ქუთაისში, კოსმეტიკური დანიშნულების ობიექტების კონტროლი დაიწყო.
ქალაქში არსებული 250-მდე სალონიდან უკვე 30 შემოწმებულია.
სანიტარული ნორმების დაღვევის შემთხვევაში ისინი პირველ ჯერზე 100
ლარით, ხოლო გამეორების შემთხვევაში 400 ლარით დაჯარიმდებიან. სალონის
მეპატრონეების ნაწილს ამოქმედებული რეგულაცია არ მოსწონთ და
აცხადებენ, რომ მათ ბიზნესზე უარყოფითად აისახება და შესაძლოა
მომსახურების ფასის გაზრდაც გამოიწვიოს. თავად, მომხმარებლები ამ
რეგულაციით კმაყოფილებას გამოთქვამენ.
უსაფრთხოება, იარაღების სტერილიზაციისა შენახვის მოთხოვნები, კონტროლი
და ვალდებულებები - ეს ის მოთხოვნებია, რომელიც სილამაზის სალონის
მეპატრონეებმა უნდა დაიცვან. ასევე, სალონში კედლების წმენდა წყლის
ნაცვლად, სადეზინფექციო საშუალებებით მოუწევთ. ამის გარდა, ისინი
ვალდებული არიან ყველა პროცედურის წინ ხელი დაიბანონ და ასევე, რიგ
შემთხვევებში ხელთათმანით იმუშაონ. ასევე, ნარჩენებისთვის სპეციალური
ურნები შეიძინონ.
რეგლამენტის მიხედვით, სალონებში დაგროვილი ნარჩენი ისევე, უნდა
გაუნებელყოფდეს, როგორც სამედიცინო.
დაავადების კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის
წარმომადგენლების განმარტებით, რეგლამენტი ქვეყანაში
ინფექციების გავრცელების თავიდან არიდების მიზნით
ხორციელდება. სწორედ მათი რეკომენდაციით, კოსმეტიკური
დანიშნულების ობიექტების კონტროლი, მუნიციპალიტეტებს, კერძოდ,
საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრებს დაევაალათ.
ქალაქში სილამაზის სალონების მონიტორინგს ქუთაისის ააიპ
"საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის"
ცენტრი უკვე ორი თვეა ახორციელებს.
"ჩვენი ჯგუფების მიერ აქტიურად ხორციელდება მონიტორინგი, რათა დაცული
იყოს ჰიგიენური ნორმები და შესაბამისად, მომხმარებელთა ჯანმრთელობა.
დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში, ჯერ ვაფრთხილებთ სალონის
მეპატრონეებს და ევალდებულებათ დროულად გამოასწორონ ხარვეზები," -
ამბობს ააიპ საზოგადოებირვი ჯანმრთელობისა და უსაფრთხო გარემოს
უზრუნველყოფის ცენტრის დირექტორი, მაია ნადარეიშვილი.
ნადარეიშვილის თქმით, სალონის მეპატრონეს გამოსასწორებელ ვადად ათი
დღე ეძლევა.
"თუ ამ ვადაში არ იქნება დაფიქსირებული ხარვეზი აღმოფხვრილი, ასეთი
სალონის მეპატრონეზე სამართალდარღვევის ოქმი შედგება. ოქმი
განხილვისთვის სასამართლოს გადაეგზავნება და ბრალეულობის დამტკიცების
შემთხვევაში ობიექტის მეპატრონე დაჯარიმდება," - განმარტავს მაია
ნადარეიშვილი.
მისი თქმით, ქუთაისის სილამაზის სალონებში ხშირად ფიქსირდება
ჰიგიენური ნორმების უგულებელყოფის ფაქტები, თუმცა, გაფრთხილებას
თითქმის ყველა ობიექტში ითვალისწინებენ.
"ჯერჯერობით არ ყოფილა შემთხვევა, რომ გამოსასწორებელ ვადაში არ
აღმოეფხვრათ ესა თუ ის ჰიგიენური პრობლემა, საკმაოდ დიდი
პასუხისმგებლობით ეკიდებიან ახალ მოთხოვნებს," - ამბობს
ნადარეიშვილი.
