საზოგადოება
საგანგებო მდგომარეობამ მრავალშვილიანი ოჯახი შემოსავლის გარეშე დატოვა
FaceBook

მორღვეული ღობის იქით სარეცხი კიდია, ბევრი ბავშვის ბევრი ტანსაცმელი. ზომა სხვადასხვაა. გეგუთში, მორღვეული ღობის იქით, ძველთაძველ ოდაში ექვსი მცირეწლოვანი ცხოვრობს. ყველაზე პატარა თვენახევრისაა, უფროსი - ათი წლის.

 

ნამიჭეიშვილების დიდ ოჯახში, სადაც სამი თაობა ბინადრობს, დიდი გასაჭირია. მესამე თვეა, რაც თერთმეტსულიანი ოჯახის მარჩენლები პანდემიის გამო დაწესებულმა შეზღუდვებმა უმუშევრად დატოვა. შემოსავლის გარეშე დარჩენილებს თავის გატანა ,,ნისიებითა“ და ნაცნობების დახმარებით უწევთ.


,,მე და მამა მძღოლად ვმუშაობდით კერძო ვაჭართან. კარტოფილი გადმოგვქონდა ახალციხიდან. თითო გზაზე 50 ლარი გვრჩებოდა. ვიდრე ყველაფერი   ჩაიკეტებოდა მხოლოდ ერთი გზა მოვასწარით“


დავით ნამიჭეიშვილის მიერ ბოლო რეისზე გამომუშავებული ორმოცდაათი ლარი რამდენიმე დღის საკმარი იყო. დღეს ოჯახს აღარც კარტოფილის მარაგი შემორჩა, რაც სხვა დროს უხვად ჰქონდა. ნამიჭეიშვილების ერთადერთი შემოსავალი ბებიის პენსია და ორ წლამდე ასაკის ერთ–ერთ მცირეწლოვანზე განსაზღვრული 150 ლარიანი დახმარებაა.  370 ლარი თვიდან-თვემდე ისე უნდა გაანაწილონ, რომ თითოეული მცირეწლოვანის საჭიროება გათვალონ.

დღეს განსაკუთრებით უჭირთ ჩვილისთვის საჭირო ნივთების შეძენა. ექვსი შვილის დედა, ქეთევან ნამიჭეიშვილი ყველაზე მეტად ამაზე წუხს.

,,პატარასთვის საფენები მეზობლებს მოაქვთ, ხოლმე. უფროსების გამოკვებას კი ვახერხებთ რაღაცნაირად. არც ადრე ვქუხდით, მაგრამ კორონას მერე მთლად წავიდა საქმე ხელიდან. არც მარჩენალი საქონელი გვყავს, ვეღარც მწვანილი მოგვყავს, ძალიან, ძალიან გვიჭირს“.

ნამიჭეიშვილების კარ-მიდამოს გაჭირვების კვალი ყველაფერზე ეტყობა. ნახევრად წაქცეული და ჟანგმორეულია ღობე, მძიმე მდგომარეობაშია ოდა-სახლი.

შეკეთებას საჭიროებს სახურავი, სახლის ერთ ნაწილში წვიმის დროს წყალი ჩადის. გასამაგრებელია ფასადი.

შედარებით უკეთეს მდგომარეობაშია ხის სახლზე მიშენებული რამდენიმე ოთახი.  ამიტომ მრავალსულიანი ოჯახი სწორედ იქ ცხოვრობს.



მძიმე სურათია სახლშიც. ოჯახს არც საწოლი ჰყოფნის და არც მისი დასადგმელი ადგილი აქვს. ამიტომ რკინის ძველთაძველი დეტალებით ბავშვებს ორსართულიანი საძინებელი მამამ საკუთარი ხლით აუწყო.

,,მართალია ეს საუკეთესო არ არის, თუმცა ბავშვებს ძალიან მოსწონთ. მაგრამ მე ხომ ვიცი  ჩემს შვილებს რამდენი რამ აკლია“.



უკიდურეს გაჭირვება სახლის ყველა კუთხე-კუნჭულს ეტყობა.

ნამიჭეიშვილების ოჯახი სოციალურ შემწეობას არ იღებს. ისინი არც მრავალშვილიანი ოჯახის სტატუსითა და დახმარებებით სარგებლობენ.

