6 საათი, 5 წუთი და 12 წამი, - ეს დრო სჭირდება გერმანული ენის სპეციალისტს, ანრო ცირეკიძეს „ვეფხისტყაოსნის“ თავიდან ბოლომდე ზეპირად მოსაყოლად.
ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ ორპირში მცხოვრები 75 წლის ქალი ერთ-ერთია „ვეფხისტყაოსნის“ ძალიან ცოტა ზეპირადმცოდნეთა შორის.
ანრო იმ უსახელო, დიდი ადამიანების სულიერი მემკვიდრეა, რომლებმაც რამდენიმე ასეული წლის წინ, ქართველთა წიგნის ზეპირად სწავლის ტრადიცია დაამკვიდრეს. ე.წ. ხალხური „ვეფხისტყაოსანი“, იგივე ტარიელიანი, საქართველოში ფართოდ იყო გავრცელებული და მრავალი საუკუნის განმავლობაში, თაობებს ზეპირად გადაეცემოდა.
ამ ტრადიციას დღეს სახელმწიფო იცავს. საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ „ვეფხისტყაოსნის“ ზეპირად ცოდნის ტრადიციას არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიანიჭა.
ანრო ცირეკიძემ პოემა ზეპირად 22 წლის ასაკში, შოთა რუსთაველის იუბილესთვის ისწავლა. იქედან მოყოლებული, ერთი დღეც არ ყოფილა “ვეფხისტყაოსნის” გარეშე. ამბობს, რომ სულ რუსთაველის დიდ სამყაროში მოგზაურობს და დღეები ახალი სანახების აღმოჩენაში ილევა. ამ პროცესს მისთვის დასასრული არ აქვს.
„რომელმან შექმნა სამყარო“, „გვაქვს უთვალავი ფერითა“, „სიყვარული აგვამაღლებს“, „ბოროტსა სძლია კეთილმან“, - ეს ანრო ცირეკიძის ყოველდღიური საფიქრალი და სალაპარაკო თემებია. სჯერა, რომ სიტყვას და განსაკუთრებით რუსთაველის სიტყვას, დიდი ძალა აქვს. მას საზოგადოების, მეტიც,სამყაროს შეცვლა შეუძლია.
ამ რწმენით დააფუძნა „ვეფხისტყაოსნის“ კლუბი სოფელ ორპირის #2 საჯარო სკოლაში. მასში ათობით მოსწავლეა გაწევრიანებული. ანრო კლუბის საპატიო თავმჯდომარეა. სკოლაში აღარ ასწავლის, მაგრამ კლუბს ხშირად სტუმრობს და ბავშვებთან ერთად განიხილავს ყველაფერს, რაც „ვეფხისტყაოსანს“ ეხება.
„ვეფხისტყაოსანი“ არის სამყაროს ჰიმნი, რომელიც სასიცოცხლოდ
აუცილებელი უნდა იყოს ყველა ადამიანისთვის. ბევრი არ მეგულება ვინც,
ვთქვათ, ხშირად კითხულობს „ვეფხისტყაოსანს“. ყველა ამბობს, რომ
საოცრებაა, მაგრამ შეიძლება გააზრებულიც არ ჰქონდეს რას გულისხმობს ამ
საოცრებაში. ამიტომ მინდა სკოლამ მოსწავლეებს მეტი გაატანოს
„ვეფხისტყაოსანთან“ დაკავშირებით. რადგან, რა ასაკშიც უნდა იყოს
ადამიანი, რა საქმიანობასაც უნდა მოკიდოს ხელი, პოემაში იპოვის პასუხს
ყველა კითხვაზე“, - ამბობს კლუბის ხელმძღვანელი დარეჯან ლომთაძე.
ანრო პოემის სრულად შესასწავლად განსაკუთრებული ნიჭის საჭიროებას გამორიცხავს და სამ კომპონენტზე მიუთითებს:
„დაუოკებელი მიზანსწრაფვა, მტკიცე ნებისყოფა და დიდი შრომისმოყვარეობა, თუკი ეს სამი შენივთდა, ვიძლევი პირობას, რომ ბევრი შეძლებს „ვეფხისტყაოსნის“ ტექსტის სრულად სწავლას“.
მაგრამ, მთელი ეს თავდადება ამაო შრომა იქნება ტექსტის გააზრების გარეშე.
.„ზეპირად დასწავლა გარედან არ შეიძლება, არც იძულებით, არც რჩევით, ამის სურვილი შიგნით უნდა დაიბადოს ადამიანში. თანაც, მარტო ზეპირად სწავლა რომ არ კმარა, ამას თავად რუსთაველი ამბობს:
„არა ვიქმ ცოდნა რას მარგებს ფილოსოფოსთა ბრძნობისა“.
„არას გარგებს სწავლულება, თუ არა იქმ ბრძენთა თქმულსა“.
„ვეფხისტყაოსნის“ კლუბი ცდილობს სხვადასხვა ფორმით - კონკურსებით, კომიქსების შექმნით, წარმოდგენების გამართვით ახალი თაობისთვის თანამედროვე და მშობლიური გახადონ პოემის პერსონაჟები, დაანახონ ისინი საინტერესო გმირებად, რუსთაველის ფილოსოფია მხოლოდ ლიტერატურულ ძეგლად არ დარჩეს .
