გაეროს ბავშვთა ფონდის მონაცემებით, საქართველოში იმაზე მეტი
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვია რეგისტრირებული, ვიდრე
სინამდვილეში არის.
ხშირ შემთხვევაში ბავშვებისთვის სტატუსის მინიჭებას თავად მშობელი
ეწინააღმდეგება. სტიგმა, რომელიც საზოგადოებაშია, შშმ ბავშვების
ინტეგრირებას და მათი უნარების გამოვლენას ვერ ახდენს. ამის
გამოც, ე.წ. "უხილავი ბავშვები" ადგილობრივი და ცენტრალური ბიუჯეტით
გათვალისწინებული პროგრამების მიღმაც რჩებიან.
4 წლის დაჩი ქუთაისში ცხოვრობს. მას ცერებრალური დამბლა მედიკოსებმა 8
თვის ასაკში დაუდგინეს. დაჩის დედა ამბობს, რომ შეზღუდული
შესაძლებლობის სტატუსის მისაღებად სამედიცინო დაწესებულებას მაშინვე
მიმართა. ბავშვს ეს სტატუსი დაახლოებით 5 თვეში მიანიჭეს და ამ
დროიდან მცირეწლოვანი ადგილობრივ და სახელმწიფო ბიუჯეტის პროგრამებში
ჩაერთო. ის უკვე მეორე წელია ქუთაისის მერიის სოციალური პროგრამით
სარგებლობს, რომელიც ყოველთვიურად უფასო ჰიგიენური საფენებისა და
სველი ხელსახოცით მომაგრაგებას გულისხმობს. ასევე, მასთან ბინაზე
სპეცმასწავლებელი დადის და უნარ-ჩვევების განვითარებაში ეხმარება.
"ეს დიდი შეღავათია ჩვენთვის. ისედაც დიდ თანხებთანაა დაკავშირებული
ბავშვის რეაბილიტაცია. სტატუსი არაფრით გამოარჩევს ჩემს შვილს
თანატოლებისან. მთავარია, მან შეძლოს ინტეგრირება და უნარების
შეძენა," - ამბობს დაჩის დედა.
ქუთაისელია 22 წლის გიორგიც, რომელიც სმენადაქვეითებული დაიბადა. მას
შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსი არასოდეს ჰქონია. გიორგის დედა
ამბობს, რომ თავის დროზე მასზე უარი თავად თქვა, წლების შემდეგ კი ამ
საქციელს ნანობს.
"ვფიქრობდი, რომ ამით ჩემი შვილი დაიჩაგრებოდა. ჟესტური ენა არ იცის
და ამის გამო ვერ მიიღო საჭირო განათლება. ახლა სულ სახლშია, იშვიათად
გადის გარეთ. ნიჭიერი ბიჭია და მე შევუწყვე ხელი იმას, რომ საკუთარი
თავის რეალიზება ვერ მოახდინა," - ამბობს მოზარდის დედა, ელენე.
გიორგი ერთადერთი არაა, ვინც ამა თუ იმ მიზეზის გამო საზოგადოებაში
ინტეგრაცია ვერ შეძლო. საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის
წარმომადგენლობის მონაცემებით, 2014 წლისთვის ქვეყანაში სულ 871 853
ბავშვი იყო რეგისტირებული. აქედან, 10 000-მდე შეზღუდული
შესაძლებლობის მქონე. თუმცა, ფონდში ამბობენ, რომ მათი რიცხვი
გაცილებით უფრო მეტია. ორგანიზაციის ხელმძღვანელი, მაია ქურციკიძე
ამბობს, რომ ე.წ "უხილავი ბავშვების" პრობლემის ერთ-ერთი გამომწვევი
მიზეზი საზოგადოებაში არსებული სტიგმა და ნეგატიური განწყობაა,
რომელთა დაძლევა პირველ რიგში ოჯახიდან უნდა იწყებოდეს.
"მნიშვნელოვანია მოხდეს დროული ჩარევა, რაც მისცემს ბავშვს
შესაძლებლობას განავითაროს უნარ-ჩვევები. არა მარტო ბავშვისთვის,
არამედ მშობლისთვისაც აუცილებელია, რომ ადრეული ჩარევის შედეგად
ჰქონდეს ინფორმაცია თუ რა სჭირდება მის შვილს განვითარებისთვის," -
ამბობს საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენლობის
ხელმძღვანელი, მაია ქურციკიძე.
