ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავას თქმით,
ქვეყნის ეკონომიკა იმაზე მეტად შემცირდება, ვიდრე ამის მოლოდინი
იყო.
საკოორდინაციო საბჭოს სხდომის
დასრულების შემდეგ, მინისტრმა განაცხადა, რომ წინასწარი პროგნოზით,
ეკონომიკის შემცირების მაჩვენებელი 6% იქნება, რაც ეპიდემიის
გავლენაა.
"ქვეყნის ეკონომიკა წინასწარი პროგნოზით შემცირდება 6%-ით. ეს
არის მძიმე მაჩვენებელი, თუმცა, ეს არის მსოფლიო ტრენდის
ნაწილი. ჩვენ გვქონდა ძალიან სერიოზული გაჯანსაღება სექტემბერში და
ოქტომბრის დასწყისში, მაგრამ მეორე ტალღის ვითარებამ
საქართველოს ეკონომიკას თავისი დაღი დაასვა და საბოლოოდ, შედეგი არის
იმაზე უფრო მძიმე, ვიდრე ჩვენ ვპროგნოზირებდით და ეს, რა თქმა უნდა,
არის ეპიდემიის ზეგავლენა", - განაცხადა ნათია თურნავამ.
მინისტრმა ასევე ისაუბრა პირველი თებერვლიდან რეგულარული ფრენების
აღდგენასთან დაკავშირებით საქართველოსა და უცხო ქვეყნის
მოქალქეებისთვის დაწესებულ ახალ რეგულაციებზე.
მისი თქმით, საქართველოს მოქალაქეებისთვის, ვისაც საზღვარზე შემოსვლის
დროს ექნება PCR ტესტის ნეგატიური პასუხი, საკუთარი
არჩევანის მიხედვით, გადაინაცვლებენ 8 დღიან თვითიზოლაციაში ან
ქვეყანაში შემოსვლიდან მესამე დღეს საკუთარი ხარჯებით ჩაიტარებენ
PCR ტესტს და ნეგატიური პასუხის შემთხვევაში, თვითიზოლაციიდან
გათავისუფლდებიან.
რაც შეეხება უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, თუ მათ ექნებათ კოვიდ ვაქცინის
დამადასტურებელი დოკუმენტი, თავისუფლად, თვითიზოლაციის გარეშე
შეეძლებათ ქვეყანაში შემოსვლა, ხოლო არავაქცინირებული უცხოელი
ტურისტებისთვის სავალდებულოა ბოლო 72 საათში ჩატარებული
PCR ტესტის ნეგატიური პასუხი, საზღვრის გადაკვეთის მესამე დღეს
კი სავალდებულოა კვლავ ჩაიტარონ PCR ტესტი.
მასალის გამოყენების პირობები