მულტიმედია
“კომენდანტის საათით“ წართმეული თავისუფლება და შევსებული ბიუჯეტი
FaceBook
საქართველოში ორჯერ ამოქმედებული ე.წ. კომენდანტის საათის 204 დღიდან "უსაშვო" მოქალაქეებმა თავისუფლების 1685 საათი დაკარგეს.


წართმეულ დროსა და გადაადგილების უფლების შეზღუდვას ისიც ემატება, რომ "კომენდანტის საათი" თანდათან ხდება ბიუჯეტის შევსების სოლიდური წყარო, რომლის მიღმაც ყოველდღე უფრო მეტი დაჯარიმებული და გაღარიბებული მოქალაქის ისტორიაა.

ზურგჩანთიანი კურიერი მოპედით შეკვეთილი საჭმლის მისატანად მიიჩქაროდა, როცა კომენდანტის საათმა მოუსწრო და პოლიციელმა 2000 ლარით დააჯარიმა. ჯარიმის გადასახდელად მან ისევ შეზღუდვების პირობებში უნდა იმუშაოს და ასე დააგროვოს საჭირო თანხა. ვიდრე ამ ისტორიის შედეგს გიამბობთ, დავთვალოთ, რა ფასი აქვს აკრძალულ თავისუფლებას საქართველოში.

9 საათის შემდეგ გარეთ გასვლის საფასური პენსიონერისთვის რვა თვის პენსია გამოდის. იმ ადამიანებისთვის კი რომელთა ანაზღაურება 300 ლარიდან იწყება, ნახევარი წელი. მათ არც უნდა ჭამონ, არც კომუნალურები იხადონ, მხოლოდ ჯარიმის გადასახდელად უნდა იმუშაონ.

საქართველოში ხუთი თვეა ადამიანებს საღამოს 9 საათის შემდეგ ქუჩაში გასვლა ეკრძალებათ.

ე.წ. კომენდანტის საათის მოქმედების პირობებში, ჯამში რამდენი ადამიანი დაჯარიმდა და რამდენი შეადგინა  ჯარიმების რაოდენობამ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ შესაბამისი სტატისტიკა არ მოგვაწოდა. უწყებამ წერილობით პასუხში განმარტა, რომ ასეთი ინფორმაციის დამუშავება არსებული მეთოდოლოგიის ფარგლებში არ ხდება.

"თქვენი წერილის პასუხად გაცნობებთ, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკურ დეპარტამენტში საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მუხლებით გამოვლენილი სამართალდარღვევების სტატისტიკური მონაცემების დამუშავება ხორციელდება ყოველი საანგარიშო თვის დასრულების შემდგომ (მაგ.: წინასწარი მონაცემები დაითვლება საანგარიშო პერიოდის მომდევნო თვეში). შესაბამისად, განცხადებაში მითითებული პერიოდის (კერძოდ, 2020 წლის 31 მარტსა და 28 ნოემბერს) ინფორმაციის ძიება და სტატისტიკური ანგარიშგება, მონაცემთა შეგროვების არსებული მეთოდოლოგიის ფარგლებში არ ხორციელდება", - ნათქვამია პასუხში.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ ვებ-გვერდზე კომენდანტის საათის დროს დაჯარიმებულთა შესახებ ინფორმაცია პერიოდულად ქვეყნდება, რომლის მიხედვითაც ზოგადი სურათის შექმნა შესაძლებელია.

რეგულაციების დარღვევის ფაქტების შესახებ, შსს-ს  22 თებერვლიდან 5 აპრილის ჩათვლით სტატისტიკის გასაჯაროება შეწყვეტილი ჰქონდა. 6 აპრილიდან ინფორმაციის საიტზე განთავსება განახლდა. ამიტომ, ე.წ. კომენდანტის საათის დარღვევისთვის დაჯარიმებულებისა და გამოწერილი ჯარიმების რაოდენობა ამ პერიოდიდან გამოქვეყნებულ ყოველდღიურ სტატისტიკაზე დაყრდნობით დავაჯამეთ.

