საზოგადოება
"ავჩეხავთ და ისეთ რამეს მოვიყვანთ, რითაც ოჯახს ვარჩენთ"- დაწუნებული ქართული თხილი
FaceBook
გლეხები, რომლებსაც იმერეთში თხილის მოსავალი აზიურმა ფაროსანამ გაუნადგურა, რეგიონში ამ კულტურის მოსპობას პროგნოზირებენ.
დაზარალებულები ხელისუფლებას მავნებელთან დაგვიანებულ ბრძოლაში ადანაშაულებენ. სახელმწიფო კი პრობლემის მოგვარებაში ჩართვას გლეხებსაც მოუწოდებს. ამასობაში, თხილის ექსპორტი სერიოზული ჩავარდნის წინაშეა და შესაბამისად, ბიზნესიც მოსალოდნელ ზარალს ითვლის.

ბოლო წლებში ვანის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის შემოსავლის ძირითად წყაროს თხილის რეალიზაცია წარმოადგენს.

ჯონი ხელაძე ერთ-ერთია, ვინც საკუთარ მიწაზე მოყვანილი თხილით ოჯახს არჩენს. ის ვანში, სოფელ ძულუხში ცხოვრობს.

ჯონი ხელაძე ამბობს, რომ წელს თხილის რეალიზაციიდან მიღებული შემოსავალი, გასულ წლებთან შედარებით, საგრძნობლად შემცირდება, რადგან პლანტაციის ნახევარი აზიურმა ფაროსანამ გაანადგურა.

"თუ ადრე 2-3 ტონა თხილი მოდიოდა, ახლა მხოლოდ 200 კილოგრამი მაქვს და ამ მოსავალსაც არა აქვს ხარისხი, უმეტესობა გაფუჭებულია," - ამბობს ჯონი ხელაძე.

ხარისხის გაფუჭებამ ბაზარზე თხილის გასაყიდი ფასის მკვეთრად შემცირება გამოიწვია. მაგალითად, ამ დროისთვის ბაზარზე დაურჩეველი თხილის ღირებულება 2-3 ლარია, რაც გასული წლის ღირებულებაზე 3-4 ლარით ნაკლებია.

სოფელ ძულუხში ჯონი ხელაძე არსებულ ვითარებაში გამოსავალს ხელისუფლების მხრიდან დახმარებაში ხედავს.

"საკუთარი ძალით ვერ ვერევით მავნებლებს და თუ სახელმწიფო არ დაგვეხმარება მცენარეების შეწამვლაში, მაშინ ავჩეხავთ თხილს და სხვა ისეთ რამეს მოვიყვან, რითაც ოჯახს ვარჩენ. იგივე მდგომარეობაში არიან ჩემი მეზობლები, თუმცა ყველას იმედი აქვს, რომ ყურადღებას მოგვაქცევენ. ვერ ვიმეტებთ ჩვენი ხელით გახარებულ მცენარეებს, მაგრამ ასე თუ გაგრძელდება, თხილის კულტურა ნამდვილად განადგურდება,"- ამბობს ჯონი ხელაძე.

მაშინ, როდესაც სოფელ ძულუხში გლეხები თხილის მოსავლის განადგურებას უჩივიან, ვანის მუნიციპალიტეტის გამგეობაში სოფლებში არსებული მდგომარეობა მწვავე პრობლემად არ მიაჩნიათ, რადგან ამბობენ, რომ სხვა რეგიონებიდან განსხვავებით ვანში შექმნილი ვითარება არ არის კატასტოფული.

"გვქონდა შეხვედრები სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლებთან და აუცილებლად დავეხმარებით გლეხებს. ამჟამადაც მიმდინარეობს შეწამვლითი სამუშაოები და ასევე, განხორციელდება იგივე სოფელ ძულუხში. თუმცა, კატასტროფული მდგომარეობა არ არის" - ამბობს ვანის მუნიციპალიტეტის  წარმომადგენელი ავთანდილ ხელაძე.

აღნიშნული დაპირებები არ არის იმედისმომცემი  გლეხებისთის, რადგან როგორც ამბობენ  ხელისუფლების დაგვიანებულმა ქმედებებმა ისინი უკვე დააზარალა.

ვანის მუნიციპალიტეტში თხილი მთლიანად 3 199 ჰექტარზეა გაშენებული. მუნიციპალიტეტის გამგეობის საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელის, ეკა ნამიჭეიშვილის ინფორმაციით, გასულ წელს ვანში თხილის მოსავალმა ერთ ჰექტარზე 800 კილოგრამი გახლდათ.

"წლევანდელი მოსავალი ჯერ არ არის დათვლილი, რაც ცნობილი ერთ თვეში გახდება. მოსავლის რაოდენობა წინასწარი ინფორმაციით დაახლოებით იგივე არის წელსაც, თუმცა თხილს ხარისხი არ უვარგოდა," - ამბობს ეკა ნამიჭეიშვილი.

