იმერეთის სამხარეო საკონსულატაციო საბჭომ ამდრომდე სულ ხუთი სხდომა გამართა. საბჭომ მოიწონა რეგიონის სამოქმედო გეგმა, ასევე, მოწონებულია იმერეთის რეგიონის განვითარების სტრატეგია, რომელიც დასამტკიცებლად მთავრობას უკვე გადაეგზავნა.
საბჭოს ბოლო სხდომა მიმდინარე წლის მარტში გაიმართა. სხდომაზე, რომელიც იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციის შენობაში შედგა, რამდენიმე საკითხი განიხილეს.
იმერეთის მუნიციპალიტეტების მიხედვით ელექტრონული საქმისწარმოებაზე გადასვლა, საგაზაფხულო ხვნა–თესვის სახელმწიფო პროგრამის მიმდინარეობა, მუნიციპალიტეტებში არსებული პრობლემები და მათი გაჭრის გზები - ეს ის საკითხებია, რომლებიც საკონსულტაციო საბჭოს ბოლოს სხდომაზე იქნა განხილული.
სამხარეო საკონსულტაციო საბჭომ უკვე მოიწონა და შეაფასა მუნიციპალიტეტებში შექმნილი სამუშაო ჯგუფების მიერ შემუშავებული სამოქმედო გეგმების შესაბამისობა, იმერეთის რეგიონის 2014-2021 წლების განვითარების სტრატეგიასთან და საქართველოს რეგიონული განვითარების 2015-2017 წლების პროგრამასთან მიმართებაში.
აღნიშნულმა საკონსულტაციო საბჭომ განიხილა იმერეთის მუნიციპალიტეტების - ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის, თერჯოლის, სამტრედიის, საჩხერის, ტყიბულის, წყალტუბოს, ჭიათურის, ხარაგაულის, ხონის და ქუთაისის პრიორიტეტების დოკუმენტები.
"საბჭოს შეხვედრებმა მეტად მჭიდრო გახადა სამხარეო ადმინისტრაციისა და მუნიციპალიტეტების თანამშრომლობა. თანაც მნიშვნელოვანია, რომ ამ პროცესებში უშუალოდ ჩვენ, მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები ვართ ჩართული", - ამბობს თერჯოლის მუნიციპალიტეტის გამგებელი, თემურ ჯაფარიძე.
მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები განმარტავენ, რომ აღნიშნულმა საბჭომ მუნიციპალიტეტებში არსებული პრობლემების განხილვა და მათი მოგვარება მეტად ეფექტური გახადა.
"საბჭოს შექმნით აუცილებელი გახდა სისტემატიური შეკრებები სამხარეო ადმინისტრაციის და მუნიციპალიტეტების წარმომადგენელბს შორის. მაგალითად, ბოლო შეკრებაზე საუბარი იყო, თუ სად, როგორ უნდა მოხდეს მემორიალის დადგმა. შეკრებებზე ძირითადად საუბარი ინფრასტრუქტურულ პროექტებს შეეხება. ასეთი სახის შეკრებები იმითაც არის მნიშვნელოვანი, რომ ვეცნობით არა მხოლოდ რომელიმე კონკრეტული მუნიციპალიტეტის პრობლემას თუ განსახორცილებელ პროექტებს, არამედ, მთლიანად რეგიონის განვითარების საკითხებზეა საუბარი", - ამბობს ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, თამაზ კუბლაშვილი.
იმერეთის გუბერნატორი, გივი ჭიჭინაძე, რომელიც ამავე დროს სამხარეო საკონსულტაციო საბჭოს ხელმძღვანელიცაა, განმარტავს, რომ ასეთი ღია შეხვედრები და კონსულტაციები მნიშვნელოვანია.
ჭიჭინაძე მიიჩნევს, რომ საკონსულტაციო საბჭოს სხდომები მნიშვნელოვანია მუნიციპალიტეტებში არსებული პრობლემების ეფეტქტურად და მოკლე ვადებში გადასაჭრელად.
