ჯანდაცვის მინისტრობის კანდიდატის
ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით,
კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა საქართველოში 2021 წლის
თებერვალ-მარტში შემოვა. ამის შესახებ მან პარლამენტში კომიტეტების
გაერთიანებულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისი თქმით, საქართველომ კოვაქს პლატფორმასთან თანამშრომლობის
ფარგლებში 16 მლნ ლარი უკვე გადარიცხა.
"სექტემბერში სამინისტროს მიერ კოვაქს პლატფორმასთან გაფორმდა
ორმხრივი ვალდებულების ხელშეკრულება, რომელიც წარმოადგენს საქართველოს
მთავრობის და ვაქცინების გლობალურ ალიანსს შორის შეთანხმებას ახალი
კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შესყიდვაში დახმარების
თაობაზე.
შეთანხმებულია მოსახლეობის 20%-ის ვაქცინაციისთვის საჭირო ოდენობის
მოწოდება მომდევნო წლის თებერვალ-მარტში, რისთვისაც ქვეყანამ უკვე
გადარიცხა 16 მლნ ლარი და შედეგად, მივიღებთ ვაქცინის შერჩევის და
დროულად მიღების უფლებას", - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.
მინისტრობის კანდიდატის თქმით, კოვიდ-ვაქცინის დანერგვის პროცესში
სათანადო კოორდინაციისა და ტექნიკური უზრუნველყოფის მიზნით შექმნილია
უწყებათშორისი კომიტეტი, რომელიც აერთიანებს სამთავრობო სტრუქტურებს,
დონორ ორგანიზაციებს და სახალხო დამცველის წარმომადგენელს.
"კომიტეტი განიხილავს ვაქცინის დანერგვის ყველა ასპექტს და
უზრუნველყოფს ვაქცინაციის შეუფერხებელ განხორციელებას", - განაცხადა
ტიკარაძემ.
მთავრობას უკვე შეკვეთილი აქვს 700 000 დოზა ვაქცინა, რისთვისაც 4
მილიონი ლარი დაიხარჯა.
მასალის გამოყენების პირობები