ქუთაისში, შესაძლოა, თქვენი
საყვარელი სალონი დახურული დაგხვდეთ, რადგან სახელმწიფო რეგულაციებს
ზოგ სალონში მარტივად მოერგნენ, ზოგიერთი ჯერ კიდევ ვერ
გახსნეს.
ამ ფონზე, სამთვიანი ჩაკეტილობის შემდეგ ქუთაისში გახსნილ სილამაზის
სალონებში სტილისტები მომხმარებლის ზარებს ვერ აუდიან.
ესთეტიურ პროცედურებზე გაზრდილი
მოთხოვნის პარალელურად, ახალმა სტანდარტებმა ამ სფეროში დასაქმებულთა
ხარჯებიც გაზარადა. შესაბამისად, მოიმატა მომსახურების ფასებმაც. ამ
ფონზე, ხელოსნებს ახალ რეალობასთან, მომხმარებლებს კი ახალ ფასებთან
შეგუება უწევთ.
მაგალითად, თუ თქვენ კარანტინის დაწყებიდან დღემდე თმა ვერ შეიჭერით
და ეს ნანატრი დღე ახლა დადგა, სალონს ძველებურად ,,შერბენით“
ვეღარ ესტუმრებით. ვერც მოსაცდელში მომლოდინეებთან საუბრით გაირთობთ
თავს.
ახალი სტანდარტები მკაცრია: პირველ რიგში, თქვენი რიგი
უნდა დაიკავოთ. შემდეგ ზუსტად განსაზვრულ დროს მიხვიდეთ.
ნიღბით. კართან დეზობარიერი გაიაროთ, ხელები სადეზინფექციო ხსნარით
დაიმუშაოთ და დისტანციის დაცვით მოწესრიგდეთ. ბოლოს, დაუყონებლივ
დატოვოთ სალონი.
თქვენზე უფრო
მეტად შენიღბული იქნებიან ხელოსნები, რომლებსაც ნიღბებთან ერთად,
ფარები და ხელთამანები უკეთიათ.
"ჯერ გრილა, მაგრამ რომ დათბება ალბათ ძალიან გაგვიჭირდება
ნიღბებსა და ხელთთამანებში მუშაობა. მით უფრო ზაფხულში. ის დრო დადგა
როცა სილამაზე მართლაც ითხოვს მსხვერპლს“, – გურანდას
დისკომფორტთან ერთად ფინანსური ზარალიც აწუხებს, რადგან პანდემიურ
პერიოდში სალონში დატოვებული ფრჩხილის ყველა საღებავი გაუფუჭდა.
ამიტომ პედიკურ–მანიკურის სპეციალისტს ხელახლა ხარჯების გაღება
მოუხდა. სამაგიეროდ, კმაყოფილია იმით, რომ სალონი სადაც მუშაობს უკვე
ღიაა და უმუშევრობის პერიოდიც უკან მოიტოვა.
ჯერ ვერ გახსნეს სალონი სადაც ნათიაა დასაქმებული. მიზეზი ის გახლავთ,
რომ სივრცე პატარაა, იქ დასაქმებულ ხუთ სტილისტს შორის სპეციალური
შირმები აქვთ დასამონტაჟებელი.
,,ჯერ ვერც გავიგეთ სად ვიყიდოთ ეს შირმები, ყველა დაბნეული ვართ და
ვაორგანიზებთ გახსნისთვის საჭირო ამბებს. ვყიდულობთ სადეზინფექციო
საშუალებებსაც. არადა, ყველაფერი ძვირია, თან მუდმივად უნდა
გვქონდეს. ვფიქრობთ, დამატებითი ხარჯის გამო, ფასებს ყველა
ტიპის პროცედურაზე 1–5 ლარით
გავაძვირებთ.“
ქუთაისში პატარა სალონი აქვს ლალისაც, რომელმაც დამატებით
სადეზინფექციო და ჰიგიენური საშუალებების შეძენის გამო ასევე გააძვირა
მომსახურება.
,,რა ვქნა მეც მიწევს დამატებით თანხის გაღება, ამიტომ
თმის შეჭრა ხუთი ლარი რომ ღირდა, შვიდი იქნება, შეჭრა –
დავარცხნა ათი ლარი“, – ლალი გვეუბნება, რომ ანალოგიურად
მოუმატებენ ღირებულებას სხვადასხვა პროცედურაზე დანარჩენი
თანამშრომლებიც. ხარჯების მატების გარდა, პრობლემა, რომელსაც ახალ
რეალობასთან ადაპტირებისას გადააწყდნენ ეს ჯანდაცვის სამინისტროს
ვებსაიტზე რეგისტრაციაა.
,,ვცადეთ ონლაინ რეგისტრაციის გავლა, მაგრამ ვერ მოვახერხეთ.
