ქალაქს ჭირდება საერთო/საზოგადო სივრცეები. თუმცა, ამ
სივრცეების შენარჩუნება სულ უფრო რთული ხდება ქუთაისის ცენტრში თუ
ქალაქის სხვა ხალხმრავალ ადგილებში.
ამ ტერიტორიებს სხვადასხვა ბიზნესობიექტები იკავებენ. ეკონომიკური
ინტერესი საზოგადოებრივ ინტერესთან მოდის წინააღმდეგობაში. უკეტავს
სივრცეს და ხშირ შემთხვევაში ართმევს ჟანგბადს. ამას არ არეგულირებს
ხელისუფლება, ნაკლებად მიმართავს სხვა მიდგომებს და პრიორიტეტებს
სხვაგვარად ანაწილებს.
სპეციალისტები საქართველოში დეველოპერების ინტერესებზე საუბრობენ,
რომელთაც ერგება ხელისუფლება.
"არადა პირიქით უნდა იყოს, ხელისუფლება ხალხის ინტერესების დამცველი
უნდა იყოს დეველოპერებთან და მათთან საზოგადოების სურვილების
გამხმოვანებელი", - აღნიშნა არქიტექტორმა, ირაკლი ჟვანიამ ბიოლის
ფონდის მიერ გამართულ დებატებზე.
თუმცა, ხელისუფლება ასეთ ხედვებს ნაკლებად ამჟღავნებს.
ნაკლებია ქუთაისელი საზოგადოების მხრიდან საკუთარი სივრცისთვის
ბოლომდე ბრძოლის და თანმიმდევრული მოქმედების პრეცედენტებიც.
მაგალითად, საზოგადოების ნაწილის სურვილს არ წარმოადგენდა ქუთაისის
ცენტრში "მაკდონალდსის" რესტორნის მშენებლობა. შესაბამისად, ამ
მშენებლობას პროტესტის გარეშე არ ჩაუვლია. თუმცა, საპროტესტო ტალღა
რაღაც ეტაპზე განელდა და საბოლოოდ გაჩერდა.
სამაგიეროდ, ქუთაისში, ბუხაიძის ქუჩაზე პარკისა და სპორტული მოედნის
ტერიტორიის დათმობას და კაფეს მშენებლობის შეგუებას არ აპირებენ
ადგილობრივი მცხოვრებლები და საკუთარი სივრცის დაცვას სასამართლოს
გზით ცდილობენ.
ბოლო წლებში საზოგადოება ცდილობს არ დათმოს ქუთაისში ქალაქის საერთო
სივრცეები და შეინარჩუნოს საკუთარი თავშეყრის ადგილები. ისინი საკუთარ
პროექტებს და იდეებსაც ახმოვანებენ თუ როგორ უნდა გაჩნდეს და მოეწყოს
საზოგადოებრივი სივრცეები ქალაქში.
მაგალითად, ახალგაზრდათა ჯგუფი წლებია ითხოვს ქალაქის მერიიდან ე.წ.
სკეიდ პარკისთვის ტერიტორიის გამოყოფას. სადაც ისინი საკუთარი
სპორტული აქტივობების განხორციელებას უსაფრთხოდ შეძლებენ.
"სკეიდ პარკი შეიძლება გახდეს ახალი საერთო სივრცე და ახალგაზრდების
თავშეყრის ადგილი, ამიტომ მშვენიერ იდეად მეჩვენება", - მიაჩნია
ქუთაისელ დავით ნიქაბაძეს.
სპეციალისტები საუბრობენ საერთო სივრცეების პარკების, სკვერების
ხარჯზე ბიზნესობიექტების განთავსების მზარდ ტენდენციაზე და ნაკლებად
ხედავენ სხვაგვარ გადაწყვეტილებებს, მაგალითად, ისეთს, როდესაც სწორედ
საერთო სივრცის არსებობა და შენარჩუნება შეიძლება გახდეს ეკონომიკურად
მიმზიდველი, ამ სივრცის არსებობით გაიზარდოს ბიზნესმენთა დაინტერესება
ცენტრიდან დაცილებული ადგილების მიმართ. არა ამ სივრცეების შემცირება,
არამედ შენარჩუნება იქცეს სწორ და მომგებიან ეკონომიკურ სვლად.
"ვთქვათ, სკეიდპარკმა და იქ ახალგაზრდების სიმრავლემ შესაძლებელია
გააჩინოს ეკონომიკურად ახალი მიზიდულობის ცენტრი, გაჩნდეს რაიმე
პატარა სანაყინე, მაღაზია, კაფე, სადაც ახალგაზრდბი ივლიან", - ამბობს
ეკონომისტი მერაბ ტაბატაძე.
მსოფლიოს ქალაქებში არსებულ მსგავს მაგალითებზე მიუთითებს არქიტექტორი
ირაკლი ჟვანია.
"ნიუ-იორკში, მანჰეტენზე ცენტრალურ პარკს 4 კილომეტრიანი ზოლი უკავია,
მის მიმდებარე ტერიტორიაზე ყველაზე ძვირია მიწა და გასაქირავებელი
ფართი მსოფლიოში. თუმცა, არავის აზრად არ მოსდის ამ პარკის გაყიდვა და
იქ ოფისების ჩადგმა. პარკის ტერიტორიაზე მიწები რომ გაიყიდოს ამ
შემთხვევაში ქვეყანა ამერიკის ბიუჯეტზე ოთხჯერ მეტ შემოსავალს
მიიღებს. მაგრამ მოქალქეობრივი შეგრძნება მაღალია და ყველას
გააზრებული აქვს, რომ ეს ქალაქის სივრცეა, რომ ჟანგბადი ჭირდება დიდ
მეგაპოლისს. მაგრამ ამასთან ერთად, თუკი იქ პარკი არ იქნება მის
გარშემო ტერიტორიაც ფასს დაკარგავს, რამდენიმე წელიწადში ფასები
დაეცემა და ეკონომიკურადაც წამგებიანი გახდება", - აღნიშნავს ირაკლი
ჟვანია.
სპეციალისტების თქმით, დიდ ქალაქებში ტერიტორიების გასხვისების
გადაწყვეტილების მიღების დროს შორსმიმავალი გათვლები არ ხდება, თუ რა
შეიძლება მოყვეს ამა თუ იმ მიწის ნაკვეთის გაცემას, მისი გაცემით მეტს
მიიღებ თუ პირიქით, შენარჩუნებით და დაცვით?!
სპეციალისტები ქალაქების სტიქიურ განაშენიანებას ქალაქგანვითარების
გენერალური გეგმის არარსებობითაც ხსნიან.
ქუთაისის მერიაში აცხადებენ, რომ გენერალური გეგმაზე მუშაობისთვის
დონორების ძიების პროცესში არიან, ამ პროექტის ღირებულება 2
მილიონამდე ხარჯს მოითხოვს და მასზე მუშაობას მინიმუმ ორი წელი
დაჭირდება.
მასალის გამოყენების პირობები