საზოგადოება
ავტორიზებული სწავლება - რა იცვლება ავტოსკოლებისთვის
FaceBook
საქართველოს მთავრობა ავტოსკოლების ავტორიზაციას და მათთვის ერთიანი სასწავლო სისტემის შემოღებას გეგმავს.
თავად ავტოსკოლებს ამ საკითხზე ინფორმაცია არ აქვთ და ამბობენ, რომ ამ დროისთვის არსებული სტანდარტი დამაკმაყოფილებელია. არასამთავრობო ორგანიზაციები კი მომატებულ ავტოსაგზაო შემთხვევებს მძღოლთა განათლებას უკავშირებენ და იმ ავტოსკოლების აღკვეთას ითხოვენ, ვინც არალიცენზირებულად საგზაო მოძრაობის წესებს ასწავლიან.

ავტორიზაციის შემდეგ, მართვის მოწმობის ასაღებად, გამოცდაზე მხოლოდ ის პირები დაიშვებიან, რომელთაც ასეთი ავტოსკოლა ექნებათ გავლილი.

საგზაო მოძრაობის წესები, რომელსაც დღეისათვის ავტოსკოლებში ასწავლიან, 1 032 საკითხისგან შედგება. აქედან, გამოცდაზე გასულმა პირმა პასუხი 30 საკითხს უნდა გასცეს. თეორიული ნაწილი ჩაბარებულად მაშინ ითვლება, თუკი პირი 27 დადებით პასუხს გასცემს.

ნინო მანაგაძე მართვის მოწმობის მისაღებად ემზადება. ის უკვე მესამე კვირაა საგზაო მოძრაობის წესებს სწავლობს. ნინო ამბობს, რომ გამოცდას მას შემდეგ ჩააბარებს, რაც ინსტრუქტორისგან სრული მზაობის შესახებ თანხმობას მიიღებს. თუმცა, შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტომდე, ის ჯერ გამოცდას ავტოსკოლაში აბარებს და აქ ნასწავლ ცოდნას ამოწმებს.

"თითქმის მზად ვარ. დღეს გავაკეთე ტესტი და ორი შეცდომა დავუშვი. მინდა, რომ არც ერთი შეცდომა არ მქონდეს. როცა მზად ვიქნები, მასწავლებელი მეტყვის," - ამბობს ნინო მანაგაძე.

ახალბედა მძღოლების ნაწილისთვის ავტოსკოლებში მიღებული ცოდნა დამაკმაყოფილებელია, ზოგიერთი კი ამბობს, რომ საგამოცდოდ საგანგებოდ დაზეპირებული თეორიული საკითხები რეალურ მოძრაობაში ვერ გამოიყენა და საგზაო მოძრობის წესების სწავლა თავიდან მოუწია.

"როცა მანქანით ქუჩაში გავედი, ძალიან დავიბენი. ყველაფერი დამავიწყდა, რაც იქ ვისწავლე და თანდათან მოძრაობაში მივხვდი ბევრ რამეს. გამოდის, რომ მხოლოდ გამოცდისთვის ვიზეპირე ისინი," - ამბობს ნანა არჩვაძე, რომელიც თითქმის ორი წელია ავტომობილს მართავს.

მძღოლების მოსაზრებას, რომ ავტომობილის მართვა რეალურ მოძრაობაში უნდა ისწავლებოდეს, ავტოსკოლებშიც იზიარებენ. თუმცა, არ ეთანხმებიან იმ აზრს, რომ თეორიული ნაწილის სწავლება გაზეპირებულად ხდება.

"ყველაფერს ვასწავლით, რაც შესაძლებელია თეორიულად ისწავლებოდეს. გვაქვს შესაბამისი თვალსაჩინოება და ინდივიდუალურადაც ვუხსნით მოსწავლეებს. გააჩნია თვითონ მსურველი პირის შესაძლებლობებს," - განმარტავს ქუთაისში მოქმედი ავტოსკოლა "მეგას" ინსტრუქტორი, ნინო ჯირჭარაძე.

უფრო კრიტიკულები არიან ამ საკითხზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები. უფრო მეტიც, მათი წარმომადგენლები ავტოსაგზაო შემთხვევების მომატებულ რაოდენობას ავტოსკოლებში მიღებულ არასრულფასოვან ცოდნას უკავშირებენ.

"პრობლემა არის განათლებაში, იმიტომ გვაქვს ამდენი ასშ. მას შემდეგ რაც დელეგურილებული იქნა და ავტოკოლები აღარ არის ლიცენზირებული, მომრავლდა ე.წ "თაღილთური" ჯგუფები, რომლებიც ე.წ კოდირების გზით ამზადებენ მსურვებელებს. საბოლოო ჯამში, აბსოლუტურად უცოდინარი ადამიანი იღებს მართვის მომწმობას," - განამრტავს "საგზაო უსაფრთხოებისა და ავტოსკოლების ასოციაციის" თავმჯდომარე, დავით მესხიშვილი.