მისივე თქმით, თხილის უხარისხო მოსავალის მიზეზი ძირითადად ნალექიანი ამინდები იყო, რამაც ნედლეულის სოკოთი დაავადება გამოიწვია. რაც შეეხება, ფაროსანას კულტურაზე შესევის ფატს, ამან თხილის მოსავალი მხოლოდ 12 % - ით დააზარალა.

მავნე მწერით გამოწვეულ ზარალზე და უხარისხო თხილზე საუბრობენ თხილის ქარხანაშიც.    

შპს "თხილის ქვეყნის" ქუთაისში ერთ-ერთი ქარხანაა, სადაც ნედლეულს გლეხებისგან იბარებენ. საწარმოში ამბობენ, რომ წლევანდელ სეზონზე 70 ტონამდე თხილის ჩაიბარეს, თუმცა პრობლემას მისი ექსპორტზე გატანა წარმოადგნეს.

"თურქული კომპანიის წარმომადგენლები იყვნენ მოსული და წლევანდელი თხილის ხარისხი დაიწუნეს. ამიტომ აღარც იყიდეს. წელს უკვე წაგებაზეა მთლიანად ჩვენი საწარმო," - ამბობს "თხილი სქვეყნის" დირექტორი, ჯუმბერ დვალიშვილი.

მისივე თქმით, დარჩეული თხილის ჩაბარების ფასიც ხარისხზეა დამოკიდებული. გასულ წელს ასეთი თხილის ღირებულება 15 ლარი იყო, წელს კი 10-11 ლარია.

საწარმოსხელმძღვანელების ცნობით, 2016 წელს "თხილიხ ქვეყნიდან" ექსპოტზე 80 ტონა თხილი გაიყიდა, თუმცა გასული წლისგან განსხვავებით, წელს უცხოელ ჩამბარებლებს, "თხილის ქვეყნიდან" ერთი კილოგრამი თხილიც არ წაუღიათ.

შპს "თხილის ქვეყანაში" ამბობენ, რომ თუ მომდევნო წლამდე მავნებელი მწერის განადგურება ვერ მოხერხდება, იძულებული გახდებიან საწარმო დაიხუროს.

სურსათის ეროვნულ სააგენტოში აცხადებენ, რომ მავნებელთან გამკლავებისთვის სახელმწიფო ყველა რესურსს იყენებს. ამასთანავე, ამბობენ, რომ მათ მცდელობასთან ერთად, აუცილებელია მცენარეებზე გლეხებმაც იზრუნონ.

"მუშაობს ჩვენი სპეციალური ჯგუფები და მიმდინარეობს შეწამვლითი სამუშაოები სხვადასხვა ადგილზე საჭიროების მიხედვით.  თუმცა აუცილებელია, რომ გლეხმაც სხვაგვარად მოუაროს თავის ნათესებს და ასე ერთობლივი ქმედება უკვე იქნება შედეგის მომტანი," - აცხადებს სურსათის ეროვნული სააგენტოს მცენარეთა მოვლის განყოფილების უფროსი, ნიკა მესხი.

მისივე თქმით, მცენარეთა მოვლის კულტურაზე ცნობიერების ამაღლების მიზნით, სურსათის ეროვნული სააგენტო საინფორმაციო ხასიათის აქტივობებს უახლოეს მომავალში განახორციელებს.

"მხოლოდ შეწამვლა ვერ უშველის მცენარეს, მას ჭირდება სხვაგვარი მოვლა ამავდროულად, რაც გულისმობს კულტურის სხვლას თავის დროზე, სხვადასხვა საშუალებებით მოვლას, ანუ ასეთ შემთხვევაში მცენარე უფრო ძლიერია და დაიცავს მას გამანადგურებელი მწერებისგან" - ამბობს მესხი.

ჩამოთვილი პრობლემების ფონზე, თხილის ხარისხის გაუარესებამ პროდუქტის გასვლა შეაფერხა ევროპულ ბაზარზე.

საქართველოს სტატისტიკური სამსახურის ოფიციალური ინფორმაციით, მიმდინარე წლის იანვარ-აგვისტოში გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით თხილის ექსპორტი 54.1 მილიონი დოლარით არის შემცირებული.

მიმდინარე წლის 1-ელ 8 თვეში თხილის ექსპორტმა 36.5 მილიონი დოლარი შეადგინა მაშინ, როცა 2016 წლის ამავე პერიოდში ეს მაჩვენებელი 90.6 მილიონი იყო.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის
სტუდენტს, საბა ჭეიშვილს, საზოგადოების მხარდაჭერა
სჭირდება.
11:32 / 11.10.2024
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტს, საბა ჭეიშვილს, საზოგადოების მხარდაჭერა სჭირდება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.