა ბოკუჩავამ. 

ბაგრატის ტაძრის ტერიტორიაზე შეკრებილებს სიტყვით მიმართა "ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის" კამპანიის სპიკერმა ლევან სანიკიძემაც. მისი თქმით, სიმბოლურია, რომ კოალიციის ფინალური ღონისძიება ბაგრატის, საქართველოს ერთიანობის სიმბოლოს ეზოში გაიმართა.

"იმიტომ რომ ივანიშვილი თუ რამეს ცდილობს, არის ამ ქვეყნის ისტორიის გადაწერა, ჩვენს მომავალზე უარის თქმა, რასაც არასდროს არ დავუშვებთ. ბევრი შეცდომა გვაქვს გამოსასწორებელი, მათ შორის, ბევრმა დაუშვა შეცდომა 12 წლის წინ, მაგრამ დროა, მონანიება და ბოდიში საქმეში ავსახოთ. 26 ოქრომბერს, ყველანი ერთად უნდა მივიდეთ არჩევნებზე, რადგან ჩვენ გვჯერა, რომ შევქნით ახალ, თანამედროვე ქართულ სახელმწიფოს, სადაც არის ყველა ჩვენგანის ადგილი, სადაც ვიამაყებთ ჩვენი წარსულით, ვიბრძოლებთ აწმყოსთვის და დავიცავთ ამ ქვეყნის თავისუფლებას, დამოუკიდებლობას და ევროპულ მომავალს",- განაცხადა ლევან სანიკიძემ.

მხარდამჭერებს სიტყვით მიმართა "ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა სოფო ჯაფარიძემაც. მან ქუთაისელებს საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვიილის მიმართვა წაუკითხა. 

"აქ იყო, არის და იქნება საქართველოს პარლამენტი. აქ აღვადგინეთ ჩვენ ბაგრატი, აქ დავდე მე გელათში საპრეზიდენტო ფიცი, ჩემი გეგმა, რომელსაც განუხრელად მივყვებოდი. იყო ქუთაისის ქცევა მინიმუმ ნახევარმილიონიან ქალაქად. ივანიშვილმა განიზრახა ქუთაისის მოკვლა და თუ დროზე არ გამოვტაცეთ ძალაუფლება, მას მყარად აქვს გადაწყვეტილი ქუთაისის ჭორვილას უმნიშვნელო დანამატად გადაქცევა.

ჩვენ ძალიან ვამაყობთ იმით, რომ იმ ცხრა წელიწადში, საქართველო გაუბედურებული, წარუმატებელი ქვეყნიდან ნამდვილ კაშკაშა სახელმწიფოდ, მსოფლიოს პირველ რეფორმატორად ვაქციეთ, რომელშიც მასობრივად დაიწყეს ქართველებმა დაბრუნება. ჩვენ მოვსპეთ კორუფცია ყველა სფეროში, მათ შორის განათლების სისტემაში. ავაშენეთ 150 ახალი კლინიკა, პენსიები გავზარდეთ 10-ჯერ, ავაშენეთ ახალი ქალაქები. ჩვენი დიდი პროექტი იყო წყალტუბო, რომლის მშენებლობაც ოლიგარქმა გააჩერა. მოგვატყუა წყალტუბოზე, ელექტრომობილების ქარხანაზე და კიდევ უამრავ სხვა ამბავზე, მაგრამ ჩვენ ყოველთვის ვასრულებთ ჩვენს დანაპირებს. ქუთაისის და საქართველოს ოქროს ხანა სულ მალე დადგება. მიყვარხართ ჩემო ქუთაისელებო",- აღნიშნული იყო მიხეილ სააკაშვილის მიმართვაში, რომელიც ამომრჩევლებთან სოფო ჯაფარიძემ გაახმოვანა.

შეხვედრის ბოლოს "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" ლიდერებმა კიდევ ერთხელ შეახსენეს ამომრჩევლებს, რომ სწორედ მათი კოალიციაა ყველაზე მყარი და საიმედო გარანტი ქვეყნის გამარჯვების და ივანიშვილის  ხელისუფლებიდან მოშორების. 

"26 ოქტომბერს სწორედ 5 ნომერი ამარცხებს "ოცნებას". ასე რომ, გავაფერადოთ 5 და გავიმარჯვოთ სახელოვნად",- მიმართეს მათ მხარდამჭერებს. 

კოალიციაში, „ნაციონალური მოძრაობის“ გარდა, ერთიანდებიან გიორგი ვაშაძის „სტრატეგია აღმაშენებელი“ და „ევროპული საქართველო“.

26 ოქტომბერს, საქართველოში, საპარლამენტო არჩევნები გაიმართება.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
12:49 / 25.10.2024
"ერთიანობა -  ნაციონალური მოძრაობა" ქუთაისში, საარჩევნო უბნებზე, არსებულ ხარვეზებზე საუბრობს.
საპარლამენტო
არჩევნებამდე ორი დღე რჩება, მანამდე კი წარმოგიდგენთ იმ საარჩევნო სუბიეტების სიას, რომელიც,
26 ოქტომბერს, საარჩევნო ბიულეტენში დაგხვდებათ.
12:12 / 24.10.2024
საპარლამენტო არჩევნებამდე ორი დღე რჩება, მანამდე კი წარმოგიდგენთ იმ საარჩევნო სუბიეტების სიას, რომელიც, 26 ოქტომბერს, საარჩევნო ბიულეტენში დაგხვდებათ.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.