მულტიმედია
როცა პანდემია ახალი საქმისკენ გიბიძგებს
FaceBook
,,რა უნდა გააკეთო, როცა პანდემია შემოსავალს გართმევს?", - ეს კითხვა ხშირად ისმის ქუთაისში, თუმცა, მასზე პასუხს მთელ ქვეყანაში უმუშევრად დარჩენილი 161 000 ადამიანი ეძებს.

კორონავირუსის გამო, ბევრმა არა მხოლოდ სამსახური დაკარგა, ვინც მისი შენარჩუნება შეძლო,ხელფასი გაუნახევრეს. ასეთი ადამიანების რაოდენობა ჯერ არც ერთ უწყებას დაუთვლია, მათ შორის არც სტატისტიკის ეროვნულ ბიუროს, მაგრამ მსგავსი ისტორია ძალიან ხშირად გვესმის.

უკვე 3 თვეა ხატია თხელიძე დილის 05:00 საათზე იღვიძებს, მანქანას ამზადებს და 10:00-მდე სხვადასხვა მისამართზე მიდის. ცხოვრების ახალი გრაფიკი და ახალი საქმე სამსახურში ხელფასის განახევრების შედეგია. 

,,როცა პანდემიის პერიოდში სამსახურის უმეტესობა გაჩერდა, შემდეგ კი განახევრებული ხელფასი ავიღე, მივხვდი, ჩემი ორი შვილისთვის ეს საკმარისი არ იქნებოდა და რაღაც ახალი უნდა მომეძებნა. თან ისეთი, რომელიც სტაბილურ შემოსავალს მომიტანდა და ძირითად საქმიანობაში ხელს არ შემიშლიდა იმ დროისთვის, როცა ყველაფერი დალაგდებოდა'', - ამბობს ხატია.

ხატია თხელიძე 


ახალ საქმეში ძველი ვერცხლისფერი ,,პრიუსი'' ჩააყენა, ტაქსის ნიშანი მიამაგრა, გრაფიკი და ტარიფები შეადგინა. სოციალურ ქსელში პოსტი დაწერა, რომ ახალ საქმეს იწყებს და თავი დაარწმუნა, ადმინისტრატორობასთან ერთად, მძღოლობასაც შეძლებდა.



,,თავიდან გოგონების ჯგუფში დავწერე, ყველა პოზიტიურად შეხვდა ამ ამბავს, აზიარებდნენ ჩემს პოსტს, ქუთაისში გოგო ტაქსისტი გვყავს, დაურეკეთო, ერთგვარი სოლიდარობა გამოიჩინეს და ჩემდა გასაოცრად საქმეც საათივით მოიქოქა".

დილის 10 საათზე მძღოლი ხატია მანქანიდან ოფისში ინაცვლებს და სამედიცინო ლოჯისტიკის მონიტორინგის საქმეში ერთვება.

,,ასე გამოვიდა, რომ ორი განსხვავებული პროფესია მაქვს. გათენებამდე მძღოლი ვარ, ხოლო დღის პირველი ნახევრიდან ექვს საათამდე ადმინისტრატორი, შემდეგ ისევ მძღოლი. დღის ბოლოს დედა, დიასახლისი. ვმუშაობ შაბათ–კვირასაც. ფაქტობრივად, სრული დატვირთვით. დაღლას მხოლოდ მაშინ ვგრძნობ, როცა დავხედავ და კომენდანტის საათია".

ხატიას ახალ საქმეში ძალიან ეხმარება ეკონომიური (ჰიბრიდული) მანქანა, რის ხარჯზეც მგზავრობის დაბალ ტარიფს ინარჩუნებს. ასე, ყოველდღიური შემოსავალიც საკმარისად რჩება და მგზავრებიც კმაყოფილი ჰყავს.

,,ჩემი მომხმარებელთა უმეტესობაც ქალია. მე და ჩემი ქალბატონი მგზავრები გზაში ათას რამეზე ვსაუბრობთ: ოჯახზე, პოლიტიკაზე, გადასახადებზე, პანდემიაზე... ეს ისეთი სახალისოა და საინტერესოა, რომ დაღლა გავიწყდება. თანაც, რაღაცნაირად მომწონს ის ფაქტი, ერთადერთი ტაქსისტი ქალი რომ ვარ ამ ქალაქში".

ხატია საკუთარი გადაწყვეტილებით ბედნიერია, რადგან პრობლემა შესაძლებლობად აქცია, პანდემიის პირობებში ოჯახიც გადაარჩინა.

პანდემიის გამო საქმიანობის შეცვლა ორჯერ მოუხდა ქუთაისელ გიდს და ტურისტული კომპანია ,,Budget Georgia" - ს მეპატრონეს, გიგა ფაღავას.

თავდაპირველად, გიგამ ლოქდაუნის პერიოდშისახლში ჯდომას, სახლით მოგზაურობა არჩია და ბორბლებზე შემოდგმული სასტუმრო მოაწყო. 

ტურიზმის ამუშავების მოლოდინში გიგამ კემპერით მეგობართან ერთად საქართველოს სხვადასხვა ქალაქი მოინახულა. მათ შორის საირმე, რაჭა და აჭარა.




ფოტო : ლადო აშოთია

გიგას"კემპერი", ტურისტული სეზონის გახსნისთანავე ვიზიტორებზე უნდა გაექირავებინა. თუმცა პანდემიურმა შეზღუდვებმა ახალგაზრდა ბიზნესმენის გეგმები ჩაშალა.

