მულტიმედია
,,სუ'' სიყვარული უზომოდ ჟამიანობის დროს
FaceBook
პანდემიით გამოწვეული უძრაობისგან გადაღლილ ქალაქში, ყურადღებას პატარა შენობა იქცევს, რომელიც ცოტა ხნის წინ შეათეთრეს.

ცენტრალურ ქუჩაზე გადმომდგარ ამ ერთსართულიან ნაგებობაში, აქამდე ჩვეულებრივი თონის პურები ცხვებოდა. ახლა ეს ადგილი ნამდვილად უჩვეულო ფუნქციას იძენს, ერთი ქუთაისელი ,,ჯადოქრის'' ხელში.

56 წლის მამუკა ჭოხონელიძეს ქუთაისში ,,ჯადოქარს" იმიტომ ეძახიან, რომ მას შეუძლია ყველაზე უსარგებლო ნივთს ახალი სიცოცხლე შესძინოს.

სივრცე ,,სუ''


ჯადოქრობა რომ ჯადოსნური ჯოხის გარეშე საკუთარი ხელებითაც შესაძლებელია ამაზე პანდემიისას გამონთავისუფლებულ დროს იფიქრა. შედეგად მეგობრის ძველ თონეში, ძველ ნივთებთან ერთად დაიდო ბინა.

,,დროის განსაკუთრებული მნიშვნელობა პანდემიამ დამანახა. საყოველთაო ლოქდაუნმა კი შესაძლებლობა მომცა, ფანტაზია რეალობად მექცია, ყოფილი თონე კი სანახაობრივ სივრცედ, რისთვისაც საკმარისი იყო მონდომება და მხოლოდ ძველი საგნები", - ამ მიზნით, მამუკამ მეუღლესთან და მეგობართან ერთად, ზუსტად სამთვიანი ლოქდაუნის დროს დაიწყო მუშაობა. სამეულის გეგმა ასეთი იყო - შეექმნა ქალაქისათვის და ვიზიტორებისთვის საინტერესო გარემო.

,,სუს'' შექმნის პროცესი


სამთვიანი მუშაობის შემდეგ, თეთრად შეღებილი შენობის ყველა ოთახი ურნებში გადასაგდებად გამეტებული, მაგრამ ხელმეორედ გაცოცხლებული საგნებით გაივსო.

ხელნაკეთი ნივთები

ხის სკივრი წიგნით

სანათი

ხის ნარჩენებისგან შექმნილი ახალი ნივთები

საკიდი,ტელეფონის საყრდენი


,,დილიდან საღამომდე აქ ვიყავით სამივე, მე ნივთებს ვამზადებდი, დანარჩენები მეხმარებოდნენ. პოლიცია რამდენჯერმე იყო მოსული, თუმცა ყველა წესის დაცვით ვმუშაობდით. პირბადით, დისტანციით. პირბადით მუშაობა საკმაოდ რთული იყო, თუმცა პროცესი იმდენად სასიამოვნო გამოდგა, დისკომფორტს არად ვაგდებდი", - გვიყვება მამუკა, რომლის სახელოსნოში შესვლისთანავე საღებავისა და ხის სასიამოვნო სურნელი გეცემათ.

მთავარი ოთახის ცენტრში ძველი კასრის თავისგან შექმნილი მაგიდა დგას. მაგიდის კუთხეები ასევე ძველი ჩემოდნის დეტალებით გაფორმებული. მარცხნივ, გასული საუკუნის მაწვნის ქილების სათავსოა, მარჯვნივ - მეორადი აგურისგან აშენებული ბუხარი.


სივრცეს, რომელიც მამუკამ საკუთარი ხელით შექმნა ,,სუ" ჰქვია.

მამუკა ჭოხონელიძე


,,სუ" - იმიტომ, რომ აქ მოსულ სტუმარს უნდა დახვდეს სიყვარული უზომოდ. გარდა იმისა, რომ ამ სივრცეში გაიმართება ბევრი საინტერესო პოეზიის საღამო, სხვადასხვა ლიტერატურული ღონისძიება, ყველას ავუხსნით, თუ როგორი ჰარმონიის შექმნა შეიძლება უბრალოდ ნარჩენებით".

