რეგიონი
ჭიათურა მიგრაციის საფრთხის წინაშე
FaceBook
ჭიათურის მუნიციპალიტეტში მოსახლეობის რიცხოვნობა მიმდინარე წელს, 2012 წელთან შედარებით, 15 700-ით შემცირდა.

ადგილობრივები მოსახლეობის მიგრაციის ძირითად მიზეზად უმუშევრობას, არასამთავრობო სექტორი კი მძიმე ეკოლოგიურ მდგომარეობას და სიმსივნური დაავადებების ზრდას ასახელებს. გამგეობაში საუბრობენ, რომ მიგრაციის შესაჩერებლად და სამუშაო ადგილების შესაქმნელად ძალ-ღონეს არ იშურებენ. თუმცა, მუნიციპალიტეტში, სადაც 2017 წლის მონაცემებით 39 600 მოსახლეა რეგისტრირებული, ერთადერთი დასაქმების ადგილი შპს "ჯორჯიანმანგანეზია", სადაც ამაჟამად 3 500 ადამიანი მუშაობს.

ჭიათურელების თქმით, თუკი მოსახლეობის გადინება ასეთი ტემპით გაგრძელდება, რამდენიმე წელიწადში ქალაქი ახალგაზრდობისგან დაიცლება. ისინი ამბობენ, რომ მაღალსართულიან კორპუსებში მიტოვებული ბინების შეხედვაზე მომავლის შიში ეუფლებათ.

"სოფლებიდან რაიონში მოდიან, შემდეგ თბილისში," - ამბობს ჭიათურაში მცხოვრები, რევაზ მწყერაშვილი.

იგივეს ამბობს, თინათინ ცერცვაძე, რომლის თავს გარევაჭრობისგან მიღებული შემოსავლით ირჩენს და ადგილობრივი ხელისუფლების მიმართ უკმაყოფილებას გამოთქვამს.

"26 წლის შვილს უმაღლესი სიმწრით დავამთავრებინე. მინდოდა სამსახური ეშოვა და თავისი თავი მაინც ერჩინა. დედა როგორ უნდა არჩენდეს ამხელა ბიჭს. ვერაფერი ნახა. ვიცი ადგება, მიმატოვებს და წავა ისიც თბილისში მისი ამხანაგებივით," - ამბობს თინათინ ცერცვაძე.

"მიგრაციას ხელს უწყობს დაუსაქმებლობა და უმუშევრობა. მოსახლეობა აქედან ეკოლოგიურ მდგომარეობას არ გაურბის, არამედ უფრო სიდუხჭირეს, უმუშევრობას, სოციალურ მდგომარეობას რაც ქალაქშია. აქ მაღაროში მუშაობა გამოუვალი სიტუაციაა. თუმცა, მაღაროში დასაქმებულ მუშას, რომელიც გვირაბში შედის, იმდენად მცირე ხელფასი აქვს, რომ ურჩევნია ქალაქიდან გავიდეს და სხვა რამ მოძებნოს. მანგანუმის ბიზნესში თუ არაა ადამიანი ჩართული, შემოსავალი ნაკლებადაა," - ამბობს ჭიათურაში მცხოვრები, ქეთევან კაპანაძე.

ამ მოსაზრებას ნაწილობრივ იზიარებს არასამთავრობო ორგანიზაცია "ჭიათურელთა კავშირის" ხელმძღვანელი, შოთა გაფრინდაშვილი. ის მიგრაციის მთავარ მიზეზად მანგანუმის ღია წესით მოპოვების შედეგად შექმნილ მძიმე ეკოლოგიურ მდგომარეობას ასახელებს. მესამე სექტორის წარმომადგენელი აცხადებს, რომ ხელისუფლებამ მის შესაჩერებლად დროული რეაგიგირება უნდა მოახდინოს.

"ეს არ არის ერთ კონკრეტულ ქუჩაზე ან ქალაქის პატარა ნაწილში, არამედ მთელ მუნიციპალიტეტში და ეს გაუდაბნოების პროცესი სწრაფი ტემპით ვითარდება. ასეთი ქალაქიდან, რა თქმა უნდა, ცდილობენ თავს უშველონ. ბევრი საცხოვრებელი სახლი გაიყიდა თავისი ეზოებიანად, კოოპერატივებიდან აიღებენ ორ კაპიკს და იმ ფულით გარბიან თბილისში. ასიდან შეიძლება ერთი ან ორი დაბრუნდეს," - ამბობს "ჭიათურელთა კავშირის" ხელმძღვანელი, შოთა გაფრინდაშვილი.

