"შვილი მტრად გაზარდე და მოყვრად გამოგადგება" - აღზრდის ეს პრინციპი
საქართველოში კვლავაც მოქმედ მეთოდად რჩება.
მეთოდად, რომელიც ძალადობის იმ ფორმის დაშვებას გულისხმობს, რომელსაც
არ ეძლევა ძალადობის სახელი და კეთილშობილური მოტივებით
მართლდება.
მიუხედავად ამისა, სპეციალისტები მიუთითებენ ძალადობის მიმართ
მგრძნობელობის ზრდაზე საქართველოში, თუმცა ეს მგრძნობელობა
გამოიხატება ძალადობის ე.წ. რთულ ფორმებთან მიმართებაში და ნაკლებად
"კეთილი განზრახვებით" ძალადობრივ აღზრდაში. ამაზე მიუთითებენ
კვლევები და ეს ჩანს კანონმდებლობაშიც, რომელიც ორიენტირებულია ე.წ.
რთული ფორმით ძალადობის აღმოფხვრისკენ, არ გულისხმობს პრევენციას და
ძირითადად ინციდენტზეა მიმართული.
საკუთარ უფლებებზე საუბრობენ ბავშვები.
საქართველოში საზოგადოება ძნელად უთანხმებს აღზრდის ტრადიციულ ფორმებს
კონვენციებითა და საერთაშორისო ნორმებით დადგენილ მიდგომებს. ასე თუ
ისე, სასიკეთო ძვრები შეინიშნება კანონმდებლობაში. იგი თითქოს ცდილობს
ამ ნორმებს დაუახლოვდეს. თუმცა, დაახლოების პროცესი საკმაოდ ნელა
მიდის.
ბავშვი და
კანონი
საქართველოში 2010 წელს მთავრობამ გამოსცა ბრძანება ბავშვთა დაცვის
მიმართვიანობისა და რეფერირების შესახებ. ეს იყო სამი სამინისტროს (
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს,
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს განათლებისა
და მეცნიერების სამინისტროს) ერთობლივი ბრძანება. ის ავალდებულებს
პოლიციას, სკოლებს და ჯანდაცვის დაწესებულებებს სავარაუდო ან რეალური
ძალადობის შემთხვევების გადამისამართებას სახელმწიფო სოციალურ
მუშაკებთან, შესაბამისი ზომების მისაღებად.
კანონში ცვლილებები შევიდა 2016 წელსაც, რომელმაც გააფართოვა
ბავშვებზე პასუხისმგებელთა ჩამონათვალი. 2016 წლის სექტემბერში,
მიღებული იქნა საქართველოს მთავრობის დადგენილება, ბავშვთა დაცვის
მიმართვიანობის პროცედურების დამტკიცების თაობაზე, რომლის თანახმადაც,
სოციალურ მუშაკს მიენიჭა პოლიციის გარეშეც დამცავი და შემაკავებელი
ორდერის გამოცემის, მსხვერპლის გამოყვანის და მოძალადისგან იზოლაციის
უფლებამოსილება. აღნიშნული ცვლილება კანონში იუნისეფის ინიციატივით
განხორციელდა.
მიუხედავად დადგენილებებისა და ცვლილებებისა, სპეციალისტები კანონის
პრაქტიკაში აღსრულების დროს რიგ პრობლემებს აწყდებიან.
"ბავშვთა დაცვა ძალადობისგან ერთ-ერთი ახალი მოვლენაა. საკანონმდებლო
აქტებიც ახალი შექმნილია, შესაბამისად, ჩვენ როდესაც პრაქტიკაში თვალს
ვადევნებთ ამ კანონის აღსრულებას და ვაფასებთ თითოეული ამბისთვის
რამდენად დადგა ის შედეგი, რაც კანონით იყო განსაზღვრული და
საკანონმდებლო აქტებით დადგენილი, არაერთ პრობლემას ვაწყდებით. პირველ
რიგში, ბავშვთა მიმართ ძალადობაზე მუხლები რამდენიმე კანონქვემდებარე
ნორმაშია გაბნეული. არაიურისტისთვის რთულია ამის ერთიანობაში აღქმა და
დაკავშირება", - მიაჩნია პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის
წარმომადგენელს ანა არგანაშვილს.
სპეციალისტები იმასაც აღნიშნავენ, რომ კანონი დღესდღეობით ძალადობის
ყველა ფორმას არ მოიცავს.
