საზოგადოება
უხარისხოდ რეაბილიტირებული დევნილთა კორპუსი და თანხის მითვისებისთვის დაკავებული მშენებელი
FaceBook

ქუთაისში დევნილთა კორპუსი, რომელიც გასულ წელს გაარემონტეს, მწყობრიდანაა გამოსული.

ამორტიზებულ შენობაში მცხოვრები დევნილები დახმარებას ითხოვენ. სარემონტო სამუშაოების შემსრულებელი კომპანიის წარმომადგენელი დაკავებულია და მის საქმიანობას პროკურატურა იძიებს. დევნილთა სამინისტრო კი ობიექტში მცხოვრებლებს პრობლემის მოსაგვარებლად ადგილობრივი თვითმმარველობისთვის მიმართვას ურჩევს.

დევნილებისთვის რებილიტირებული ექვსსართულიანი კორპუსი ქუთაისში ნიკეას #21-ში მდებარეობს. 84 ოჯახისთვის გათვალისწინებულ შენობაში ამ დროისთვის მხოლოდ 30-მდე მათგანი ცხოვრობს, სხვები კი უხარისხოდ შესრულებული სამუშაოების გამო ამ დრომდე ვერ შესახლდნენ.

რუსუდან ჯეჯეია კორპუსში ერთ-ერთი პირველი დაბინავდა. თუმცა, შესახლების დღიდან გაუსაძლის პირობებს ებრძვის. ამბობს, რომ ოთახები წვიმის დროს იტბორება, კედლები და იატაკი კი ნესტიანია.


წვიმის შედეგად დარჩენილი წყალი ნიკეას #21-ში არსებული კორპუსის ერთ-ერთ ოთახში


ნესტიანი კედლები ამავე კორპუსში

"წყალსაწრეტი არ აქვს, ადგილზე მოედინება წყალი. ოთახებში ტბა დგას. ხმაური, მტვერი გარემოს დაცვის ფაქტორებიც არ არის გათვალისწინებული. ამის გარდა შენობის ფასადი არის დაზიანებულია და შიგნიდანაც კედლები ცვივა," - ამბობს რუსუდან ჯეჯეია.

მის მსგავსად სხვა მობინადრეებიც იმ პრობლემებზე საუბრობენ, რომლებმაც კორპუსში შემოსვლის პირველივე დღეებში იჩინეს თავი. მათი თქმით, პირველად სახურავი დაზიანდა, რადგან თუნუქი ქარმა გადახადა. მობინადრეებმა ამის შესახებ დევნილთა სამინისტროს აცნობეს. პრობლემა ხუთი თვის შემდეგ, სანახევროდ გადაიჭრა.

"არ იყო საფუძვლიანი და იგივე პრობლემა კვლავ დადგა, რის შედეგადაც ქარმა პარაპეტებიც წაიღო. ვის მოვთხოვოთ პასუხი? სამინისტრო ყურადღებას არ გვაქცევს და გვეუბნება, რომ კერძო საკუთრებაა და მივმართოთ თვითმმართველობას. თვითმმართველობა როგორ გაგვირემონტებს ჩვენ ოთახებს, რომელიც დაზიანებული ჩაგვბარდა ან ჩვენ რატომ უნდა გავარემონტოთ, როცა გასარემონტებელი მოგვცეს?"- აცხადებს რუსუდან ჯეჯეია.


ჩამონგრეული კედლები


ჩამონგრეული პარაპეტი

დევნილები ამბობენ, რომ სამინისტროს გარდა, სახურავის პრობლემის შესახებ ადგილობრივ შტაბსაც შეატყობინეს. უწყების წარმომადგენლება ხარვეზები აღწერეს და დაპირდნენ, რომ მათ შემსრულებელი კომპანია აღმოფხვრიდა. თუმცა, მობინადრეების თქმით, ამ დრომდე მათთან არავინ გამოჩენილა.

"შემსრულებელი კომპანია ერთი წლის ვადის გასვლას ელოდებოდა, რადგან ხელშეკრულება ერთწლიანი იყო. გავიდა ერთი წელი და თურმე, უკვე ვართ ადგილობრივი თვითმმართველობის მისახედი," - ამბობს რუსუდან ჯეჯეია.

ნიკეას #21 მცხოვრები დევნილები სამინიტროსგან ექსპერტიზის დანიშვნას და იმის დამტკიცებას ითხოვენ, რომ ბინები ხარვეზებით ჩაბარდათ და დაზიანებებში ბრალი არ მიუძღვით.

ქუთაისში, ნიკეას #21-ში მდებარე კორპუსის სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის, 2 712 611 ლარად შეფასებული ელექტრონული ტენდერი (SPA130016209) დევნილთა სამინისტრომ 2013 წლის 25 ივლისს გამოაცხადა. მასში მონაწილეობა ოთხმა კომპანიამ მიიღო, თუმცა ხელშეკრულება შპს "ნიუ კონსტრაქშენთან" გაფორმდა. კომპანიამ სამუშაოების შესასრულებლად პრეტენდენტებზე ნაკლები, 1 920 000 ლარი მოითხოვა. მხარეებს შორის ხელშეკრულება 2013 წლის 29 აგვისტოს გაფორმდა, რომლის თანახმად კომპანიას სამუშაოები 2014 წლის 31 დეკემბრამდე უნდა დაესრულებინა.