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42(10)-ე მუხლის შესაბამისად, რაც იზოლაციის ან კარანტინის წესის დარღვევას გულისხმობს, მიმდინარე თვეში, ბოლო 23 დღეში, 2897 ადამიანი დააჯარიმეს. გამოწერილი ჯარიმების რაოდენობამ 5 794 000 ლარი შეადგინა.

მხოლოდ ბოლო ერთ კვირაში კი პოლიციამ 1 530 000 ლარის ჯარიმა გამოწერა.

თუ ყოველ კვირაში სახელმწიფო გადაადგილების შეზღუდვით მოქალაქეებისგან საშუალოდ ორ მილიონამდე ლარს იღებს, გამოდის, რომ ჯარიმები მთავრობისთვის შევსებული ბიუჯეტია, მოქალაქეებისთვის კი კიდევ უფრო გაღარიბებული ყოველდღიურობა.

საქსტატის მონაცემებით, ქვეყანაში საშუალო ხელფასი 1227 ლარია. ეკონომისტი ლევან ოყრეშიძე ამბობს, რომ ამ მეთოდოლოგიით დათვლა რიცხვებსა და რეალობას შორის განსხვავებას ქმნის. თუ ხელისუფლება ანაზღაურებას კონკრეტული ჯგუფების მიხედვით გამოთვლის, მაშინ საშუალო ხელფასი გაცილებით დაბალი გამოვა. ამ შემთხვევაში, რეგულაციების დარღვევისთვის განსაზღვრულ ჯარიმასთან ის კიდევ უფრო შეუსაბამო იქნება.

"ვიღაცას ხელფასი შეიძლება ჰქონდეს 10 000 ლარი და ვიღაცას 100. ამ მონაცემებით საშუალო ხელფასს თუ გამოვითვლით, ბუნებრივია დიდი თანხა გამოვა, მაგრამ თუ მაგალითად, დათვლა მოხდება ისე, რომ დაიყოს კონკრეტული სოციალური ჯგუფები და პირობითად, თითოეულ ჯგუფში გამოითვალოს 50 ადამიანის საშუალო ხელფასი, ყველაზე მეტად გავრცელებული ხელფასი უკვე გაცილებით დაბალი იქნება. ასე უფრო გამოჩნდებოდა რეალური სურათი. რა თქმა უნდა, რაც უფრო მაღალი იქნება ჯარიმა, უფრო რთული იქნება რეგულაციის დარღვევა, მაგრამ, ამ ლოგიკით ხელისუფლებას შეუძლია 10 000 ლარიანი ჯარიმა დააწესოს. ცალკე საკითხია, რამდენად საჭიროა კომენდანტი იყოს 9 საათზე და აქვს თუ არა ამას აზრი მაშინ, როცა სხვა რეგულაციები მოხსნილია. რამდენად ზღუდავს ეს კოვიდის გავრცელებას, ვერავინ დაადასტურა", - ამბობს ალეკო ოყრეშიძე.

ქვეყანაში, სადაც საარსებო მინიმუმი 197 ლარით განისაზღვრება, 2000 ლარიანი ჯარიმა რომ ადამიანებისთვის მძიმე ტვირთია, გასაჩივრებული ჯარიმების ოქმებიც ადასტურებს. მოქალაქეები სულ უფრო ხშირად მიმართავენ არასამთავობო ორგანიზაციებს სამართლებრივ დავაში დახმარებისთვის.

"ადამიანებს მხოლოდ იმიტომ უნდათ გასაჩივრება, რომ აქვთ მძიმე ფინანსური მდგომარეობა და ფიზიკურად არ შეუძლიათ ამის გადახდა. იყო პრობლემა, რომ პიროვნებას ჰქონდა საშვი და მანქანას  (ვინც მანქანაში იმყოფებოდა, რედ.) არა. ასევე, იყო შემთხვევები, როცა მოქალაქეები ასახელებდნენ, რომ გადაუდებელი აუცილებლობის გამო უწევდათ გარეთ ყოფნა, მაგრამ ვერ მიიღეს დროებითი საშვი. სულ ცოტა ხნის წინ დააჯარიმეს ერთ-ერთი კომპანიის კურიერი, იმის მიუხედავად, რომ პოლიცია ხედავდა, რომ გადაადგილდებოდა მოპედით და საჭმლის შეკვეთა მიჰქონდა. ეს საჩივარიც ჩვენთან დაიწერა და უკვე გაუქმდა ჯარიმა. თუმცა, ძირითადი ტენდენცია მაინც არის არდაკმაყოფილების. ჩვენი რამდენიმე საჩივარი ახლაც განხილვაშია და კიდევ უფრო ხშირად მოგვმართავენ ადამიანები დახმარების თხოვნით", - ამბობს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურიდიული დახმარების ცენტრის ხელმძღვანელი შორენა ლოლაძე.

