"სელფი მანამ არ დასრულდება, სანამ ტოტალურად არ გასელფდება მთელი
დედამიწა", - აღნიშნავს ფოტოგრაფი გელა ღაჭავა.
თუმცა, "დედამიწა უკვე გასელფდა" - ყოველდღიურად მილიონობით სელფი
იდება სოციალურ ქსელში. მაგრამ სპეციალისტების შენიშვნით, ეს ის
შემთხვევაა, როდესაც რაოდენობა თითქმის არ აუმჯობესებს ფოტოების
ხარისხს.
თანაც სელფმა ფსიქოლოგების ყურადღება უფრო მიიქცია, ვიდრე
პროფესიონალი ფოტოგრაფების. გააჩინა ახალი ტერმინები და საკვლევი
შემთხვევები.
ფოტოგრაფები სელფში მომავალზე მეტად წარსულს ხედავენ. სელფი
ავტოპორტრეტის მემკვიდრეა. რომელსაც თანამედროვე ტექნოლოგიებმა
დემოკრატიულობა და საყოველთაობა შესძინეს. მისი გამოყენება არ ითხოვს
განსაკუთრებულ უნარებს და ცოდნას, საკუთარ ავტოპორტრეტს ამის გარეშეც
შეასრულებ. ადამიანებიც ხელიდან არ უშვებენ შესაძლებლობას საკუთარ
გამოსახულებას დღეში რამდენჯერმე შეავლონ თვალი. რის შემდეგაც სელფის
"კრიტიკოსები" ნარცისიზმზე ალაპარაკდნენ, გაჩნდა უფრო რთული
შემთხვევების აღმნიშვნელი ტერმინი "სელფიტი".
"სელფიტი შეარქვეს პათოლოგიას, ფისქოლოგიურ პრობლემას, როდესაც
ადამიანი ვეღარ აკონტროლებს თავს და მთლიანად სელფზე დამოკიდებული
ხდება.
თუკი ნარცისისტულ შემთხვევაში საკმარისია ფოტოს გადაღება და
თვითტკბობა, დაბალი თვითშეფასებისას შესაძლებელია მანია ჩამოყალიბდეს,
იმიტომ რომ ადამიანს სულ უფრო მეტი და მეტი პოზიტიური განმამტკიცებელი
ჭირდება. იზრდება "დოზა", - აღნიშნავს ფსიქოლოგი დავით ფორჩხიძე.
თუმცა, დოზის ზრდა სხვა მოცემულობის წინაშე აყენებს სელფის
მიმდევრებს.
"მეორე პრობლემა ჩნდება -იგნორირება. შენ თუ მუდმივად საკუთარ თავს
ახსენებ ეს ტოტალური შეხსენება აგრესიას აჩენს და იმას იღებ, რის
წინააღმდეგაც მიდიხარ. შენ უკვე აღარ ხარ მათთვის მიმზიდველი ობიექტი.
მიმზიდველი რა არის? ის რაც იდუმალია, რისკენაც მიისწრაფიან, რაც
ჭირდებათ. ძალიან ძნელია ადამიანთან ურთიერთობა, თუკი მასში რაიმე არ
გიზიდავს. გადაჭარბებული სელფის შემთხვევაშიც ასეა - მიმზიდველობა
ქრება", - აღნიშნავს ფოტოგრაფი გელა ღაჭავა.
იგნორირების დასაძლევად და მიმზიდველობის (იგივე ლაიქების)
დასაბრუნებლად "სელფიტი" მიმართავს ექსტრიმს. რაც ყოველთვის
მშვიდობიანად არ სრულდება. ამ მიზეზით რამდენიმე უბედური შემთხვევაც
დაფიქსირდა.
თუმცა, სპეციალისტები ბუნებრივია პრობლემას თავად სელფში და ფოტო თუ
ტელეფონის ტექნოლოგიურ შესაძლებლობაში არ ხედავენ.
სელფების სიმრავლეს არც მეტი არც ნაკლები სიყვარულის დეფიციტს
უკავშირებს ფოტოგრაფი გელა ღაჭავა.
"(სელფი) ნარცისული მომენტია. ადამიანს მოთხოვილება აქვს ვიღაცას
უყვარდეს. როდესაც ხედავს, რომ გარედან შემოსული სიყვარული ნაკლებია
მერე უჩნდება საკუთარი თავის სიყვარული", - აღნიშნავს იგი.
გელა მიუთითებს მარტოობაზეც - ადამიანი ინფორმაციულ სივრცეშია
დაკარგული და ეს განსაკუთრებით თვალსაჩინოდ ჩანს სოციალურ ქსელებში.
