შიშები, შფოთვა, საკუთარ თავში დაურწმუნებლობა, გარესამყაროსთან,
თანატოლებთან კონტაქტის გაწყვეტა ან ვერ დამყარება - ეს ის ძირითადი
ფსიქოლოგიური პრობლემებია,
რომელთა პროვოცირებასაც აგრესიული და საშინელებათა ჟანრის თამაშები
იწვევს.
ფსიქოლოგ, თეა ფანჩულიძის თქმით, მშობლები მათ ბავშვების ინტერნეტ
თამაშებზე დამოკიდებულების გამო ხშირად მიმართავენ.
განსაკუთრებით კი რვიდან
14 წლამდე მოზარდები.
"არის თამაშები, რომლებიც ბავშვის გონებრივ შესაძლებლობებს
ანვითარებს. მაგრამ არის თამაშები, რომლებიც სახიფათო ხდება. მშობელმა
უნდა გააკონტროლოს რას უყურებს მისი შვილი, რა თამაშებს თამაშობს და
ამას საკმაოდ სერიოზულად მოეკიდოს. ხშირად არის ხოლმე შემთხვევები,
როცა ბავშვი მშვიდად და წყნარადაა, თავისთვის თამაშობს, ოჯახის
წევრებისთვის ეს არის კომფორტული და ამ შემთხვევაში არც კი ხდება
გადამოწმება რა თამაშებით არიან ბავშვები დაკავებულნი", - ამბობს თეა
ფანჩულიძე.
ფსიქოლოგის განმარტებით, პირველი სიმპტომი რასაც მშობელმა ყურადღება
უნდა მიაქციოს, არის ის, რომ როცა მას სთხოვენ რომ თამაში შეწყვიტოს,
ხდება აგრესიული, იწყებს ყვირილს და ვერ წყდება ამ თამაშს.
"მეორე, ბავშვები, რომლებიც გართულნი არიან ამ თამაშებით, შეიძლება
აგრესიულნი არ იყვნენ, მაგრამ შიშებში ან შფოთვაში გამოვლინდეს ეს.
მესამე, კიდევ ეს აყალიბებს გარკვეულ აგრესიულ ქცევებს", - აღნიშნავს
თეა ფანჩულიძე.
მისივე თქმით, პრევენციისთვის მნიშვნელოვანია მოზარდის თავისუფალი
დროს სწორად დაგეგმვა, რომელიც მთლიანად ინტერნეტ სივრცითაა
შევსებული.
სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები მშობლებს ურჩევენ 10 წლამდე
ბავშვებმა კომპიუტერულ თამაშებს დღეში მხოლოდ 15 წუთი დაუთმონ. 10-15
წლამდე მოზარდებისთვის კი დღეში მხოლოდ ნახევარი საათით.
"რატომ ხდება კომპიუტერული თამაშები ასეთი საინტერესო და მომხიბვლელი?
იმიტომ რომ სხვა რაღაცები დღის განმავლობაში ბავშვისთვის არ არის
საინტერესო. არ
არის სპორტში ჩართული, არ თამაშობს თანატოლებთან ეზოში",
- ამბობს თეა ფანჩულიძე.
მასალის გამოყენების პირობები