"კომენდანტის საათმა" თითქმის გაანახევრა მომსახურების სფეროში დასაქმებულთა ანაზღაურებაც. შემცირებული სამუშაო საათების გამო, თავის მხრივ, დამსაქმებლიც ნაკლებ შემოსავალს იღებს და მძიმე ფინანსურ მდგომარეობაშია.

ლუდის ბარ "აგერარის" მიმტანი, ანდრია წყაროზია პანდემიამდე 13-საათიანი გრაფიკით მუშაობდა. ახლა მისი სამუშაო 8 საათზე მთავრდება. შემცირებული საათები მისთვის შემცირებულ ხელფასს ნიშნავს.

"6-ის შემდეგ იწყებდა ხალხი მოლხენას, 12 საათამდე ვმუშაობდით. ახლა 8 საათზე ვიკეტებით, რომ ანგარიშის გასწორება, ჩაცმა და სახლში მისვლა მოვასწროთ. შესაბამისად, მოგვაკლდა ხელფასიც, რადგან თუ შემოსავალი არ არის, ბუნებრივია, დამსაქმებელიც ვერ გადაიხდის. შაბათ-კვირასაც რომ დასვენებაა და გატანის სერვისზე ვართ, ამანაც ძალიან დაგვხია უკან. მანამდე თუ, მაგალითად, ჩაის ფულს გვიტოვებდა სტუმარი, შაბათ-კვირას ესეც აღარაა. რთულ მდგომარეობაში ვართ და არ ვიცით რა იქნება".

კომენდანტის საათის გამო შეუმცირდა ხელფასი კონსულტანტ თეონა მამარდაშვილსაც.

"იმის გამო, რომ მაღაზია ცდილობს გვიანობამდე იმუშაოს, რომ მეტი შემოსავალი ჰქონდეს, არჩევს ისეთ თანამშრომლებს, რომლებიც ახლოს ცხოვრობენ. რვა საათზე უკვე უნდა დაკეტოს მაღაზია, რომ ყველამ მოასწროს სახლში მისვლა. ამის გამო, თანამშრომლების ნაწილს სამსახურზე უარის თქმა მოუწია. თუ მანამდე 20 ლარს მიხდიდნენ დღეში, ახლა 15 ლარს მაძლევენ. უმუშევრობას მაინც ეს ჯობია", - ამბობს თეონა მამარდაშვილი.

ფინანსურთან ერთად, "კომენდანტის საათი" პოლიტიკური ინსტრუმენტიც გახდა. ვირუსთან ბრძოლის მოტივით, ხუთი თვის წინ დაწესებული გადაადგილების აკრძალვა, სახელმწიფომ არაერთხელ გამოიყენა მანიფესტაციების მონაწილეების წინააღმდეგ.

"საიას"ადამიანის უფლებების პროგრამების დირექტორი, მერაბ ქართველიშვილი ამბობს, რომ ხელისუფლებამ "საზოგადოებრივი ჯანდაცვის შესახებ კანონში" შეტანილი ცვლილება, რეპრესიების წყაროდ აქცია.