ქალაქში არსებული სილამაზის სალონის მეპატრონეების ნაწილი რეგულაციის
ამოქმედებას ემხრობა, ნაწილის აზრით, კი ეს ბიუჯეტის შესავსებად არის
ამოქმედებული, რადგან, მათ კონტროლი არ სჭირდებათ.
"ორი დღის წინ იყვნენ შემოწმებაზე და ყველაფერი ნორმაშია. მართლაც
მივესალმები ამ კანონის ამოქმედებას. აუცილებელია სალონში იყოს დაცული
ჰიგიენური ნორმები, სისუფთავე. ამას არცერთი სალონის მეპატრონე არ
უნდა გაექცეს," - განმარტავენ ქუთაისში, სალონ "თანის"
ადმინისტრაციაში.
"არ მომწონს ეს რეგულაცია, ფასებს გააძვირებს და მაგალითად ფრჩხილები
ვეღარ გაკეთდება ხუთ ლარად, რადგან თუ სასტერილიზაციო მუდმივად
ჩართული უნდა იყოს, რა თქმა უნდა, კომუნალური ხარჯები მოიმატებს," -
ამბობს ქუთაისში ერთ-ერთი სალონის თანამშრომელი მაკა ტუკვაძე.
"ამდენი ხანია არ არსებობდა ასეთი კანონი და მუშაობდა ბიზნესი
გამართულად, უსაფრთხოდ. არც არავინ დაავადებულა, იმიტომ რომ
შარი არავის სჭირდება. ახლა ეს წესები გააძვირებს ხარჯებს, მერე
მომსახურებას და ბიზნესიც უკან დაიხევს, ქუთაისში ისედაც ვერ იხდის
ძვირს მომხმარებელი," - ამბობენ ქუთაისში სალონ "სილამაზის
ცენტრში."
თავად მომხმარებლებს, ახლად ამოქმედებულ ტექნიკური რეგლამენტი მოსწონთ
და ამბობენ, რომ ახლა უფრო თამამად ესტუმრებიან ესთეტიური
დანიშნულების ცენტრებს.
"მანიკურისთვის სალონში საკუთარი მაკრატლით მივდიოდი. ვერ ვენდობოდი
ისეთ იარაღებს, რომელსაც არ ვიცოდი როგორ ასტერილებდნენ. ათასი
ადამიანი სტუმრობს სალონს და ეს ადვილად შეიძლება გახდეს ინფექციის
წყარო. ძალიან კარგია, რომ რეგულაციები დაწესდა, ვეღარავინ გაბედავს
ჯარიმის შიშით არ დაიცვას ჰიგიენა," - ამბობს ქუთასში მცხოვრები თამთა
თორდია.
ტექნიკური რეგლამენტის - "საზოგადოებრივი მნიშვნელობის
დაწესებულებებში ესთეტიკური და კოსმეტიკური პროცედურების წარმოებისას
ინფექციების პრევენციისა და კონტროლის სანიტარული ნორმების შესახებ"
გათვალსიწინებებით, სილამაზის სალონებს სხვადსხვა ჰიგიენური ნორმების
დაცვის ვალდებულება ეკისრებათ, რაც პირველ რიგში ინსტრუმენტების
დეზინფექცია- სტერილიზაციას და მათ შემდგომ შენახვას გულისხმობს.
რეგულაციები თმის შეჭრისთვის განკუთვნილ სავარცხლებს და მაკრატლებსაც
ეხება. ისინი რეგლამენტში ნაკლებად კრიტიკული ნივთების სიაში გადის და
მხოლოდ გარეცხვას მოითხოვს.
მოქმედი რეგულაციით, სალონს თუ ამ დრომდე არ აქვს საზოგადოებრივი
მნიშვნელობის ობიექტის სტატუსი, მას 500 - ლარიანი სანქცია
დაეკისრება.
ესთეტიკური ცენტრებისა და სილამაზის სალონების რეგისტრაცია
სავალდებულო 2016 წლის 1 ოქტომბრიდან გახდა.
მასალის გამოყენების პირობები