ორ წლამდე ასაკის მცირეწლოვანისთვის გამოყოფილი 150 ლარიანი დახმარება ოჯახის ახლადშეძენილ ჩვილსაც ეკუთვნის, თუმცა კორონავირუსის პანდემიის დროს დაბადებას დამატებითი სირთულეები მოჰყვა. ბავშვი დღემდე დაბადების მოწმობის გარეშეა დარჩენილი.



,,ბავშვის დაბადების მოწმობა ვერ ავიღეთ. იუსტიციის სახლები დაკეტილი იყო. მერე გავიგეთ, რომ თუ დავრეკავდით სახლში მოგვიტანდნენ, მაგრამ ცხელ ხაზზე გინდ დარეკე, გინდ არა, სულ დაკავებაა. ამის გამო, ფაქტობრივად, ორი თვის თანხა დავკარგეთ“.


დავით ნამიჭეიშვილმა მრავალშვილიანი ოჯახის სტატუსით განსაზღვრული დახმარების მისაღებად, წყალტუბოს ადგილობრივ თვითმმართველობას მიმართა. როგორც ამბობს, იქ უთხრეს, რომ  მრავალშვილიანი ოჯახის დახმარების სიაში არ იყვნენ და არც რაიმე ეკუთვნოდათ.


,,ამ პასუხის მერე აღარ ვიცი ვის მივმართოთ და რა გავაკეთოთ“.

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიაში „ქუთაისიპოსტს“ ეუბნებიან, რომ მათთვის უცნობია ვის მიმართა დახმარების თხოვნით დავით ნამიჭეიშვილმა. თუმცა მერიაში იმასაც ამბობენ, რომ ოჯახს პროდუქტების კალათა გადასცეს. მას შემდეგ კი რაც ნამიჭეიშვილებს სოციალურად დაუცველის სტატუსი მიენიჭებათ სხვა პროგრამებითაც დაეხმარებიან.

ნამიჭეიშვილების საკითხის გასარკვევად ,,ქუთაისიპოსტი“ იმერეთის სოციალური მომსამსახურების სამხარეო ცენტრს დაუკავშირდა.


ცენტრის ხელმღვანელი ნინო ჭიღლაძე განმარტავს, რომ ნამიჭეიშვილებს სოციალური შემწეობის მისაღებად მათთვის არ მიუმართავთ, თუმცა ოჯახის მდგომარეობას სოციალური მუშაკი აუცილებლად გამოიკვლევს. შემდეგ სარეიტინგო ქულების მინიჭების მიხედვით, თუ  სოციალურად დაუცველთა სტატუსი მიენიჭებათ, სახელმწიფო დახმარების ყველა არსებულ პაკეტში ჩაერთვებიან. 

ნამიჭეიშვილები ჰყვებიან, რომ სოციალურად დაუცველთა სტატუსის მისაღებად განცხადება ათი წლის წინ დაწერეს. თუმცა მაშინ შეფასების სხვა კრიტერიუმები მოქმედებდა, ამიტომ შემწეობის მიმღებთა ბაზაში ვერ მოხვდნენ. 


,,იმის გამო რომ სახლში ტელევიზორი და ძველი მაცივარი გვედგა მაღალი ქულები დაგვიწერეს, შემდეგ ჩვენც ჩავიქნიეთ ხელი და აღარ გვიცდია თავიდან მოგვეთხოვა დახმარება." 

ოჯახის ორ თვითდასაქმებულ მარჩენალს, უმუშევრად დარჩენის გამო ერთჯერადი 300 ლარიანი დახმარებაც ეკუთვნის. თუმცა ამ თანხის მისაღებად, ნამიჭეიშვილებმა ჯერ შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტი უნდა წარმოადგინონ.

პანდემიამდე ოჯახს თავი საკუთარი შრომით გაჰქონდა და სოციალურად დაუცველის სტატუსის მოთხოვნით სახელმწიფოსთვის არ მიუმართავს. საგანგებო მდგომარეობამ კი გამოსავალი არ დაუტოვა და ახლა მხოლოდ სახელმწიფოს დახმარების იმედად  არიან.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის
სტუდენტს, საბა ჭეიშვილს, საზოგადოების მხარდაჭერა
სჭირდება.
11:32 / 11.10.2024
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტს, საბა ჭეიშვილს, საზოგადოების მხარდაჭერა სჭირდება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.