2015 წელს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, სახელმწიფოს კუთვნილი 1 750 352 ლარის მართლსაწინააღმდეგოდ მითვისების ფაქტზე, შპს "ნიუ კონსტრაქშენის" დირექტორი გიორგი მჭედლიშვილი და განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს ტექნიკური ზედამხედველობის სამმართველოს ყოფილი მთავარი სპეციალისტი, რატი სვანიძე სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა.

"გამოძიებამ დაადგინა, რომ შპს "ნიუ კონსტრაქშენი" 2013 წლის პერიოდში, სხვადასხვა სახელმწიფო უწყების დაკვეთით, საქართველოს მასშტაბით დევნილი მოსახლეობისთვის შენობა-ნაგებობების სამშენებლო-სარემონტო სამუშაოებს აწარმოებდა. რეკონსტრუქციის პროცესში კომპანიას დამკვეთებისგან ავანსის სახით ერიცხებოდა თანხა, საიდანაც გიორგი მჭედლიშვილმა მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა 1 750 352 ლარი, რის გამოც მშენებარე ობიექტები დღემდე დაუსრულებელია," - ნათქვამია ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

დაკავებულების მიმართ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის "დ" და მე-3 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით გრძელდება, რაც 7-დან 11 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

შესაბამისად, სამინისტრომ "ნიუ კონსტრაქშენთან" ხელშეკრულება გაწყვიტა. ქუთაისში , ნიკეას ქუჩაზე მდებარე ობიექტის რეაბილიტაციაზე უწყებამ ახალი, 1 717 680 ლარად ღირებული ტენდერი (SPA150018442) 2015 წლის 1 ივლისს გამოაცხადა. ამჯერად, სამინისტრომ ხელშეკრულება შპს "კავკასუსინვესტთან" 1 524 361 ლარზე გააფორმა. ამ კომპანიას სამუშაოების დასრულების ვადად 2015 წლის 25 აგვისტოდან 2016 წლის 20 ივნისი, ხოლო საგარანტიო ვადად ერთი წელი განესაზღვრა.

"კავკასუსინვესტის" დირექტორი, დიანა კუტალაძე ჩვენთან საუბარში აღნიშნავს, რომ კომპანიამ ხარჯთაღრიცხვაში გათვალისწინებულზე მეტი გააკეთა და ამით 360 000 ლარი იზარალა.

"შიგნით ტიხრები გავაკეთეთ, ოთახებად დავყავით ბინები და გავარემონტეთ. მუშაობის დროს რომ ზიანდებოდა, ჩვენი ხარჯებით ვაკეთებდით, შიგნით ჩვენი გაკეთებული ნამუშევარი რომ არ დაეზიანებინა," - ამბობს "კავკასუსინვესტის" დირექტორი, დიანა კუტალაძე.

მისი თქმით, სახურავი, რომელსაც პრობლემა მაშინვე გაუჩნდა, მათი გაკეთებული არაა და არც კედლებია მათი ამოყვანილი. დიანა კუტალაძე ამბობს, რომ სახურავის ხარვეზი მაშინვე შეამჩნიეს, თუმცა, რადგანაც მის შესაკეთებლად სამინისტროს თანხა გამოყოფილი არ ჰქონდა, თავიანთი ხარჯებით თავიდან ვერ გააკეთებდნენ.

როგორც სატენდერო დოკუმენტაციიდან ირკვევა აღნიშნულ კომპანიას ჭერის მოწყობა პლასტიკატით ლითონის კარკასზე, ჭერის შეფითხვა და შეღებვა ევალებოდა.

"კავკასუსინვესტი" ქუთაისში, დევნილთა კორპუსში არსებული ხარვეზების აღმოფხვრაზე პასუხისმგებლობას იხსნის, რადგან კომპანიის საგარანტიო ხელშეკრულებას ვადა მიმდინარე წლის 20 ივნისს დაუმთავრდა.

დევნილთა სამინისტროში განმარტავენ, რომ პრობლემის მოგვარების მიზნით ადგილობრივ თვითმმართველობას უნდა მიმართონ. დევნილებმა ქუთაისის მერიაში ობიექტის რეკონსტრუქციის მოთხოვნით განცხადება უკვე შეიტანეს. თუმცა აღნიშნავენ, რომ თანადაფინანსების პროგრამით, (რომელსაც საბიუჯეტო პროგრამა "კორპუსი" ითვალისწინებს) მხოლოდ ეზოს, პარაპეტებისა და ლიფტის რეაბილიტაციის შესაძლებლობა აქვთ. რაც შეეხება, შენობაში დაზიანებულ ნესტიან კედლებსა და იატაკს, დევნილებმა ეს პრობლემები თავიანთი ხარჯებით უნდა მოაგვარონ.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის
სტუდენტს, საბა ჭეიშვილს, საზოგადოების მხარდაჭერა
სჭირდება.
11:32 / 11.10.2024
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტს, საბა ჭეიშვილს, საზოგადოების მხარდაჭერა სჭირდება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.