შემდეგ გავიგეთ, რომ როცა გასახსნელად მზად ვიქნებით
შემოწმებაზე მოვლენ და კონსულტაციას გაგვიწევენ
ადგილზე.“
საქართველოს სალონების ფედერაციაში ,,ქუთაისიპოსტს" განუმარტეს, რომ
წესები, რომელიც სალონების მუშაობის განახლებამდე დამტკიცდა
მორგებულია ბიზნესის სასარგებლოდ.
,,ამ ეტაპზე სალონების ძირითადი ნაწილი წარმატებით გაიხსნა. ვინც
ვერა, ეს ალბათ ორგანიზების პრობლემაა და დროის საქმეა, რომელიც
აუცილებლად მოგვარდება. მთავარია ის, რომ ძალიან უხარია ყველას,
რადგან უმუშევრობის ხანა წარსულს ჩაბარდა. იყო გარკვეული პრობლემებიც,
მაგალითად, ყველა სალონისთვის მიუღებელი იყო უკონტაქტო თერმომეტრის
ყიდვა. თუმცა, ჩვენი ფედერაციის ჩართულობით რეგულაციები ისე
ჩამოყალიბდა, უკვე ამის შესრულება არავის გაუჭირდება",–
ამბობს საქართველოს სალონების ფედერაციის ხელმძღვანელი თამუნა
შარაშენიძე. მისივე თქმით, ესთეტიურ პროცედურებზე ფასმა 10–15%
პროცენტით მოიმატა, თუმცა ეს ინდივიდუალი საკითხია, რომელსაც თავად
სალონის მეპატრონეები წყვეტენ.
უსაფრთხოების წესები ახალ რეალობაში გახსნილ სალონებში ჯანდაცვის
შრომის ინსპექტირების სპეციალისტების მიერ შემოწმდება. თუ რომელიმე
სალონში ჯანდაცვის რეკომენდაციები არ იქნება დაცული, პირველ
შემთხვევაში ობიექტს გაფრთხილება მიეცემა, შემდეგ კი 15 ათასი ლარით
დაჯარიმდება.
სავალდებულო პრევენციული წესები
სალონებისთვის
- საქართველოს
ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დამტკიცებულ ძირითად რეკომენდაციებში
აღნიშნულია, რომ რიგებისა და ადამიანთა თავშეყრის თავიდან აცილების
მიზნით, დაწესებულებებმა მომხმარებელთა მიღება წინასწარი დაჯავშნის
სისტემის გამოყენებით იმგვარად უნდა უზრუნველყონ, რომ არ მოხდეს
ობიექტის შიდა სივრცეში მომხმარებელთა მოცდა. ამავე რეკომენდაციების
თანახმად, საერთო სივრცეში 5 კვ.მ-ზე დაშვებული უნდა იყოს მხოლოდ ერთი
მომხმარებელი და ეს ფართი ასევე მოიცავს ერთ მომხმარებელზე ერთ
მომსახურე პერსონალს. ასევე, თითოეულ სამუშაო უბანს შორის დაცული უნდა
იყოს მინიმუმ ორმეტრიანი დისტანცია. ხოლო თუ ეს ვერ ხერხდება,
სივრცეების იზოლაციისთვის შესაძლებელია ისეთი ბარიერების გამოყენება
(მოძრავი კედლები/შირმა და ა.შ.), რომელიც ექვემდებარება
რეცხვა-დეზინფექციას.
- სამუშაოს დაწყებამდე
სალონებმა და ესთეტიკური მედიცინის ცენტრებმა, რომელთაც ჰყავთ 20 და
მეტი დასაქმებული, უნდა განახორციელონ დასაქმებულების/ვიზოტორების
ყოველდღიური თერმოსკრინინგი ობიექტზე შესვლის წინ; ასევე,
შესასვლელებში უნდა განათავსონ დეზობარიერი, შესაბამისი სავალდებული
ნიშნის მითითებით. იმ შემთხევაში, როდესაც პროცედურა ითვალისწინებს
მოცდის პერიოდს, განისაზღვროს კონკრეტული ადგილი მომხმარებლის
განსათავსებლად, რომელიც დაშორებული იქნება არანაკლებ 2 მეტრის
დისტანციით სხვა პირებისგან; ანგარიშსწორებისას უპირატესობა უნდა
მიანიჭონ ბარათით გადახდას.
- გარდა ამისა, რეკომენდაციებში
აღნიშნულია, რომ რიგის თავიდან ასაცილებლად, მომხმარებელი
მომსახურების მისაღებად დათქმულ დროსა და ადგილზე უნდა გამოცხადდეს.
ასევე მას უნდა ჰქონდეს ინდივიდუალური დაცვის საშუალები. სავალდებულოა
ნიღბის გამოყენება; მომსახურების სივრცეში შესვლისთანავე უნდა
ჩაიტაროს ხელის ჰიგიენა, დაიცვას ადმინისტრაციის მიერ განსაზღვრული
წესები და პრევენციული ნორმები.