"მაგალითად, როგორიც არის ბავშვთა სხეულებრივი და ფიზიკური დასჯის
აკრძალვა, ბულინგის ცალკე გამოყოფა და ა.შ. არ არის ცალკე გამოყოფილი
და დეტალურად არ არის დაწერილი ", - აღნიშნავს ანა არგანაშვილი.
ბავშვი და
საზოგადოება
ბავშვთა სხეულებრივი და ფიზიკური დასჯა კვლავაც რჩება მოქმედ
პრაქტიკად. აღზრდის ავტორიტარული პრინციპი, რაც მიღებულია
პატრიარქალურ საზოგადოებაში, მას კვლავაც უძებნის საპატიო ადგილს
აღზრდის მეთოდთა იერარქიაში. ეს აისახება კვლევებშიც.
უნისეფის მიერ წარმოებულმა კვლევამ " სოციალური ნორმების ანალიზი
ბავშვთა მიმართ ძალადობის კონტექსტში" , აჩვენა შედეგები 2007 წლიდან
დღემდე, სადაც დასჯის მიმართ ტენდენცია კლებისკენაა მიმართული, თუმცა,
იგი მაინც რჩება მისაღებ ფორმად საზოგადოების საკმაო ნაწილში.
2007 წელს ჩაატარდა ეროვნული კვლევა ბავშვთა მიმართ ძალადობის
საკითხებზე. კვლევის შედეგების მიხედვით "მშობლების 79.8%-ს კვლევის
წინა წლის განმავლობაში გამოუყენებია ფიზიკური დასჯის სხვადასხვა
ფორმა, ხოლო 82,3%-ს გამოუყენებია ფსიქოლოგიური დასჯის ფორმა.
აღსანიშნავია, რომ მშობელი რესპონდენტების დაახლოებით მეხუთედმა
(21,5%) ბავშვის სისტემატური ცემა აღიარა".
უნისეფის ერთ- ერთი ბოლო კვლევის მიხედვით, ფიზიკური დასჯის მომხრეთა
რიცხვი შემცირდა, თუმცა მათი რაოდენობა მაინც მაღალია. "გამოკითხულთა
(45%) ემხრობა ბავშვის აღზრდისას ფიზიკური დასჯის მეთოდების
გამოყენებას, რის გარეშეც ბავშვი "გაფუჭდება". დედების 30% და მამების
17% აღიარებენ, რომ იყენებენ ან გამოიყენებენ ფიზიკური დასჯის
მეთოდებს აღზრდისას".
ამის მიუხედავად ძალადობის წინააღმდეგია გამოკითხულთა 82%.
ამ წინააღმდეგობას მკვლევარები თავად ცნების სხვადასხვანაირ აღქმაში
ხედავენ. გამოკითხულთა უმეტესობა არ მიიჩნევს დასჯის ე.წ. მსუბუქ
ფორმებს ძალადობად, როდესაც ლაპარაკია ძალადობაზე, როგორც პრობლემაზე,
გულისხმობენ ძალადობის უფრო რთულ ფორმებს - სასტიკი, არადამიანური
მოპყრობა გაუპატიურება და ა.შ.
ბავშვი და პრევენცია
სპეცილისტების ინფორმაციით, ბავშვთა უფლებების კონვენციით
განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ღირსებისშემლახავი ქმედებების
არარსებობას. ღირსებისშემლახავი ყველა ქმედება ძალადობად
კვალიფიცირდება. აღნიშნულის შესახებ ნაკლები ინფორმაციაა
საზოგადოებაში. სახელმწიფოს რეაგირება კი მხოლოდ ინციდენტზე ხდება,
ისიც რთულ შემთხვევებში.
"მნიშვნელოვანია პრევენცია. სახლმწიფო უნდა იღებდეს მშობელთა
განათლების, სისტემური მონოტორინგისა და ზედამხედველობის
ვალდებულებას. ძალადობაზე რეაგირება ხდება, როდესაც არის საკმაოდ
დაგვიანებული. არადა უნდა დაიწყოს აღზრდის სტილის აკრძალვიდან.
ამიტომ, მნიშვნელოვანია, რომ მშობლებს მივაწოდოთ ონფორმაცია ", -
აღნიშნავენ ბავშვთა საკითხებზე მომუშავე სპეციალისტები.