"ხელისუფლება ამბობს, რომ ეს არ არის კომენდანტის საათი, თუმცა, ფაქტობრივად ასეა. მათ მოიფიქრეს ასეთი რამ, კანონში შეიტანეს ჩანაწერები, რომლითაც სახელმწიფოს მიეცა ფართო დისკრეცია, რომ შეზღუდოს კონსტიტუციური უფლებები, ისე, რომ არ მოხდეს ამაზე მაღალი ლეგიტიმაციის განხილვა, მაგალითად, როგორიცაა პარლამენტის გადაწყვეტილება. ჩვენ ვხედავთ, რომ მისი გამოყენება ხდება პოლიტიკური მიზანშეწონილობიდან გამომდინარე კომპლექსურად. მაგალითად, რაც მოხდა გუმათთან, როცა ადამიანები ცდილობდნენ ხეობაში შესვლას. ჯერ არ გადაუშვეს და კომენდანტის საათის დაწყების შემდეგ, 12 ადამიანი დააჯარიმეს. ეს არის რეპრესული მეთოდების გამოყენება. შეკრება-მანიფესტაცია იმ ცვლილებებითაც კი დაშვებულია, რომელიც ჩვენთვის პრობლემურია და ადამიანებს აქვთ შეკრების უფლება, თუნდაც, ეს იყოს კომენდნატის საათის დროს. აი, ასეთ მეთოდებს ირჩევს სახელმწიფო", - ამბობს მერაბ ქართველიშვილი.

თავისუფლების წართმეული საათები

შინაგან საქმეთა სამინისტრო, ყოველდღიურად, კოვიდ19-ის გამო დაწესებული შეზღუდვების დარღვევისთვის ათასობით პირს აჯარიმებს. ეს ეხება როგორც პირბადის ტარების წესის დამრღვევებს, ასევე, მოქალაქეებს, რომლებიც საჯარო სივრცეში 21:00 საათიდან 05:00 საათამდე პერიოდში გადაადგილდებიან.

ბოლო ერთი წლის განმავლობაში ხელისუფლებამ "კომენდანტის საათი" ორჯერ გამოაცხადა. პირველი შეზღუდვა (2020 წლის 31 მარტი - 2020 წლის 22 მაისი), ქუჩაში გასვლას საღამოს 9 საათიდან დილის 6 საათამდე კრძალავდა და 53 დღე გაგრძელდა. ამ პერიოდში ადამიანები, რომლებსაც საშვი არ ჰქონდათ, იძულებულები იყვნენ სახლში ჯამში 477 საათი გაეტარებინათ. გაცილებით უფრო ხანგრძლივად და ჯერჯერობით, გაურკვეველი ვადით გამოკეტა მოქალაქეები მეორედ შემოღებულმა მკაცრმა რეგულაციამ. უკვე გავიდა 151 დღე. მოსახლეობის უმრავლესობა, დაჯარიმების შიშით, საღამოს და ღამის საათებში გარეთ გასვლას ვერ ბედავს და უკვე თავისუფლების 1 208 საათი აქვთ წართმეული.

შესაბამისად, "კომენდანტის საათმა" "უსაშვო" მოქალაქეებს ჯამში 1685 საათი უკვე წაართვა.

ერთჯერადი საშვი

კორონავირუსის დაწყების პარალელურად, ქვეყანაში ერთიანი ცხელი ხაზი შეიქმნა. 144 კოორდინირებას უწევს 330 სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟს და დღეში 4 500-მდე ზარს პასუხობს. მარტივი დათვლით გამოდის, რომ ცენტრში წლის განმავლობაში, სულ მცირე, მილიონნახევარი ზარი უნდა შესულიყო. დროებითი საშვი ერთადერთი საშუალებაა ადამიანებისთვის, რომლებსაც გადაუდებელი საჭიროების გამო, "კომენდანტის საათის" დროს გადაადგილება სჭირდებათ. თუმცა, ყველას არ უმართლებს.

ია ჯანიაშვილი შშმ პირის სტატუსის მქონე მეუღლეს, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა, კლინიკაში ვერ გაჰყვა.

"ის, რომ ცხელ ხაზს მიმართავ და მოგცემენ საშვს, არის დიდი ტყუილი. ატირებული ვთხოვდი, დაერთო ნება უკან მანქანით გავყოლოდი მეუღლეს. არ მომცა უფლება და ატირებული გამაგზავნინა მარტო. ვერ გავიგე, მეტი რა გამოუვალი მდგომარეობა უნდა ჰქონდეს ადამიანს?"