ანრო ცირეკიძის თქმით, სკოლებში პოემის სწავლების იდეოლოგია არ შეცვლილა, რაც იყო წლების განმავლობაში იგივე დარჩა.
„ვერ შეცვლი, ძალიანაც რომ გინდოდეს. თუმცა ადრე მაგალითად, ფატმანი უფრო მდარედ წარმოგიდგებოდა და დღეს მისი რეაბილიტაცია მოხდა. ასმათმა დაიწია ქვემოთ... ბავშვებს არ აინტერესებთ „ვეფხისტყოსანი“, აღარ ისწავლებაო, როგორ არ ისწვლება?! თითქმის ყველა კლასში ისწავლება. ადრე მეცხრე კლასში ვასწავლიდით და დიდხანს გრძელდებოდა მისი სწავლება და რაღაც მოსაბეზრებელიც იყო, მე ამას უფრო ვემხრობი, რა მიდგომაც დღეს არსებობს“.
სამაგიეროდ, ანრო არ ემხრობა იძულებას და ვალდებულებას, რაც მოზარდებსა და რუსთაველის ტექსტს შორის დისტანციას ზრდის.
„„ვეფხისტყაოსანი “ თუკი არ უყვარს ახალ თაობას, პრობლემა ჩვენში უნდა ვეძებოთ. ვერ შევძელით ბავშვს დაენახა, ვინ არის რუსთაველი, ჩვენ ვერ შევძელით მისი სათქმელის მიტანა ბავშვებთან“.
„ვეფხისტყაოსნმა“ მეორე პლანზე გადაწია ანრო ცირეკიძის ძირითადი პროფესია. გერმანისტის თმით, მის არჩევანში რუსთაველმა ყველა კომპონენტში აჯობა გოეთეს. ამის გამო გარკვეული „დანაშაულის გრძნობა“ გაუჩნდა. „დანაშაული“ იმით გამოისყიდა, რომ ნესტან-დარეჯანის პირველი წერილი ტარიელისადმი გერმანულ ენაზე ისწავლა და ამით ორ დიდ ენას მიაგო პატივი.
გერმანულად არა, მაგრამ ქართულად ბოლომდე იცის ნესტან-დარეჯანის ყველა წერილი 78 წლის ნათელამაც. და არა მარტო ნესტანის წერილები. იგი რუსთაველის პოემის მეორე ზეპირადმცოდნეა ტყიბულში.
„ვეფხისტყაოსნის“ სწავლა გასული საუკუნის 90-იან წლებში დაიწყო, როდესაც არც შუქი იყო, არც გაზი და ქალაქიდან სოფელ კოკაში მოუწია გადასახლება.
უშუქობის დანაკლისი „ვეფხისტყაოსანმა“ შეუვსო. შოთას ტექსტმა “გაანათა” მისი ერთფეროვანი ცხოვრება სოფლად. 58 წლის ასაკში ქართველთა დიდი წიგნი თავიდან აღმოაჩინა და ორ წელიწადში საქმე ბოლომდე მიიყვანა, - პოემა ზეპირად ისწავლა.
სიბერის არ ეშინია, რადგან ასეთი მოკავშირე ჰყავს - ტექსტი, რომელიც არასდროს ილევა, არასდროს მეორდება და მის წამკითხველს და მთხრობელსაც სხვანაირს ხდის, - მრავლისმნახველს, მრავლისმცოდნეს, მრავლისშემმეცნებელს.
რუსთაველის პოემა ეფექტური სავარჯიშო აღმოჩნდა გონებისთვის. ყოველდღიურად იმეორებს სტროფებს, განწყობის და ადგილის შესაბამისად. მახსოვრობა არასდროს ღალატობს და არც ენთუზიაზმი ელევა. იგი, ანრო ცირეკიძესთან ერთად, მონაწილეობას იღებს „ვეფხისტყაოსნის“ ზეპირადმთქმელთა კონკურსებშიც, რომლებიც პერიოდულად იმართება საქართველოს სხვადასხვა ქალაქში. ანრო ყველგან პირველია, ექვსგზის გამარჯვებული. ნათელას ამხელა მიღწევები არ აქვს, მაგრამ ამას მნიშვნელობას არ ანიჭებს. მან მთავარი გამარჯვება უკვე მოიპოვა, კაცობრიობის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე დიადი პოემა „მისად“ აქცია და მისი სიბრძნე საკუთარ ყოფიერებაში შეიყვანა.
პოემა დროს არ ნებდება, მისი თაყვანისმცემლები კი სიბერეს.
ისინი “ვეფხისტყაოსნის” მარადიულობას და უბერებლობას იყოფენ,
მის ღირებულებებს იზიარებენ და დიდი ისტორიის ნაწილი ხდებიან, -
„ვეფეხისტყაოსნის“ მცველები.
ავტორები: ეკა კუხალაშვილი, თეკლე მორგოშია
მასალის გამოყენების პირობები