საზოგადოება
„მკვლელი ადგილები“ ნიკეას ქუჩაზე - მოსახლეობა პროექტის შეცვლას ითხოვს
FaceBook
ქუთაისში, ახლადრეაბილიტირებულ ნიკეას უბანში მოსახლეობა პროექტის შეცვლას ითხოვს. საუბარია, გამწავნების ზოლზე და  უსაფრთხოების კუნძულებზე. 

ადგილობრივების განცხადებით, ნიკეას ცენტრალურ გზაზე გადაადგილება სახიფათო მას შემდეგ გახდა, რაც 2016 წელს ჩატარებული რეაბილიტაციის ფარგლებში გამყოფი ზოლი და უსაფრთხოების კუნძულები მოეწყო.

მოსახლეობის მსგავსად, ტექნიკური სპეციალისტები ქუჩის პროექტირების პროცესში დაშვებულ შეცდომებზე მიუთითებენ. ისინი განმარტავენ, რომ ახლადმოწყობილი საგზაო ინფრასტრუქტურა უსაფრთხოდ გადაადგილების ნორმებს სრულებით არ ითვალისწინებს.

"ის უსაფრთხოების კუნძულები, რომლებიც ახლა გააკეთეს საფრთხის შემცველ კუნძულებად იქცა," - ასე აფასებენ ნიკეას ქუჩაზე 2016 წელს მოწყობილ გამყოფ და შემობრუნების ზოლს ნიკეაზე მცხოვრებლები.

ადგილობრივების თქმით, მას შემდეგ, რაც ნიკეას ქუჩის რეაბილიტაციის ფარგლებში გამწვანების ზოლი და ე.წ. უსაფრთხოების კუნძულები მოეწყო ამ დრომდე 20 - მდე ავტოსაგზაო შემთხვევა დაფიქსირდა.

ნიკეას უბნის მთავარ გზაზე ავარიების გახშირების მიზეზად ცუდად მოწყობილ საგზაო ინფრასტრუქტურას ასახელებენ.

"რომ მოქრის სწორ გზაზე მანქანა და უცებ გზის შევიწროვება ხვდება იბნევა მძღოლი და ავარია ხდება, ეს არის მკვლელი ადგილი, " - ამბობს ნიკეაზე მცხოვრები მერაბ ხოჟავა.

"მადლობელი ვართ მერიის რომ გზა გვეღირსა, მაგრამ უსაფრთხოება ძალიან მნიშვნელოვანია, ამიტომ ვითხოვთ ახლაც მოგვაქციონ ყურადღება და მშენებლების დაშვებული შეცდომა როგორმე გამოასწორონ," - ამბობს ნიკეაზე მცხოვრები ნუგზარ კოიძე.



ანალოგიურად ფიქრობენ ტექნიკური ინჟინრები. მათი თქმით, ნიკეას ქუჩაზე განხორციელებული სამუშაოებში ხარვეზები შეინიშნება, რასაც პროექტირების პროცესში დაშვებულ შეცდომას უკავშირებენ.

"ქუჩებისა სივრცითი პარამეტრები და სხვა გარემოებებიც უნდა ყოფილიყო გათვლილი, რაც შესაძლო საფრთხეებს გათვლიდა. გზის ამ მონაკვეთის პრობლემა იმაშია რომ, როცა მივდივართ ქალაქიდან გასასვლელისკენ წინ, შუა ნაწილში გვხვდება გადაულახავი წინააღმდეგობა მწვანე საფარის, ე.წ. უსაფთხოების კუნძულის სახით, რაც იწვევს ავარიებს," - ამბობს ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის უნივერსიტეტის ტექნიკურ-საინჟინრო ფაკულტეტის პროფესორი, მერაბ ბარათაშვილი.

მისივე თქმით, გზების პროექტირებისას ერთ-ერთი ტექნიკური პრინციპი სწორედ ისაა, რომ გზაზე არ შეგვხვდეს გადაულახავი წინააღმდეგობა.