ამ მოსაზრებას არ იზიარებს ქუთაისში სამედიცინო-სოციალური საქმიანობის
ექიმი ექსპერტი, თემურ ენდელაძე. ის ამბობს, რომ ბოლო წლებში მშობელთა
ცნობიერება შეიცვალა და შესაბამისად, შშმ სტატუსის მოთხოვნაზე
მომართვიანობაც გაიზარდა. მისივე ინფორმაციით, თუ 2015 წელს 100-მდე
ბავშვს დაუდგინდა შეზღუდული შესაძლებლობა, წელს მათი რიცხვი 150-მდე
გაიზარდა.
"ადრე იყო, მალავდა მშობელი და არ უნდოდა. დღეს ისეთი სოციალური
ფონია, რომ არავინ მალავს ასეთ ბავშვებს," - ამბობს თემურ
ენდელაძე.
თუმცა, მას არ ეთანხმება ქუთაისის პირველადი ჯანდაცვის ცენტრის
ხელმძღვანელი, გიორგი მიმინოშვილი. მისი თქმით, ხშირია შემთხვევები,
როდესაც ექიმ-სპეცილისტებს პირიქით უწევთ მშობლების დათანხმება
ბავშვისთვის შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მინიჭებაზე.
"იმის გამო, რომ ბავშვისთვის სტატუსის მინიჭება არ უნდათ, მიუღებელია
ის დატოვონ სისტემის გარეშე და მოაკლონ ის მომსახურება, რაც არსებობს
ქვეყანაში. მწირი, მაგრამ მაინც არსებობს. თუ ბავშვი არ არის ჩართული
ამ სისტემაში, ის ვერანაირ მომსახურებას და დახმარებას ვერ იღებს,
იზოლირებულია საზოგადოებისგან და რთულია მისი ინტეგრირება. დაკარგულია
ის შესაძლებლობები, რომელიც შესაძლოა მას ჰქონდეს," - ამბობს
საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი,
მაია ქურციკიძე.
ადგილობრივი თვითმმართველობის სოციალური სამსახური სამ პროგრამას
ახორციელებს, სადაც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებს ჩართვის
საშუალება აქვთ.
ერთ-ერთია ეპილეფსიით დაავადებულთათვის მედიკამენტებით უზრუნველყოფა.
სოციალურ სამსახურში განგვიმარტეს, რომ პროგრამაში 178 პირია ჩართული,
რომელთა უმეტესობა 0-18 წლამდე ბენეფიციარები არიან. ისინი ყოველ სამ
თვეში 120 ლარიან ვაუჩერს იღებენ.
ადგილობრივ ბიუჯეტში 2016 წლიდან გაჩნდა ახალი პროგრამა, რომელიც
სმენადაქვეითებული ბავშვებისთვის კოხლეარული ინპლანტის ანუ სასმენი
აპარატის ფუნქციონირებისთვის საჭირო ნაწილების შეძენას
ითვალისწინებს.
ქუთაისის მერიის სოციალურ სამსახურში ამბობენ, რომ ამ პროგრამაში წელს
10 ბენეფიციარია ჩართული, გასულ წელს კი 8 პირმა ისარგებლა. მათ
მომსახურებაზე 2016 წელს 7 000 ლარი დაიხარჯა, მიმდინარე წელს კი 13
000 ლარი.
ასევე, ადგილობრივივ ბიუჯეტი შშმ სტატუსის მქონე ბავშვებს
ყოველთვიურად ჰიგიენური საშუალებების (საფენი და სველი ხელსახოცი) 40
ლარიანი ვაუჩერით ეხმარება. მერიის სოციალური სამსახურის მონაცემებით,
ამჟამად პროგრამაში 59 ბენეფიციარია ჩართული და 25 000 ლარია
ათვისებული. თუმცა, პროგრამით ის შშმ ბავშვები სარგებლობენ, ვინც
ქუთაისში ამ დროისთვის მოქმედ ოთხ დღის ცენტრში არიან რეგისტრირებული.
ჯამში კი ოთხივე ცენტრში 65 ბენეფიციარი ჰყავთ. დღის ცენტრებისთვის
ყოველთვიურად ცენტრალური ბიუჯეტიდან 15 699 ლარი გამოიყოფა.
რაც შეეხება მთლიანად იმერეთს, სოციალური მომსახურების სააგენტოს
სამხარეო ცენტრის ინფორმაციით, რეგიონში დღის ცენტრები 11-დან მხოლოდ
6 მუნიციპალიტეტშია, სადაც 182 ბავშვია რეგისტრირებული და მათ
მომსახურებაზე თვეში 40 000 ლარზე მეტი იხარჯება.
მასალის გამოყენების პირობები