2013-2017 წლის მარტის ჩათვლით სსიპ საქართველოს
სამოციქულო-ავტოკეფალურ მართლმადიდებლურ ეკლესიას იმერეთის
მუნიციპალიტეტებიდან ათასობით კვადრატული მეტრი მიწა უფასოდ
გადაეცა.
მუნიციპლიტეტებიდან საპატრიარქომ და კონკრეტულმა ეპარქიებმა ასევე
ფინანსური დახმარებაც მიიღეს როგორც საერთაშორისო გამჭვირვალობა
საქართველოს კვლევაში ჩანს 2013 წლის 1 იანვრიდან 2017 წლის 20 მარტის
ჩათვლით, იმერეთის მუნიციპალიტეტების მიერ გაცემული თანხის ჯამურმა
ოდენობამ 4 942 603 ლარი შეადგინა;
საქართველოს მართლმადიდებელ ავტოკეფალურ ეკლესიას მუნიციპალიტეტებიდან
მიწები და უძრავი ქონებაც გადაეცათ. ეპარქიებისთვის მიწების გაცემის
ტრადიცია ძალაში რჩება. სადაც სამართლებრივი მოტივი კვლავაც
ბუნდოვანია.
სამაგიეროდ, ნათლად ჩანს მიწების რაოდენობა კვადრატულ მეტრებში.
როგორც მკვლევარები აღნიშნავენ სადღეისოდ ეკლესიისთვის უფასოდ
გადაცემული მიწების ოდენობამ 7 მილიონი ჰექტარზე მეტი შეადგინა.
ამ 7 მილიონ ჰექტარში შედის იმერეთის მუნიციპალიტეტების, კერძოდ
ზესტაფონის, ბაღდათის, ქუთაისის, ჭიათურისა და წყალტუბოს მიერ
2013-2017 წლებში გაცემული მიწებიც, რომლებმაც ჯამში 90 140 კვ.მ-ს
მიაღწია.
ქუთაისიპოსტმა ქუთაისში ეკლესიისთვის გადაცემული მიწების ღირებულებაც
გამოიკვლია. აღმოჩნდა რომ 2012-2014 წლებში, გაცემის მომენტში მათი
ღირებულება 76 894 ლარს შეადგენდა. მიწების ამჟამინდელი ღირებულება
კი, 137 589 ლარს წარმოადგენს.
ქუთაისიპოსტი დაინტერესდა მუნიციპალიტეტბში გაცემული მიწების ფასითაც.
რის გამოც, საჯარო ინფორმაცია იმერეთის ყველა იმ
მუნიციპალიტეტიდან გამოვითხოვეთ, რომლებმაც მიწები ეკლესიებს
უსასყიდლოდ გადასცა. ჩვენს მიერ გამოთხოვილი ინფორმაციის საფუძველზე
გაირკვა, რომ წყალტუბოს მუნიციპალიტეტში 2013-2017 წლებში მიწა (780.0
კვ.მ. ოდენობით) 9 აპრილის ქუჩაზე გაიცა და იგი ქუთაის- გაენათის
ეპარქიას გადაეცა. გამგეობის მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე
აღნიშნულ ტერიტორიააზე 1 კვ. მ. მიწა გაცემის პერიოდშიც და დღესაც
16.00 ლარი ღირს. შესაბამისად ეპარქიას 12 542 ლარის ღირებულების
ქონება გადაეცა.
თუმცა, ვისი მომართვისა და რის საფუძველზე გაიცა აღნიშნული მიწა
უცნობია. გაცემის საფუძველთან დაკავშირებულ ჩვენს მიერ დასმულ კითხვას
გამგეობაში არ უპასუხეს.
კითხვებზე პასუხები არ მიგვიღია არც ბაღდაათის მუნიციპალიტეტიდან,
ამიტომ გაურკვეველია სოფლებში წითელხევსა (1165 კვ.მ.) და ვარციხეში
(7ჰა) 2015-2016 წლებში ვანისა და ბაღდათის ეპარქიისთვის უზუფრუქტის
უფლებით გადაცემული მიწების ფასი.
სამაგიეროდ, ცნობილია ჭიათურაში საჩხერისა და ჭიათურის ეპარქიისთვის
გაცემული მიწის ღირებულება. ეპარქიას 2013 წელს გადაეცა 1019,65
კვ.მეტრი ფართი, ჭიათურაში, ტოლსტოის ქუჩა N1-ში. 2014 წელს კი,
გადაეცა სოფელ მორევში არსებული 55.1 კვ.მეტრი ფართი. პირველის
ღირებულება 12.235,80 ლარს და მეორეს ფასი 220.40 ლარს შეადგენდა.
გამგეობაში განმარტავენ, რომ აღნიშნული ქონება ეპარქიას გადაეცა
სრულიად საქართველოს კათოლიკოს -პატრიარქის
ქორეპისკოპოსის მიტროპოლიტი თედორესა (ჭუაძე) და სრულიად საქართველოს
კათოლიკოს -პატრიარქის ეპარქიის მდივნის არქიმანდრიტი ზოსიმეს
მომართვის საფუძველზე.
მუნიციპალიტეტებიდან ყველაზე დიდი ხელგაშლილობა ზესტაფონის
მუნიციპალიტეტმა გამოიჩინა. გამგეობამ ქალაქის ოთხ ქუჩაზე გადასცა
ეკლესიას მიწები და უძრავი ქონება. 2013 წელს პირდაპირი განკარგვის
წესით, აუქციონის გარეშე, უსასყიდლო აღნაგობის უფლებით სარგებლობაში
მიეცა მარგვეთისა და უბისის ეპარქიას აღმაშენებლის ქუჩაზე არსებული
2944 კვ.მ. არასასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი,
ასევე, 2014 წელს - უსასყიდლო უზურფრუქტის წესით ფიროსმანის ქუჩა
N2-ში მდებარე შენობა/ნაგებობების ½, მასზედ დამაგრებული 627 კვ.მ.