იქ იუზერი ინფორმაციის სიმრავლეში ძნელად პოულობს საკუთარ თავს,
ამიტომ ჭირდება შეხსენება რომ არსებობს და ცოცხალია. ამას სხვისგან
ნაკლებად ელოდება ამიტომ მიმართავს სელფს პირველ რიგში როგორც
თვითშეხსენებას იმისა, რომ ისიც აქ არის, ამ ინფორმაციულ ზღვაში
ტივტივებს.
სამაგიეროდ სელფი, თვითშეხსენების, საკუთარი თავის შესწავლის საკითხში
გარკვეული პოზიტიური ინსტრუმენტის ფუნქციას იძენს მოზარდების
შემთხვევაში. ფსიქოლოგი დავით ფორჩხიძე ნორმალურ მოვლენად მიიჩნევს
მოზარდების მხრიდან სელფით გადაჭარბებულ გატაცებას.
"თინეიჯერის ორგანიზმი ცვლილებას განიცდის. ხშირად ჩნდება კითხვა ვინ
ვარ მე?! იგი საკუთარ თავთან იდენტიფიცირებას ახდენს. სწავლობს
საკუთარ თავს. ასევე თვითდამკვდირებასაც ცდილობს. როგორ მხედავენ,
როგორ აღმიქვამენ. იმას რასაც ზრდასრულის შემთხვევაში პათოლოგიად
ჩავთვლიდით, იგივე სრულიად ნორმალური და ბუნებრივი პროცესია
თინეიჯერებში. ხელსაც კი უწყობს მოზარდს თვითშეფასების
ჩამოყალიბებაში", - ამბობს ფსიქოლოგი.
ის რაც "ეპატიება" მოზარდს, არ "ეპატიება" ზრდასრულს. ფსიქოლოგები
ზრდასრული ადამიანისთვის ნორმად დღეში მხოლოდ სამ სელფს
მიიჩნევენ.
სამაგიეროდ ფოტოგრაფები არ აწესებენ ზღვარს და რაოდენობას ფოტოების
გადაღებისას, თუმცა ამ მილიონობით ფოტოში ნაკლებად ხედავენ ღირებულს.
მათი თქმით, სელფის, როგორც ფოტოპროდუქტის ღირებულება, მხოლოდ რაიმე
კონკრეტული ისტორიის აღბეჭდვით ან რაიმე კონცეფციით თუ იქმნება.
"არის ერთი ფოტოგრაფი რომელიც 17 წლის განმავლობაში უღებდა საკუთარ
თავს ფოტოს, მერე მთელი ეს მასალა 5 წუთიან ანიმაციაში ჩაეტია. მას
ადამიანის ცვლილების დინამიკის ჩვენება უნდოდა, რაც საინტერესოდ
გამოუვიდა", - აღნიშნავს გელა ღაჭავა.
ადამიანის გარეგნობის ყოველდღიური ცვლილება შეიძლება საინტერესო იყოს
ნებისმიერის შემთხვევაში. ამიტომ სელფით გატაცებაში საგანგაშოს
ვერაფერს ხედავს ჟურნალისტი მარიტა ტყეშელაშვილი. იგი სელფის მიმართ
წინააღმდეგობრივ დამოკიდებულებაზე მიუთითებს.
"რასაც ვხედავ, ხოლმე სელფი აღიქმება როგორც ნარცისიზმის უკიდურესი
გამოვლინება და თუ ძალიან ხშირად პოსტავს ადამიანი ე. ი. რაღაც
პრობლემა აქვს. ასე აღიქვამს სხვები, მე არ მაღიზიანებს სხვისი
ფოტოები და მეც ხშირად ვიყენებ სელფ კამერას განსაკუთრებით , უცხო და
ლამაზ გარემოში , მაგრამ ვცდილობ რომ სოციალური გვერდი არ დავტვირთო
ზედმეტად . მსგავსი აქტივობებისთვის ინსტაგრამი არსებობს. მხოლოდ
ფოტო-ვიდეო კონტენტი იტვირთება და თავს არავის აბეზრებ. თუ
სერიოზული იმიჯი გინდა რომ გქონდეს სელფი მაქსიმუმ თვეშუ ერთხელ უნდა
გამოაქვეყნო , ისე ვერ იღგიქვამს მგონი საზოგადოება სერიოზულად.
მოკლედ თან ყველა დასცინის, თან ყველას სჭირს ეს დაავადება. უცოდველი
არავინ არის, ვინც არის პირველი ქვა იმან ისროლოს", - ამბობს
მარიტა.
მასალის გამოყენების პირობები