არ გაუმართლა მსახიობ გიორგი მარშანიასაც, რომელსაც ავტომობილი დაუზიანდა და სახლში დაბრუნებას ვერ ახერხებდა. გამოუვალი ვითარების მიუხედავად, საშვი არც მას გამოუწერეს, რის გამოც მსახიობი იძულებული გახდა კომენდანტის საათის გასვლას მანქანაში დალოდებოდა.

"რვის ნახევარზე სოფელ კოჭობაში, ტყეში, გავტეხე კარტერი და ვითხოვე საშვი 10 საათამდე, ოთხ ადამიანზე, რომ თბილისამდე ბუქსირით ჩავსულიყავით. 144-ში დავრეკე და უკმეხად მიპასუხა ოპერატორმა, გამოიძახე ევაკუატორი, საშვს ვერ მოგცემო და გამითიშა. იმის მერე ვეღარ დავრეკე 144-ზე. გადავრეკე 112-ში და ავუხსენი სიტუაცია. პასუხი იყო, რომ თუ არ მეტყვით სად ხარ, ვერ მოვალთო. მე ავუხსენი, რომ "სოფელი კოჭობა" ჩაწერონ გოოგლე მაპ-ში და მოვლენ. საბოლოოდ, ჩემი საქმე გადასცეს დუშეთის საპატრულოს, რომელმაც დამირეკა და მითხრა, რომ მის ზონაში არ ვარ და რომც ვიყო, ვერ დამეხმარებიან და კომენდანტის საათს თუ დავარღვევ, დამაჯარიმებენ".

სამაგიეროდ, გაუმართლა გოგონას, რომელმაც სუბსარქის დღესასწაულთან დაკავშირებით, გზაჯვარედინზე მარილიანი კვერის საჭმელად 144-ში დარეკა და დროებითი საშვი ითხოვა. ლედი მიქელაძეს, რომელმაც სოციალურ ქსელში ოპერატორთან საუბრის ამსახველი ვიდეოც ატვირთა, საშვი უპრობლემოდ გამოუწერეს. უცნობია, ცრურწმენის მიხედვით, დაესიზმრა თუ არა გოგონას საბედო, მაგრამ ამ ფაქტმა უსამართლობის განცდა დაუტოვა ადამიანებს, რომლებსაც გაცილებთ მნიშვნელოვანი საჭიროებისთვის, ღამით გადაადგილების უფლება არ მისცეს.

შერჩევითი დღესასწაულები

"კომენდანტის საათსაც" აქვს გამონაკლისები. ხელისუფლებამ ღამის საათებში კორონავირუსთან ბრძოლაზე ორი დღით მორატორიუმი გამოაცხადა. ახალი წლის და შობის ღამეს საქართველოს ყველა მოქალაქისთვის დროის ნებისმიერ მონაკვეთში გადაადგილება დაშვებული იყო. მოტივი - ტრადიცია და მნიშვნელოვანი დღესასწაულების აღნიშვნა იყო. ეს გულისხმობდა ერთმანეთთან სტუმრობასაც, რასაც ეპიდმიოლოგები ვირუსის გავრცელების ყველაზე დიდ საფრთხედ ასახელებენ და რისგანაც სტუმართმოყვარე ქართველების დიდ ნაწილს თავი არ შეუკავებია.

ის, რაც მნიშვნელოვანია უმრავლესობისთვის, უმნიშვნელო აღმოჩნდა უმცირესობების შემთხვევაში.

იმისთვის, რომ ხელისუფლებას ქვეყანაში სხვა რელიგიების წარმომადგენელთა არსებობა შეემჩნია, მარნეულში ასობით მუსლიმს "კომენდანტის საათის" საჩვენებლად დარღვევა დასჭირდა. მარნეულის ცენტრში, ადგილობრივი მერიის წინ, აზერბაიჯანელი თემის წევრებმა ნოვრუზ ბაირამის დღესასწაული იზეიმეს. ამას მოჰყვა მათი პოლიციაში დაბარება და გამოკითხვის სერია.