"თუ გადაადგილების სიჩქარე 60 კმ საათზე მეტია და ერთად იმ შემობრუნების ადგილზე თავი მოიყარა 5-7 - მა მანქანამ, უკვე გავლა სახიფათო ხდება," - აცხადებს ბარათაშვილი.

ტექნიკური ინჟინრების თქმით, ავარიების თავიდან აცილების მიზნით საჭიროა ნიკეაზე განხორციელებულ პროექტში კორექტირება შეიტანონ.

"ვიღაცამ უნდა გაბედოს და თქვას რომ ეს შეცდომაა, მოხდეს პროექტის კორექტირება და ეს ნაწილი ისევ უნდა შეიწიოს სავალი გზის ღერძის ხაზისკენ. ასე გზის პრობლემურ ნაწილს უფრო გავლადს გავხდით და ავარების რისკსაც შევამცირებთ," - ამბობს პროფესორი მერაბ ბარათაშვილი.

ნიკეას ქუჩაზე საგზაო ინფრასტრუქტურული პრობლემის გადაწყვეტის გზას სხვაგვარად ხედავენ, ავტოსკოლა "იმერეთის" წარმომადგენლები.

ავტოსკოლის ხელმძღვანელი გია აბზიანიძე, "ქუთაისიპოსტთან" საუბარში განმარტავს, რომ ტერიტორიაზე მართლაც იქმნება გადაადგილების პრობლემები, თუმცა ამისთვის პროექტის შეცვლა საჭირო არ არის.

"სჯობს ხელოვნური წინააღმდეგობის სახით შემაკავებლები მოაწყონ, რის ფონზეც მძღოლი შეანელებს სვლას და გზა ნაკლებ სახიფათო გახდება," - აცხადებს აბზიანიძე.

ნიკეაზე განხორციელებული სარეაბილიტაციო სამუშაოების პროექტის ავტორი მოსახლეობისა და სპეციალისტების შენიშვნებს უსაფუძვლოდ მიიჩნევს და ამბობს, რომ პროექტი ყველა სტანდარტების დაცვით შეიქმნა.

"საერთაშორისო სტანდარტებია დაცული ამ პროექტში არანაირი ხარვეზები არ არის," - ამბობს ნიკეაზე განხორციელებული პროექტის ავტორი და არქიტექტორი ბადრი მელქაძე.

მისი თქმით, პრობლემა არა საგზაო ინფრასტრუქტურაში, არამედ მძღოლების უდისციპლინობაშია, რადგან თავად ავტომობილის მფლობელები არ იცავენ უსაფრთხოების წესებს და ეს არის ავარიების გამომწვევი მიზეზი.

"თუ ნიკეაზე მცხოვრებლები დაასაბუთებენ წერილობით, რატომ უნდა მოხდეს პროექტში ცვლილებების შეტანა, განვიხილავთ და თუ საჭიროდ ჩათვლის მერია, პროექტი შეიცვლება" - აცხადებს მელქაძე.

მისივე თქმთ, პროექტში ცვლილებები იმ შემთხვევაში განხორციელდება თუ მოქალაქეები დასაბუთებულ მიზეზებს წარუდგენენ.

ქუთაისის მერიაში განმარტავენ, რომ მოსახლეობამ პროექტის შეცვლის თაობაზე განაცხადი განხილვისთვის ადგილობრივ თვითმმართველობაში უნდა შეიტანოს.

ნიკეას ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები მუნიციპალური განვითარების ფონდის დაფინანსებით 2016 წელს დაიწყო.

რეაბილიტირებული ქუჩა 2016 წლის 21 ოქტომბერს გაიხსნა. რეაბილიტაციის ფარგლებში ქუჩაზე შუა გამყოფი გამწვანების ზოლი, ტროტუარები, ბორდიურები და გარე განათების სისტემები მოეწყო. პროექტზე სახელმსწიფო ბიუჯეტიდან 7 მილიო ლარამდე დაიხარჯა.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის
სტუდენტს, საბა ჭეიშვილს, საზოგადოების მხარდაჭერა
სჭირდება.
11:32 / 11.10.2024
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტს, საბა ჭეიშვილს, საზოგადოების მხარდაჭერა სჭირდება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.