ქუთაისში, 1 001 522 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები, რომელიც შპს „ბიგ სერვისმა“ სახელმწიფოსგან, სიმბოლურ ფასად, 1 ლარად იყიდა,
სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს შეფასებით, 68 მილიონ ლარზე მეტი ღირს- ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ „ინტერპრესნიუსისთვის“ მოწოდებულ ინფორმაციაშია აღნიშნული.
ინფორმაცია, 1 ლარად, ვალდებულებებით, პრივატიზებული ქონების საბაზრო ღირებულების შესახებ , „ინტერპრესნიუსმა“ „სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოდან“ გამოითხოვა.
უწყების ინფორმაციით, მიმდინარე წელს, 25 მაისს, ქუთაისში, ავტომშენებლის ქუჩა N41-ში არსებული 1001522 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები 1 ლარად გადაეცა შპს „ბიგ სერვისი“-ს, სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს შეფასებით, აღნიშნული უძრავი ქონების 1 კვ.მ. ფართის საბაზრო ღირებულება დაყოფამდე, საორიენტაციოდ შეადგენდა 68.13 ლარს. ანუ ჯამურად 1 ლარად გაყიდული მიწის საბაზრო ღირებულება 68 233 693 ლარია.
უძრავი ქონების საპრივატიზაციო პირობების თანახმად, კომპანიამ
ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 24 თვის ვადაში,
ელექტრომობილების მწარმოებელი საწარმო უნდა შექმნას და წარმოება
უზრუნველყოს, რის შემდეგაც კომპანიას ევალება არაუმეტეს 18 თვის
ვადაში, პირადად ან მესამე პირის მეშვეობით, არანაკლებ 5000 ერთეული
ელექტრომობილის წარმოება და არაუმეტეს 1 წლის ვადაში, საწარმოში, 300
ადამიანის დასაქმება, არანაკლებ 18 თვის ვადით.
ცნობისთვის, ქუთაისში ქარხნის გახსნას ჩინური ავტომწარმოებელი
Changan-ი აპირებს, ბაზარზე ქართული წარმოების ელექტრომობილები კი
2020 წლიდან გამოჩნდება.
წყარო: ipn.ge
მასალის გამოყენების პირობები