1 ივნისს, ბავშვთა დაცვის საერთაშორის დღეს, საქართველოს სახალხო
დამცველმა საქართველოს მთავრობას, დიპლომატიურ კორპუსს, საერთაშორისო
და ადგილობრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებს სპეციალური ანგარიში
წარუდგინა "ბავშვთა უფლებრივი მდგომარეობის შესახებ".
ანგარიში საქართველოს სახალხო დამცველის 2016 წლის საპარლამენტო
ანგარიშის ნაწილს წარმოადგენს და ქვეყანაში არასრულწლოვანთა უფლებების
დაცვის ძირითად გამოწვევებსა და პრობლემურ საკითხებს ასახავს.
საანგარიშო პერიოდის განმავლობაში განსაკუთრებით პრობლემური
მდგომარეობა გამოიკვეთა ბავშვთა შრომის, "შრომის უკიდურესი ფორმები
პრევენციისა და დაუყოვნებლივ აღმოფხვრის" შრომის საერთაშორისო
ორგანიზაციის კონვენციის განხორციელების, ბავშვთა ტრეფიკინგის,
პროსტიტუციაში ჩაბმის, პორნოგრაფიული ნაწარმოების უკანონო დამზადებასა
და გასაღების საქმეებზე დაწყებული გამოძიებისა და სამართალდამცავთა
განხორციელებული ღონისძიებების ნაკლებეფექტიანობისა და
არასრულწლოვანთა შრომითი მიგრაციის მიმართულებით.
"კვლავ ხშირის შრომის გამო სკოლის მიტოვების შემთხვევები. მხოლოდ 2016
წელს საბაზო განათლების დასრულებამდე 241–მა ბავშვმა შეწყვიტა
განათლების მიღება, ხოლო საბაზო განათლების დასრულების შემდეგ –
924–მა.
გასული წლების მსგავსად, კვლავ მაღალია 5 წლამდე გარდაცვლილ ბავშვთა
სიკვდილიანობის მაჩვენებელი. 2016 წლის წინასწარი მონაცემების
თანახმად, გარდაიცვალა 0–დან 1 წლამდე ასაკის 511 ბავშვი, ხოლო 1–დან
5 წლამდე ასაკის – 93 მცირეწლოვანი. ასევე, უკიდურესად შემაშფოთებელია
ბავშვთა განთავსების ინსტიტუციებში ჯანდაცვის, წყლის, კვების
ორგანიზაციული წესების, სანიტარიისა და ჰიგიენის დაცვის საკითხები. ამ
სფეროში არსებული მდგომარეობა არ შეესაბამება საერთაშორისო
სტანდარტებს და ეწინააღმდეგება გაეროს ბავშვის უფლებათა კონვენციის
ძირითად პრინციპებს.
არასათანადო მდგომარეობა ფიქსირდება ბავშვთა მიმართ ძალადობის მაღალი
მაჩვენებლის, ძალადობის მსხვერპლთა გამოვლენის, რეაბილიტაციისა და
დაცვის ეფექტიანი ღონისძიებების განხორციელების კუთხით.
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში განსაკუთრებით პრობლემურია
ბავშვთა ფიზიკური დასჯისა და ბულინგის შემთხვევები. სსიპ სოციალური
მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, 2016 წელს ბავშვის მიმართ
ძალადობის 755 ფაქტი გამოვლინდა. მნიშვნელოვან პრობლემად რჩება
სოციალურ მუშაკთა და ფსიქოლოგთა მცირე რაოდენობა, განსაკუთრებით
პრობლემურია, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოში, ქვეყნის
მასშტაბით, მხოლოდ 11 ფსიქოლოგია დასაქმებული",
- ნათქვამია სახალხო დამცველის მიერ
მომზადებულ ანგარიშში.
მასალის გამოყენების პირობები