საზოგადოება
სექსუალური შევიწროება - პრობლემა, რომელიც საქართველოში პრობლემად აღქმული არაა
FaceBook
ყოველდღიურად, თითქმის ყველა ქალი სხვადასხვა ფორმით სექსუალური შევიწროების მსხვერპლი ხდება.
არასასურველი შეხება ან ხახუნი, ვულგარული ჟესტები, დასტვენა ან დასიგნალება, სექსუალური ხასიათის ფრაზების მიძახება, სექსუალური ძალადობა და სხვა ნებისმიერი ქმედება, რომელიც მსხვერპლის გაბრაზებას, შეწუხებას ან დამცირებას იწვევს სექსუალური შევიწროებაა.

საქართველოში ეს პრობლემა რეგულირების მიღმაა დარჩენილი. ქალთა უფლებების საკითხზე მომუშავე ორგანიზაციების თქმით, საქართველოს კანონმდებლობა დღეს მსხვერპლ ქალებს ვერ იცავს. პრობლემა იმდენად აქტუალური მასშტაბური გახდა, რომ თუ ქალებს წინა წლებში ამაზე საუბარი უჭირდათ, ახლა უკვე ამ პრობლემაზე ალაპარაკდნენ.

"ვიყავი დაახლოებით 12 წლის. მარშრუტში უხერხულ სიტუაციაში ჩამაგდო ჩემზე ბევრად ასაკოვანმა მამაკაცმა, როცა სხეულზე ხახუნი დამიწყო. მე მივუბრუნდი და ვცემე. ისიც არ ვიცი რა ინსტიქტით... ბევრი უბრალოდ დაიბნეოდა. სიმართლე გითხრათ, ამ დღეს მე დამადანაშაულეს ისევ ასაკოვანმა ქალებმა უტაქტობაში".

"დილით სამსახურში მიმავალმა ტაქსი გავაჩერე, ჩავჯექი და უცებ ჩამთვლიმა. რამდენიმე წუთში კი ტაქსის მძღოლმა ჩემზე მასტურბირება დაიწყო. ერთი ხელით მასტურბირებს, მეორეთი კი მანქანის მართვას აგრძელებს. ავტომანქანას შუქნიშანზე გაჩერება მოუწია. ახალგამოღვიძებული ვიყავი, წესიერად ვერ მივხვდი უცებ რა ხდებოდა. ერთადერთი რასაც მივხვდი, იქაურობას უნდა გავცლოდი. არც მითქვამს გააჩერე-მეთქი, გავაღე უბრალოდ კარი და გადავედი. კიდევ კარგი წითელზე ვიყავი გაჩერებული, თორემ დავიმტვრეოდი ალბათ".

ეს იმ ქალების ისტორიებია, რომლებმაც დუმილის დარღვევა გაბედეს. ამბობენ რომ ამაზე ხმამაღლა საუბარი უჭირთ, რადგან ასეთი შემთხვევების დროს საზოგადოების მხარდაჭერას არ გრძნობენ. მათი თქმით, თუ ქალმა გაბედა და ხმა ამოიღო, საზოგადოება თითს ქალისკენ იშვერს.
"ქალებზე ამბობენ, რომ აცდუნა, გამომწვევად ეცვა, მოკლე კაბა, დეკოლტე, წითელი თმა, მკვეთრი მაკიაჟი და ა.შ. კაცების მიმართ კი ძირითადად გამართლება არის ხოლმე, რომ მთვრალია და რა მოეთხოვება, ცდუნდა, კაცია და რა ქნას?!", - ამბობენ სექსუალური შევიწროების მსხვერპლი ქალები.

ქალთა საინფორმაციო ცენტრის მიერ 2014 წლის სექტემბერ-ნოემბერში ჩატარებული კვლევის მიხედვით, საზოგადოებრივი ტრანსპორტის, თბილისის მეტროს მგზავრთა 45%-ს სექსუალური შევიწროება განუცდია. 200 გამოკითხულიდან 90-ს კი სექსუალური შევიწროების რამდენიმე ფორმა განუცდია. აგრეთვე, საინტერესო შენიშვნას აკეთებს კვლევა სექსუალური შევიწროების დროს დახმარების თაობაზე. კვლევის მიხედვით, რესპონდენტთა 85.5%-ს არავინ დახმარებია მაშინ, როდესაც ისინი სექსუალურ შევიწროებას განიცდიდნენ. არც ერთ რესპონდენტს პოლიციისთვის არ მიუმართავს.