მიწის ნაკვეთით
ამავე წელს, ეპარქიას პირდაპირი განკარგვის წესით აუქციონის გარეშე
უსასყიდლო აღნაგობის უფლებით სარგებლობაში ფიროსმანის ქუჩაზე არსებული
საერთო ფართობით 794 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის
ნაკვეთი გადასცეს. ამასთან ერთად ადგილობრივმა თვითმმართველობამ
ეპარქიას უსასყიდლო უზურფრუქტით გადასცა კეკელიძისა და მელქაძის ქუჩის
გადაკვეთაზე არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 1702 კვ.მ.
მიწის ნაკვეთი.
ამ ქონების ჯამურმა ოდენობამ 91 446 ლარი შეადგინა.
"საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოსთვის" იმერეთის
მუნიციპალიტეტებიდან მიწოდებული ინფორმაციის მიხედვით, სხვა
მუნიციპალიტეტებიდან მიწები და ქონება არ გაცემულა.
მიწების საჭიროებას საპატრიარქო და ეპარქიები ეკლესია-მონასტრების
შენებით ხსნის. ხოლო ამართლებს კონსტიტუციური შეთანხმებით,
სახელმწიფოს მხრიდან კომპენსაციის ვალდებულებით. სახელმწიფო საბჭოთა
კავშირის მემკვიდრედ აცხადებს თავს და იმ პერიოდში ეკლესიებისთვის
მიყენებულ ზარალს ფარავს. ზარალს, რომელიც ამ დრომდე არავის
დაუთვლია.
"ვინაიდან არ არსებობს არანაირი წერილობითი შეთანხმება სახელმწიფოსა
და ეკლესიას შორის, თუ რამდენს შეადგენს ეკლესიისთვის კომუნისტური
რეჟიმის დროს მიყენებული ზარალი, რომელიც სახელმწიფომ უნდა ზღოს.
შესაბამისად არ ვიცით, კონკრეტულად რამდენს შეადგენს ან რა
მოცულობისაა ეს საზღაური. სანამ ამგვარი შეთანხმება არ შედგება, მუდამ
ამგვარი გაურკვევლობა იარსებებს. ბუნდოვანება კი ყველა საქმეში
მავნეა", - აღნიშნავს თეოლოგი მირიან გამრეკელაშვილი.
მიწების უფასო გადაცემაში დასათვლელს, ანუ ეკონომიკურ სიკეთესა და
ზრდას ნაკლებს ხედავენ ეკონომისტები. სამაგიეროდ, მათი ნაწილი მორალურ
სიკეთეებზე მიუთითებს.
"ეკონომიკას შესაძლებელია არაფერი ემატება, სამაგიეროდ სულიერება,
ძლიერდება", - აღნიშნავს ეკონომისტი ემზარ ასანიძე.
იგივეზე აპელირებს ზესტაფონის გამგებელიც.
"ამ მიწებს ღირებულება შეიძლება ქონდეთ, მაგრამ ქალაქის ბიუჯეტს მათი
ეკლესიისთვის გადაცემით არაფერი აკლდება. ეს ადგილებიც არ არის ისეთი
მნიშვნელოვანი საპრივატიზაციო ადგილები. ვთქვათ, ფიროსმანზე ბაღის
ყოფილი შენობა იყო, რომელიც გამოუსადეგარი გახლდათ. ასევე კეკელიძის
ქუჩაზეც. თქვენ არ მიესალმებით ეკლესია მონასტრების მშენებლობას?! ",
- კითხვას სვამს ტარიელ თუთარაშვილი.
საქართველოში მიესალმებიან ეკლესია-მონასტრების მშენებლობას, თუმცა,
თეოლოგი მირიან გამრეკელაშვილი არ მიესალმება მოტივს რისთვისაც
ძალაუფლების მქონენი ეკლესიას მიწებს გადასცემენ.
"მოდით პირდაპირ ვთქვათ, რომ ეკლესიასთან დაკავშირებული მთელი ეს
აღებ-მიცემობა, დაკავშირებულია ძალაუფლების მქონე ფენის სურვილთან,
აქციონ ეკლესია საკუთარ მოკავშირედ. საბჭოთა კავშირის დაცემის შემდეგ,
მიწის ძირეული რეფორმა ჯერ არ არის გატარებული და სახელმწიფო ფონდიც
სწორედ ასეთი პოლიტიკური "საჩუქრებისათვის" გამოიყენება, იქნება ეს
ეკლესია, რომელიმე სხვა ინსტიტუცია თუ უბრალოდ რომელიმე პოლიტიკოსის
"საძმო". პარალელურად კი ქვეყანაში იმგვარი განწყობა იქმნება,
თითქოსდა მიწებს აქ მცხოვრები უცხოელები გვართმევდნენ", - ამბობს
მირიან გამრეკელაშვილი.
ამავე თემაზე:
იმერეთის მუნიციპალიტეტებიდან 2013-2017 წლებში
ეკლესიებზე 4 942 603 ლარი გაიცა - TI
მერიამ ბოლო ოთხი წლის განმავლობაში ქუთაის-გაენათის
ეპარქია 366 200 ლარით დააფინანსა - TI
ქუთაისში ეკლესიისთვის გადაცემული ქონება და
ათიათასობით ლარი, რომელიც დააკლდა ქალაქის ბიუჯეტს
მასალის გამოყენების პირობები