გიგა იძულებული გახდა, მეორედ ეპოვა გამოსავალი. ბევრი ფიქრის შემდეგ, ამანათების გადამზიდი კომპანია შექმნა, გიდები - ოპერატორებად, მძღოლები - კურიერად, ტურისტებისთვის განკუთვნილი კემპერი - ამანათების გადამზიდ მანქანად გადააკეთა და ახალი საქმე ,,გიგას დელივერი" ააწყო.

,,დასაწყისში სოციალურ ქსელში დავრეგისტრირდით, შევქმენით აპლიკაცია, ვისაც ამანათების გაგზავნა სჭირდებოდა, ფორმას შეავსებდა. ამ ნაბიჯით უფრო ბევრმა გაიგო ჩვენზე და მეტი მომხმარებელი მივიზიდეთ, ამის მერე თანდათან გავიზარდეთ. კომენდანტის საათი ძალიან გვიშლის ხელს, რომ არა გადაადგილების შეზღუდვა, ალბათ, უფრო მეტ ქალაქს მოვიცავდით და ღამის საათებშიც ვიმუშავებდით, ამით კომპანიის მოგებაც გაიზრდებოდა და უფრო მეტ ადამიანს დავასაქმებდით''.

,,გიგას დელივერი" ჯერჯერობით ოც ქალაქს და მასთან მდებარე სოფლებს მოიცავს. სამომავლოდ, კომპანია კახეთის რეგიონის მთლიანად ათვისებას, შემდეგ კი მთელი ქვეყნის მასშტაბით მუშაობას გეგმავს. ხატიასა და გიგას წარმატებული ისტორიების პარალელურად, ქუთაისში,პანდემიის გამო უმუშევრად დარჩენილი ასობით მოქალაქეა, ვინც გამოსავალი ჯერ ვერ იპოვა.


ნინი კაპანაძე პანდემიამდე ქუთაისის ერთ–ერთ რესტორანში მუშაობდა.კორონავირუსის გამო დროებით გაჩერებული ობიექტის მფლობელმა თანამშრომლები შეამცირა, მათ შორის და ნინიც.

,,წელიწადზე მეტია უმუშევარი ვარ, უმეტესად სახლში ვზივარ. ვეცადე სხვა რესტორნებში დამეწყო სამსახური, მაგრამ არავის უნდა ახალი თანამშრომელი. საბოლოოდ, გერმანიაში წასვლას ვაპირებ, სხვა გზა არ მაქვს და ამიტომ, დროებითი დასაქმების პორტალზე დავრეგისტრირდი. სამი თვე აქ უმუშევარი უნდა ვიყო, გერმანიაში კი სტაბილური შემოსავალი მექნება", –  ამბობს ნინი.

2020 წლის მაისიდან 2021 წლის აპრილის ჩათვლით, საქართველოში უმუშევრად დარჩენილებისთვის სახელმწიფომ, კომპენსაციის სახით, 200 ლარიანი დახმარება გასცა.

დასაქმების სააგენტოს ინფორმაციით, ამისათვის ბიუჯეტიდან 106 288 400 ლარი დაიხარჯა და დახმარება 161 ათასზე მეტმა ბენეფიციარმა მიიღო. 200-ლარიანი კომპენსაცია ექვსი თვის განმავლობაში იმ ადამიანებზე გაიცა, რომლებიც 2020 წლის პირველი სამი თვიდან ერთი თვე მაინც ანაზღაურებად სამსახურში იყვნენ დასაქმებულები და ხელფასი საგანგებო მდგომარეობის პერიოდში შეუწყდათ. კომპენსაციის გარდა, უმუშევართა დახმარების სხვა პროგრამა სახელმწიფოს არ წარმოუდგენია.

ხატია და გიგა სახელმწიფოს არ დაელოდნენ, გამოსავალი თავად იპოვეს, თუმცა, უმეტესობას, ნინისავით, არც არაფერი აქვს გადასაკეთებელი და ვერც რაიმე ვაკანსიას პოულობს. შესაბამისად, უცხოეთში დასაქმება ერთადერთ გამოსავლად მიაჩნია, რაც ასევე არ არის გარანტირებული. ამიტომაც, ვიდრე ხელისუფლება უმუშევრობას საპასუხო გეგმას შეაგებებს, ისევ საკუთარი თავის დარწმუნებასა და ახალი გზის პოვნაშია გამოსავალი.



Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
წყალტუბო შეპირებების „ჰაბია“.
16:21 / 09.10.2024
წყალტუბო შეპირებების „ჰაბია“.

არის საქართველო და არსებობს პარალელური საქართველო, სადაც
საქართველოს მოსახლეობის მეოთხედი ცხოვრობს. პარალელური საქართველო
მთელ მსოფლიოშია გაბნეული, თუმცა მთავარ საქართველოსთან კავშირს არ
წყვეტს.
16:10 / 03.08.2024

არის საქართველო და არსებობს პარალელური საქართველო, სადაც საქართველოს მოსახლეობის მეოთხედი ცხოვრობს. პარალელური საქართველო მთელ მსოფლიოშია გაბნეული, თუმცა მთავარ საქართველოსთან კავშირს არ წყვეტს. "ავთენტური საქართველო" მისი მიზიდულობის ცენტრად რჩება. მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ათწლეულების განმავლობაში არ/ვერ დაადგას მის მიწაზე ფეხი.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.