კავშირ "საფარში", რომელიც ქალთა უფლებების დამცველი ერთ-ერთი ორგანიზაციაა, პრობლემად მიაჩნიათ ის, რომ საზოგადოებრივ სივრცეში სექსუალური შევიწროება კანონით არ რეგულირდება და შესაბამისად, მისი არც დასჯად ქმედებად განსაზღვრება ხდება. ორგანიზაციის იურისტის, თამარ გოლეჯაშვილის თქმით, მეორე მთავარი პრობლემა ამ თემაზე ქალების ცნობიერების ამაღლებაა. იურისტის თქმით, ამ პრობლემაზე ქალები ხშირად ვერ საუბრობენ და თავის სახელს ვერ არქმევენ.

"არ არსებობს ქალი, რომელსაც რაიმე სახის სექსუალური შევიწროება არ განუცდია. მიუხედავად ამისა, სამწუხაროდ, არც ადმინისტრაციულ სამართალდაღვევათა, არც შრომის კოდექსში არ გვაქვს მუხლი, რომელიც დაარეგულირებს ამ საკითხს. არც საჯარო სივრცეში და სამუშაო სივრცეში რეგულირდება ეს საკითხი", - ამბობს კავშირ "საფარის" იურისტი, თამარ გოლეჯაშვილი.

"საფარმა", ამ პრობლემის აღმოსაფხვრელად, რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციასთან ერთად, ადმინისტრაციულ სამართალდაღვევათა კოდექსში მუხლიც შეიმუშავა, რომელიც სექსუალურ შევიწროებას დაარეგულირებს. ზემოთ აღნიშნული მუხლი, ფაქტის დადგენის შემთხვევაში, პირის დაჯარიმებას 200-დან 100 ლარამდე, ან პატიმრობას 15 წლის ვადით გულისხმობს.

თუმცა, ჯერჯერობით, ცვლილება კანონმდებლობაში შესული არ არის. ისინი საკანონმდებლო ინიციატივის პარლამენტში დარეგისტრირების მოლოდინში არიან. მანამდე კი ორგანიზაციაში ქალებს სექსუალური შევიწროების ფაქტის შემთხვევაში პატრულში დარეკვას ურჩევენ. ისინი მსხვერპლ ქალებს, აგრეთვე, უფასო ფსიქოლოგიურ და იურიდიულ დახმარებას სთავაზობენ.

ფსიქოლოგ ეკა გვეტაძის თქმით, ეს საზოგადოების დამახინჯებული მიდგომაა, რომელიც სექსუალური ურთიერთობების, უპარტნიორობის პრობლემიდან გამომდინარეობს. 

"როცა ადამიანს სექსუალური შიმშილი აქვს ან ის ისეთ ფსიქოლოგიურ პრობლემას განიცდის, შეიძლება მოდიოდეს მსგავსი უსიამოვნებები ასეთი ადამიანებისგან, სამწუხაროდ", - ამბობს ეკა გვეტაძე. 

ორგანიზაციის წარმომადგენლები ქალებს მოუწოდებს, ფაქტის შემთხვევაში თვითონ შეეწინააღმდეგონ ამ ქმედებას, რადგან სხვა ბერკეტი ჯერჯერობით არ არსებობს.
თამარ გოლეჯაშვილის თქმით, დადებითი ტენდენცია ამ კუთხით შეინიშნება ის, რომ ბოლო დროს ქალებმა ამ თემაზე ღიად საუბარი დაიწყეს.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის
სტუდენტს, საბა ჭეიშვილს, საზოგადოების მხარდაჭერა
სჭირდება.
11:32 / 11.10.2024
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტს, საბა ჭეიშვილს, საზოგადოების მხარდაჭერა სჭირდება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.