ვიდრე 7 იანვრის ღამეს საქართველოს მართლმადიდებელი მოქალაქეები ქრისტეს შობას შეზღუდვების გარეშე აღნიშნავდნენ, იყო 25 დეკემბერი, როცა კათოლიკე მრევლს საშობაო ლიტურგიის სრულყოფილად ჩატარების უფლება არ მისცეს. იგივე განმეორდა აღდგომის დღესასწაულზე. კომენდანტის საათის გამო გრიგორიანელებს და კათოლიკებს ქრისტეს აღდგომის აღნიშვნა 4-ის ნაცვლად 3 აპრილს მოუწიათ.

"იმედი გვქონდა, რომ ის, რაც მოხდა 25 დეკემბერს, 4 აპრილს აღარ განმეორდებოდა. ბოლო წუთამდე გვეუბნებოდნენ, რომ დაგვირეკავდნენ და გვეტყოდნენ, გვქონდა თუ არა ლიტურგიის ჩატარების უფლება. საბოლოოდ, არავინ აიღო პასუხისმგებლობა ამაზე და 3 აპრილს მოგვიწია წირვის ჩატარება. ღამისთევის ნაცვლად, ლიტურგია 3 აპრილის დღის ხუთ საათზე დავიწყეთ და ცხრამდე დავასრულეთ, ხალხს რომ სახლში წასვლა მოესწრო. არადა, შეიძლებოდა ამის მოგვარება. სრული იგნორირება იყო საერთოდ ამ დღესასწაულის, რაც ძალიან სამწუხაროა. ნებისმიერ მოქალაქეს, ნებისმიერი კონფესიის წარმომადგენელს უნდა ჰქონდეს თანაბარი უფლება", - ამბობს ქუთაისის კათოლიკე ეკლესისი წინამძღოლი მამა გაბრიელ ბრაგანტინი.

ხელისუფლებისთვის რელიგიურ და ეთნიკურ უმცირესობაზე მნიშვნელოვანი აღმოჩნდა ფეხბურთი. საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, კომენდანტის საათი გაუქმდა 28 მარტს, საქართველო-ესპანეთის მატჩზე დამსწრე გულშემატკივრებისთვის. შინაგან საქმეთა სამინისტროს მოედანზე მაყურებელთა დასაშვები რაოდენობიდან (30%) არც ერთი პირი არ დაუჯარიმებია.

ვირუსთან ბრძოლის მოტივით წართმეული კიდევ რამდენი საათის დათვლა მოუწევთ საქართველოს მოქალაქეებს, უცნობია. "საზოგადოებრივი ჯანდაცვის შესახებ კანონში" შეტანილი ცვლილება შეზღუდვის მოქმედების კონკრეტულ ვადას არ განსაზღვრავს. ხელისუფლებას გადაადგილების შესახებ მიღებული გადაწყვეტილება შეუძლია ექვს თვეში ისევ განაახლოს.

საქართველოს მთავრობის მიერ წართმეულ თავისუფლებას კონკრეტული ფასი, 2000 ლარი აქვს. ეს მაშინ, როდესაც ჩვენზე უფრო ძლიერ და ფინანსურად სტაბილურ ქვეყანაში, საფრანგეთში კომენდანტის საათის დარღვევისთვის ჯარიმა 135 ევრო, 511 ლარია.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
წყალტუბო შეპირებების „ჰაბია“.
16:21 / 09.10.2024
წყალტუბო შეპირებების „ჰაბია“.

არის საქართველო და არსებობს პარალელური საქართველო, სადაც
საქართველოს მოსახლეობის მეოთხედი ცხოვრობს. პარალელური საქართველო
მთელ მსოფლიოშია გაბნეული, თუმცა მთავარ საქართველოსთან კავშირს არ
წყვეტს.
16:10 / 03.08.2024

არის საქართველო და არსებობს პარალელური საქართველო, სადაც საქართველოს მოსახლეობის მეოთხედი ცხოვრობს. პარალელური საქართველო მთელ მსოფლიოშია გაბნეული, თუმცა მთავარ საქართველოსთან კავშირს არ წყვეტს. "ავთენტური საქართველო" მისი მიზიდულობის ცენტრად რჩება. მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ათწლეულების განმავლობაში არ/ვერ დაადგას მის მიწაზე ფეხი.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.