გარემოს ეროვნული სააგენტო იმერეთში მდინარეების წყლის ხარისხის
მონიტორინგს ახორციელებს, თუმცა მიკრობიოლოგიური ანალიზების აღება
მხოლოდ ტბებზე, წყალსაცავებში და მდინარე არაგვზე ხდება.
შესაბამისად, მსგავსი კვლევების არ არსებობის გამო, უცნობია, თუ
რომელ მდინარეებშია ბანაობა უსაფრთხო.
უსაფრთხოების შესახებ ინფორმაცია არ აქვს მოსახლეობასაც.
ნანა გოგოხიას თავისი სამი შვილი ზაფხულში გასაგრილებლად წყალწითელაზე
დაჰყავს. უსაფრთხოა თუ არა ამ მდინარეში ბანაობა არ იცის.
„ზოგჯერ ვხედავ რომ ნაგავი მოაქვს წყალს. შეიძლება ტუალეტების წყალიც
ჩაედინება. ალბათ არ არის უსართხო, მაგრამ ასეთ სიცხეში სახლში ვერ
ვძლებთ. თან ბავშვებსაც სულ აქეთ უნდათ“, - ამბობს ნანა გოგოხია.
იმერეთის რეგიონში 40-ზე მეტი მდინარეა. მათგან, გარემოს ეროვნული
სააგენტო წყლის ხარისხის მონიტორინგს შემდეგ მდინარეებზე: რიონზე,
ყვირილაზე, ტყიბულაზე, ოღასკურაზე, ხანისწყალზე, ჩხერიმელზე,
გუბისწყალსა და ძირულაზე ახდენს. მონიტორინგი წყლის სინჯების აღებას
ითვალისწინებს, რომლითაც ფიზიკურ-ქიმიური მახასიათებლები, ბიოგენური
ნაერთები, მთავარი იონები და მძიმე ლითონების შემცველობა
ისაზღვრება.
წყლის სინჯების აღება, მონიტორინგის პროგრამის შესაბამისად, თვეში
ერთხელ, კვარტალში ერთხელ ან წელიწადში ორჯერ ტარდება.
ბოლოს სინჯები მიმდინარე წლის ივნისის თვეში აიღეს.
როგორც სააგენტოში განგვიმარტეს, ამჟამად ივნისში აღებული სინჯების
ქიმიური ანალიზების შედეგად მიღებული მონაცემების დამუშავება
მიმდინარეობს.
რაც შეეხება კითხვას, თუ რომელ მდინარეებზეა ბანაობა უსაფრთხო,
გარემოს ეროვნული სააგენტო გვპასუხობს, რომ მიკრობიოლოგიურ
(ტოტალური კოლიფორმები, E.coli და ფეკალური სტრეპტოკოკები) ანალიზებს
(გარდა დაავადებათა გამომწვევი მაჩვენებლებისა) ახორციელებენ
ტბებსა და წყალსაცავებში და მხოლოდ მდინარე არაგვში. სხვა მდინარეებში
მიკრობიოლოგიური კვლევები არ მიმდინარეობს, ამიტომ ბანაობის
უსაფრთხოება ვერ განისაზღვრება.
მასალის გამოყენების პირობები