ყოველი დღის მიღმა ათასობით მოვლენა და ადამიანი დგას.
წელიწადის თითოეული რიცხვი მრავალ ისტორიას და მოგონებას
უკავშირდება.
გთავაზობთ რუბრიკას "რიცხვები და მოვლენები", სადაც წლის ყოველ დღესა
და რიცხვში წარსულში მომხდარ სხვადასხვა ფაქტს
შეგახსენებთ.
ნაციონალური დღესასწაულებით თუ ვიმსჯელებთ 5 მარტი ჯანსაღი ცხოვრების
წესის დღეა. აზერბაიჯანში 5 მარტს ფიზიკური კულტურისა და სპორტის დღეს
აღნიშნავენ. მისი ფიგურით თუ ვიმსჯელებთ ეს დღე ალბათ მეჰრიბან
ალიევამ დააწესა.
სანამ აზერბაიჯანში ვარჯიშობენ, ირანში ბუნებზე ზრუნავენ. 5 მარტს
ირანში ხეების დარგვის დღეს აღნიშნავენ.
1558 წლის 5 მარტი მნიშვნელოვანი დღე ყოფილა თამბაქოს მომხმარებელთა
და მწარმოებელთათვის. ასევე მათთვის, ვინც მოიფიქრა სიგარეტის კოლოფზე
„თამბაქო კლავს“ წარწერა გაეკეთებინა. ამ დღეს მექსიკაში
გაემგზავრა ექიმი ფრანცისკო ფერნანდესი, რომელმაც ესპანეთის მეფე
ფილიპე მეორეს ბრძანებით იქაური მცენარეები შეისწავლა. მექსიკაშივე
აღმოაჩინა თამბაქო და ევროპაში შემოიტანა.
5 მარტი დიდად არ უნდა უყვარდეთ რუს კლერიკალებს. 1764 წლის 5 მარტს
ეკატერინე მეორემ ეკლესიას მიწები ჩამოართვა.
1774 წელს პარიზის სასახლის სასამართლოს ბრძანებით საჯაროდ დაწვეს
პიერ ბომარშეს ტექსტები . რამდენიმე წლის შემდეგ მათ ჯიბრზე
რევოლუციურ საფრანგეთში დახურეს სორბონას უნივერსიტეტი და ყველა
თეოლოგიური ფაკულტეტი.5 მარტს მოხდა ორივე ეს ამბავი.
1844 წლის 5 მარტს კანადის დედაქალქი კინგსტონიდან მონრეალში
გადაიტანეს. რის შემდეგაც კინგსტონს "მამაქალაქის" სტატუსი
"მიანიჭეს". ასეთი შემთხვევა ბლომად იქნება ისტორიაში. შესაბამისად
„მამაქალაქების“ რიცხვი არც ისე ცოტა ყოფილა ამ პლანეტაზე.
ამასობაში ინგლისში სტეპლერი დააპატენტეს - ასეთი პროზაული და ასეთი
საჭირო ნივთი.
კიდევ უფრო საჭირო შეთანხმებას მიაღწიეს 1970 წლის 5 მარტს. ამ დღეს
მიიღეს შეთანხმება ბირთვული იარაღის გამოუყენებლობის შესახებ.
მნიშვნელოვანი ამბავი მოხდა 2000 წლის 5 მარტსაც.ინგლისელი
მეცნიერების მიერ პირველად და წარმატებულად ჩატარდა ღორების
კლონირების ოპერაცია.
P.S. 5 მარტი მნიშვნელოვანი დღეა ქუთაისიპოსტისთვისაც ამ დღეს თეა
ზიბზიბაძე და ლანა კოკაია დაიბადნენ.
მასალის გამოყენების პირობები