- იმ შემთხვევაში, როდესაც
სასალონე მომსახურება ითვალისწინებს სახის, ხელის ან/და ფეხის
პროცედურას, ხდება მხოლოდ ჩარევის ზონის შესაბამისი ინდივიდუალური
დაცვის საშუალების მოხსნა (მაგ. სახის პროცედურების დროს მოიხსნას
ნიღაბი). პროცედურის ჩატარების დროს დაცული უნდა იყოს მომხმარებლებს
შორის 2 მეტრიანი დისტანცია, ხოლო მომსახურების გამწევი პირი
აღჭურვილი უნდა იყოს სათანადო ინდივიდუალური დაცვის
საშუალებებით.
- რეკომენდაციების თანახმად,
დამსაქმებლის ვალდებულებებში შედის ჩOVID-19-ის პრევენციული
ღონისძიებების შესახებ განცხადებების განთავსება, ასევე ხელის
ანტისეპტიკური საშუალებების განთავსება დაწესებულებაში. მან ასევე
უნდა უზრუნველყოს დასაქმებულები და ვიზიტორები ხელის დაბანის
გამართული საშუალებებით, ერთჯერადი ხელსახოცებით - ნიღბებით,
სათვალით, დამცავი ტანსაცმლით და სხვ.
- რეკომენდაციების
თანახმად, ადმინისტრაციამ უნდა უზრუნველყოს დასაქმებულები, სამუშაოს
სპეციფიკის გათვალისწინებით შესაბამისი ინდივიდუალური დაცვის
საშუალებებით. იმ პროცედურების წარმოებისას, როდესაც შესაძლებელია
კონტაქტი სისხლთან და ბიოლოგიურ სითხეებთან ერთჯერადი ხელთათმანების
გამოყენება. იმ პროცედურების წარმოებისას, როდესაც შესაძლებელია
სისხლისა და ბიოლოგიური სითხეების გაფრქვევა, დამცავი ტანსაცმელისა და
სათვალის გამოყენება. ნიღბებით ნებისმიერი პროცედურების დროს.
ნიღბების შეცვლა უნდა განხორციელდეს დაბინძურების შესაბამისად, მაგრამ
არაუმეტეს ოთხ საათში ერთხელ. სამუშაო ინსტრუმენტებისა და
აღჭურვილობის დეზინფექცია-სტერილიზაციის გარდა, დამსაქმებელმა ასევე
უნდა უზრუნველყოს სამუშაო სივრცისა და სათავსების ბუნებრივი ან
ხელოვნური ვენტილაცია. ასევე, უზრუნველყოს გამოყენებული თეთრეულის
ცვლისა და რეცხვის მართებული რეჟიმის დაცვა. სამუშაო ადგილებზე
განათავსოს ხშირად შეხებადი ზედაპირების დასამუშავებელი სადეზინფექციო
საშუალებები და უზრუნველყოს მათი სწორად მოხმარების პრაქტიკა
(პერსონალის ინფორმირება/ტრენირება).
- ამასთან,
მომსახურებისთვის ანგარიშსწორების მაგიდა უზრუნველყოფილი უნდა იყოს
გამჭვირვალე ბარიერით, უკიდურეს შემთხვევაში დასაქმებული სხვა
ინდივიდუალური დაცვის საშუალებებთან ერთად უნდა აღიჭურვოს დამცავი
ფარით.
- ყოველი
სამუშაო დღის შემდგომ უნდა მოხდეს სამუშაო სივრცის სველი წესით
დალაგება სადეზინფექციო საშუალებების გამოყენებით. ასევე, აუცილებელია
ნარჩენების დროული გატანა.
,,რა ვქნა მეც მიწევს დამატებით თანხის გაღება, ამიტომ
თმის შეჭრა ხუთი ლარი რომ ღირდა, შვიდი იქნება, შეჭრა– დავარცხნა
ათი“, – ლალი გვეუბნება, რომ ანალოგიურად მოუმატბენ ღირებულება
სხვადასხვა პროცედურაზე დანარჩენი თანამშრომლებიც. ხარჯების მატების
გარდა, პრობლემა, რომელსაც ახალ რეალობასთან ადაპტირებისას
გადააწყტნენ ეს ჯანდაცვის სამინისტროს ვებსაიტზე
რეგისტრაციაა.
,,ვცადეთ ონლაი რეგისტრაციის გავლა, მაგრამ ვერ
მოვახერხეთ. შემდეგ გავიგეთ, რომ შემოწმებაზე რომ მოვლენ ყველაფერში
დაგვეხმარებიან და კონსულტაციას გაგვიწევენ ადგილზე.“
მასალის გამოყენების პირობები