ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის თენგიზ
ცერცვაძის განცხადებით, საქართველომ, კოვიდ 19-ით ინფიცირებული
პაციენტებისთვის "რემდესივირის" საცდელი პარტია, 4000 ფლაკონი
შეიძინა.
მისი თქმით, მკურნალობის კურსისთვის 6 ფლაკონი მედიკამენტია საჭირო,
რაც იმას ნიშნავს, რომ შეძენილი პარტია მხოლოდ 660 პაციენტისთვის
იქნება საკმარისი.
თენგიზ ცერცვაძე განმარტავს, რომ მედიკამენტი დაენიშნებათ მხოლოდ იმ
პაციენტებს, რომლებიც ჟანგბადდამოკიდებულები არიან.
"შემუშავებული გვაქვს პროტოკოლი, როგორ უნდა დაინიშნოს "რემდესივირი".
ეს ყველას არ დაენიშნება, ეს არის მსოფლიოს მთვარი ინსტიტუციების ბოლო
რეკომენდაციები. "რემდესივირი" უნდა დაენიშნოს იმ პაციენტს, რომელიც
არის ჟანგბადდამოკიდებული და არის ჰოსპიტალში. ანუ მათ სჭირდებათ
ჟანგბადის მიწოდება. იმ პაციენტებს, რომლებსაც ჟანგბადის მიწოდება არ
სჭირდებათ, მსუბუქები ან საშუალოები არიან, მათ "რემდესივირი" არ
დაენიშნებათ. ასევე, ეს მედიკამენტი არ დაენიშნებათ კრიტიკულად მძიმე
პაციენტებს, რომლებიც ინტუბაციაზე არიან, რეანიმაციულ განყოფილებაში
მექანიკურ ვინტილაციაზე. ეს გვაქვს პროტოკოლში კრიტერიუმები. გარდა
ამისა, ჩვენს პროტოკოლში იქნება ჩაწერილი რომ "რემდესივირი" უფრო
ეფექტურია იმ პაციენტებში, რომელთანაც კოვიდის ხანგრძლივობა არ
აღემატება დაწყებიდან 12 დღეს ანუ მე-12 დღემდეა ეფექტური", -
განაცხადა ცერცვაძემ.
მისივე თქმით, პაციენტებისთვის "რემდესივირის" გაცემას სპეციალური
კომისია გადაწყვეტს. კოვიდ19-ით ინფიცირებულებისთვის მედიკამენტი
საქართველოში სავარაუდოდ, დეკემბრის ბოლოს ჩამოვა.
მასალის გამოყენების პირობები