სოციალური მომსახურების სააგენტოში მიუთითებენ, რომ ძალადობის
მსხვერპლ ბავშვებთნ მუშაობენ ყველა მიმართულებით. ბავშვის
ინტერესებიდან და საჭირობებიდან გამომდინარე ჩართულია ყველა
სპეციალისტი.
"საზოგადოების განათლების საკითხი კი მედიის პრეროგატივაა. მედიამ
უნდა გაავრცელოს და გაარკვიოს საზოგადოება", - აღნიშნავენ სოციალური
მომსახურების სააგენტოში.
სამაგიეროდ სპეციალისტები არ ეთანხმებიან იმ საკითხს, რომ ინფორმაცია
მხოლოდ მედიისა და არასამთავრობოების პასუხისმგებლობაა.
საგანმანათლებლო კამპანიებში პირველ რიგში სწორედ სახელმწიფო უნდა
იყოს ჩართული.
" ჩვენთან კამპანიები საწყის ეტაპზეა. წინ ვერ წავედით და გვაქვს
ძალიან დიდი სისტემური ხარვეზები. სახელმწიფოს დღეს არა აქვს
საგამანათლებლო კურსები. მარტო მასმედიაზეა ინფორმაციის გავრცელება.
მასმედია ვერ ჩაანაცლებს სახელმწიფოს. ამასთან, მთავრობის რომელმა
პირმა ახსენა ბავშვთა მიმართ ძალადობის საკითხი?! არ მსჯელობენ, არ
გამოაქვთ საზოგადოების წინაშე", - ამბობს ანა არგანაშვილი.
„რბილი
ძალადობა“
კანონის არასრულფასოვნება, საინფორმაციო და საგანმანათლებლო
კამპანიების არარსებობა ძალაში ტოვებს ძალადობის "რბილ ფორმებს" და
ნორმის კვალიფიკაციას აძლევს, რომელთაც მოკავშირედ ჰყავს ტრადიცია.
ასევე, სტერეოტიპი, ე.წ. კარგი და ცუდი, მორჩილი და ურჩი, "გულის
ვარდი" თუ "გულის დარდი" ბავშვების შესახებ, რომლებიც ბევრის რწმენით
ისევ და ისევ "მტრულად" უნდა აღიზარდოს, რომ საბოლოოდ
"მოყვარედ" იქცეს.
შესაბამისად, ძალაში რჩება ბავშვის პიროვნებად არაღიარების, მისი
თავმოყვარეობის, ღირსების უგულებელყოფის და ბავშვის "ოჯახის
საკუთრებად" გამოცხადების პრობლემა.
სპეციალისტები მშობლების მხრიდან შვილის "საკუთრებად" აღქმაზე და მისი
სუბიექტად მიუღებლობაზე საუბრობენ, რაც ქართულ საზოგადეობაში
განსაკუთრებული სიმძიმით გამოირჩევა.
"მაგალითად, დედებს, ქალებს ორსულობის პირველ პერიოდში უხდებათ
გააცნობიერონ ფაქტი, რომ მათ სხეულში ახალი სიცოცხლე გაჩნდა. ეს
სიცოცხლე მოცემულ პერიოდში განუყრელადაა მათთან დაკავშირებული.
ერთგვარი ნაწილია მათი სხეულის. მშობიარობის შემდეგ კი სხვა რამეა
გასაცნობიერებელი. დაბადებული ბავშვი დედის სხეულის ნაწილი, მისი
"დანამატი" აღარ არის. ის დამოუკიდებელი სუბიექტი, ფორმირების
პროცესში მყოფი პიროვნებაა. აი სწორედ ამ ეტაპზე ვაწყდებით
პრობლემას", - ამბობს ფსიქოლოგი დავით ფორჩხიძე.
სპეციალისტები ძალადობის "რბილი ფორმის" შეფასების პირობითობაზე
საუბრობენ, რადგან ქსპერტების განმარტებით, ბავშვის მიმართ გამოხატული
ძალადობის ნებისმიერი ფორმა ვერ განისაზღვრება, როდის არის მძიმე და
როდის მსუბუქი. უმთავრესია ბავშვის ღირსება, რომელიც შესაძლებელია
ე.წ. რბილი ფორმითაც შეილახოს და თუ ბავშვის ღირსება შეილახა,უკვე
ძალადობის მძიმე შედეგია დამდგარი, - აღნიშნავენ სპეციალისტები.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
მასალის გამოყენების პირობები