მეორე მიზეზი, რასაც არასამთავრობო სექტორი ასახელებს, ისევ მანგანუმის ღია წესით მოპოვებას უკავშირდება. შოთა გაფრინდაშვილის თქმით, ჰაერში მანგანუმის მტვრის გაფრქვევა ადამიანების ჯანმრთელობაზე უარყოფითად მოქმედებს, ხშირია სიმსივნური დაავადებებით გარდაცვალების შეთხვევები.

"სიმსივნურ დაავადებებს შორის გახშირდა პანკრიასის სიმსივნე. ერთ თვეში ერთ კორპუსში სამი ადამიანი გარდაიცვალა, სამივე ამ ვერაგი დიაგნოზით. საკმაოდ მომატებულია გულსისხლძარღვთა და ბრონქიალური სისტემებით დაავადებულთა რიცხვი," - ამბობს შოთა გაფრინდაშვილი.

მუნიციპალიტეტიდან მოსახლეობის მიგრაციის შესახებ არგუმენტები აქვს ჭიათურის გამგებელს. ზურაბ კუპატაძე აღნიშნავს, რომ ეს არა მხოლოდ მაღაროელთა ქალაქის, არამედ მთელი ქვეყნის პრობლემაა, რომლის სათავეებიც გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან მოდის. თუმცა, ზურაბ კუპატაძე მიიჩნევს, რომ დღეს მდგომარეობა რადიკალურად შეცვლილია.

"ადამიანებს გაუჩნდათ განცდა, რომ სახელმწიფო ზრუნავს მათზე და ყველაფერს აკეთებს მათი კეთილდღეობისთვის. საქართველოს მთავრობა ყველაფერს ცდილობს იმისათვის, რომ შეაჩეროს მიგრაცია, განსაკუთრების სოფლად. ამის მაგალითად, თუნდაც, "მთის კანონი" გამოდგება, რომლითაც მაღალმთიანი სოფლები სარგებლობენ. ჭიათურაში ამ სტატუსით 16 სოფელი სარგებლობს. ვფიქრობ, ეტაპობრივად კიდევ გაიზრდება ეს რიცხვი," - განმარტავს ზურაბ კუპატაძე.

ჭიათურის გამგებელი იმ პროექტებზეც აკეთებს აქცენტს, რომელსაც ადგილობრივი ხელისუფლება ახორციელებს.

"ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტია ყველა სოფელში ფუნქციონირებდეს საბავშვო ბაღი, რაც, ასევე ხელს შეუწყობს მიგრაციის შეჩერებას სოფლად. მუნიციპალიტეტში მოქმედი ყველა სოციალური პროგრამა ორიენტირებულია ჭიათურაში რეგისტრირებულ ბენეფიციარებზე ,რადგან ამითაც ხელი შევუწყოთ ჩვენი მოქალაქეების დაბრუნებას და უკეთესი პირობების შექმნას. თუმცა, ეს საკმარისი არ არის და კიდევ მეტს გავაკეთებთ,რომ აქაურ მოსახლეობას ყოფითი პირობები გავუუმჯობესოთ,"- ამბობს ჭიათურის გამგებელი.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2012 წელს ჭიათურის მუნიციპალიტეტში მოსახლეობის რიცხოვნობა 55 300 იყო, მიმდინარე წელს კი 39 600 გახლავთ.

მიგრაცია იმერეთის სხვა მუნიციპალიტეტებისთვისაც პრობლემურია. როგორ შეიცვალა რეგიონის 11-ვე მუნიციპალიტეტში მოსახლეობის რაოდენობა, ნახეთ ქუთაისიპოსტის მიერ მომზადებული ინფოგრაფიკა, რომელიც სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებს ეყრდნობა:

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის
სტუდენტს, საბა ჭეიშვილს, საზოგადოების მხარდაჭერა
სჭირდება.
11:32 / 11.10.2024
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტს, საბა ჭეიშვილს, საზოგადოების მხარდაჭერა სჭირდება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.