მამუკა ჭოხონელიძე ვარაუდობს, რომ ,,სუს'' ოქტომბრის თვეში გახსნის. იქამდე, ჯერ კიდევ ბევრ ნივთს უნდა შესძინოს ახალი სიცოცხლე.

რკინისა და ხისგან შექმნილი სამშვენისები


უსარგებლო ნივთებს ხელმარჯვე ოსტატის ცხოვრებაში სულ განსაკუთრებული ადგილი ეჭირა,ხეს მორებისგან,აგურებისგან, სხვების მიერ გადაყრილი ნივთებისგან თავისი ოჯახისთვის ქმნიდა ნივთებს.

მას შემდეგ, რაც ნარჩენებისგან სამშვენისად, ლარნაკად, საკიდად, ვაზად,ჩარჩოდ,სკამად,სკივრად გადაკეთებული საგნები სხვებმა ნახეს, ძველი ნივთები მამუკასთან უკვე მეგობრებს და მეზობლებს მიაქვთ.

,,ნივთი გამოუყენებელი არასდროსაა, ყოველთვის შეიძლება მას ფუნქცია მისცე. თუნდაც ნახევრი იყოს. ხანდახან მგონია, ძველი ნივთები მეძახიან, დამინახეო", - ღიმილით გვიხსნის მამუკა. 

როცა თერთმეტი წლის იყო,წიგნში ნანახი გემი პატარა ხის ნაფოტებით შექმნა.

გემი


გემს ასანთის ღერებისგან დამზადებული ეკლესია მოჰყვა, ეკლესიას საკიდი, საკიდი - სავარძელი, სავარძელს - სახლი.

ეკლესია


,,შესაძლებლობებს სხვადასხვა ნივთების დამზადებაში ვცდიდი. ბოლოს მასშტაბები გავზარდე და ძველი მასალებისგან სახლიც ავაგე. ეს ის სახლია, სადაც ოჯახით ვცხოვრობ".


მამუკა პროფესიით პედაგოგია. 5 წელია სკოლაში შრომას ასწავლის. პირველ რიგში მოსწავლეებს იმას უხსნის, რომ აუცილებელია სხვისი შრომა დაინახონ და დააფასონ.

ლოქდაუნის შემდეგ, სკოლაში დაბრუნებულმა გადაწყვიტა, მოსწავლეებისთვის მეტი მოეყოლა და ეჩვენებია, რა შეიძლება შექმნან უსარგებლო ნივთებისგან.

,,არ მეგონა, რომ ძველი ნივთებისგან ახლის დამზადება ასე მოეწონებოდათ. სასიამოვნოდ გაოცებული დავრჩი იმდენად კარგად გამოსდით ეს საქმე. ალბათ, ეს უნარი სამომავლოდ გამოადგებათ, რადგან შრომის ფასი ადამიანისთვის არაფერია. მათ უნდა ესმოდეთ, რომ ოცნებების ასახდენად თვითონ უნდა იშრომონ".

ქუთაისელმა ,,ჯადოქარმა" მამუკა ჭოხონელიძემ პანდემიისგან გადაღლილ უძრავ ქალაქში შექმნა სივრცე, სადაც მართლა კარგად ჩანს შრომის ფასი. წარმოიდგინეთ რა შეიძლება მოხდეს თუ მომავალი თაობა შრომის გაკვეთილებზე სწორად ამ უნარს შეიძენს?

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
წყალტუბო შეპირებების „ჰაბია“.
16:21 / 09.10.2024
წყალტუბო შეპირებების „ჰაბია“.

არის საქართველო და არსებობს პარალელური საქართველო, სადაც
საქართველოს მოსახლეობის მეოთხედი ცხოვრობს. პარალელური საქართველო
მთელ მსოფლიოშია გაბნეული, თუმცა მთავარ საქართველოსთან კავშირს არ
წყვეტს.
16:10 / 03.08.2024

არის საქართველო და არსებობს პარალელური საქართველო, სადაც საქართველოს მოსახლეობის მეოთხედი ცხოვრობს. პარალელური საქართველო მთელ მსოფლიოშია გაბნეული, თუმცა მთავარ საქართველოსთან კავშირს არ წყვეტს. "ავთენტური საქართველო" მისი მიზიდულობის ცენტრად რჩება. მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ათწლეულების განმავლობაში არ/ვერ დაადგას მის მიწაზე ფეხი.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.