ანალოგიურად მიიჩნევს, ქუთაისის მერი, შოთა მურღულიაც, რომელიც აღნიშნულ საბჭოში ასევე არის ჩართული.
"საბჭოს შექმნა ძალიან კარგი აღმოჩნდა. რადგან პერიოდულად იკრიბებიან მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები, სადაც ყველა ერთად განვიხილავთ არსებულ თუ სამომავლოდ განსახორციელებლ პროექტებს. ვფიქრობ, ასეთი მსჯელობები ძალიან მნიშვნელოვანია", - ამბობს შოთა მურღულია.
სახელმწიფო რწმუნებულთან–გუბერნატორთან არსებული სამხარეო საკონსულტაციო საბჭო გასულ წელს, თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ შეიქმნა, საქართველოს ორგანული კანონის "ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის" 146-ე მუხლის საფუძველზე (2014 წლის 27 აგვისტოს N02კ151 განკარგულებით).
სამხარეო საკონსულტაციო საბჭო არის სახელმწიფო რწმუნებულთან − გუბერნატორთან არსებული მუნიციპალიტეტთა საკონსულტაციო ორგანო, რომელიც იქმნება და საქმიანობს კანონით დადგენილი წესით.
სამხარეო საკონსულტაციო საბჭოს მიზანია, უზრუნველყოს მუნიციპალიტეტის ინტერესების წარმოდგენა და გათვალისწინება სამხარეო ადმინისტრაციაში. საბოლოოდ შემუშავებული განვითარების გეგმა კი მთავრობას წარედგინება.
საკონსულტაციო საბჭო სამ თვეში ერთხელ იკრიბება, რომელსაც უძღვება გუბერნატორი. ძირითადად კი, საბჭოს სხდომებს სამხარეო ადმინისტრაცია უწევს ორგანიზებას.
სამხარეო საკონსულტაციო საბჭო სულ 37 წევრისგან შედგება. ესენია: მუნიციპალიტეტების გამგებლები, თვითმმართველის ქალაქის მერი, მუნიციპალიტეტების საკრებულოს თავმჯდომარეები და მისი მოადგილე. თუმცა, საბჭოს დებულებას სახელმწიფო რწმუნებული ანუ გამგებელი განსაზღვარვს.
საიას ქუთაისის ფილიალში საკონსულტაციო საბჭოს მუშაობას აკრტიკებენ და განმარატვენ, რომ მათ მუშაობაში არასამთავრობო ორგანიზაციებიც უნდა იყოს ჩართული.
"ასეთ საკითხებში აუცილებელია არასამთავრობოების ჩართულობა. გარდა ამისა, მოსახლეობაც უნდა დაეკითხონ ხოლმე როცა რეგიონის თუ მუნიციპალიტეტების განვითარების სტარტეგიაზეა საუბარი. კარგია რომ რეგიონის განვითარების სტარეგია არის. თუმცა, ეს ხარვეზებსაც შეიცავს ", - ამბობს საიას ქუთაისის ფილიალი პროგრამების დირექტორი, ნოდარ ჯიქია.
მისი თქმით, იმერეთის სამხარეო საკონულტაციო საბჭოში არსებული ხარვეზების გამოსწორების მიზნით, უახლოეს მომავალში საიას ქუთაისის ფილიალი საბჭოს წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრებს გეგმავს.
მასალა მომზადებულია სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრის პროექტის - „სამოქალაქო საზოგადოება დეცენტრალიზაციისათვის” ფარგლებში , ფონდ „ღია საზოგადოება საქართველოს“ მხარდაჭერით.
სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრის და ფონდ „ღია საზოგადოება საქართველოს“ პოზიციას.
„ჟურნალისტთა ქსელი თვითმმართველობის განვითარების ხელშეწყობისთვის"
მასალის გამოყენების პირობები