ავტოსკოლების ლიცენზირების, პედაგოგებისა და ინსტრუქტორების სერთიფიცირების აუცილებლობის საკითხი, სწორედ ამ ორგანიზაციის ინიცირებულია. ამავე დროს, დავით მესხიშვილი მიუთითებს, რომ მართვის მოწმობის მისაღებად ავტოსკოლის გავლა და ერთიანი სასწავლო სისტემის შემოღება სავალდებულო უნდა გახდეს.

ამ მოსაზრებას იზიარებს "საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის" ხელმძღვანელი, ეკა ლალიაშვილი. ის ამბობს, რომ ახალბედა მძღოლები მაღალ რისკს შეადგენენ და იმ ცოდნას ვერ იღებენ, რაც მძღოლს ჭირდება.

"მძღოლობის ნებისმიერ მსურველს, შეუძლია ოჯახის წევრმა ან მასწავლებელმა ასწავლოს ავტომობილის მართვა. მთავარია, მივიდეს და გამოცდა ჩააბაროს. იქ არ მოითხოვება რაიმე დოკუმენტი თუ სად გაიარა ეს კურსი. როდესაც თეორიულად ასწავლიან ავტოსკოლაში, 2-3 თვეში შეიძლება მისი დაზეპირება ისე, რომ გამოცდა ჩააბარონ და ხშირ შემთხვევაში, საგზაო მოძრაობის წესებს და ავტომობილის მართვას შემდეგ სწავლობენ. ეს არის სარისკო," - ამბობს "საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის" ხელმძღვანელი.

ეკა ლალიაშვილის აზრით, ავტოსკოლებში, საგზაო ნიშნების გარდა, ისიც უნდა ისწავლებოდეს, რომ მძღოლობა პასუხისმგებლობაა და არასწორი ქცევით მძღოლი საფრთხე სხვის და საკუთარ სიცოცხლესაც უქმნის.

"ისეთი ავტოსკოლები გვინდა, სადაც რეალურ ცოდნას მისცემენ მძღოლებს. მართვის მოწმობის მიღება არ უნდა იყოს მარტივი. დღეს ნებისმიერ ადამიანს შეუძლია ნებისმიერ ადგილზე გახსნას ავტოსკოლა: სარდაფში, ფარეხში და ა.შ. ის სტანდარტიც არ არის ვინ შეიძლება გახსნას ან სად შეიძლება გაიხსნას ავტოსკოლა, ვინ ასწავლის იქ. არც ვიზუალური მასალა აქვთ და აბსოლუტურად დრომოჭმული, ე.წ "თაღლითური" მეთოდებით ასწავლიან, რადგან ცოდნას კი არ გაძლევენ, აზეპირებინებენ რომელი პასუხი უნდა შემოხაზო. ეს არ არის ცონდა, არამედ არის მოტყუება," - აღნიშნავს ეკა ლალიაშვილი.

ამ დროისთვის ზუსტი სტატისტიკა თუ რამდენი ავტოსკოლაა საქართველოში არ არსებობს. არასამთავრობო ორგანიზაციების ინფორმაციით კი დედაქალაქში დაახლოებით 700-მდე ავტოსკოლაა, 300-მდე კი რეგიონებში.

ავტოსკოლებში სწავლების ხარისხის გაუმჯობესების და მათთვის ერთიანი საბაზისო სტანდარტის შემქნაზე საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ გააჟღერა. მისი თქმით, ამ საკითხზე შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად, სხვადასხვა უწყებებიც უნდა ჩაერთონ.

თუმცა, შს მინისტრის მოადგილემ, შალვა ხუციშვილმა განმარტა, რომ ამ საკითხზე მთავრობის პოზიცია უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი.

"ამ პროექტზე ვმუშაობთ როგორც დიდი რეფორმაზე. ვაწარმოებთ აქტიურ კონსულტაციას განათლების სამინისტროსთან. თუკი კონსულტაციები წარმატებით დასრულდება, სამინისტრომ უნდა ითავოს და ყველა ასეთ სკოლას ავტორიზაცია გაატაროს. ავტოსკოლებს ექნებათ სპეციალური პროგრამა, თუ რამდენი საათი უნდა ავარჯიშოს. მოხდება ამ ყველაფრის მონიტორინგი," - განაცხადა შალვა ხუციშვილმა.

არასამთავრობო სექტორი ვარაუდობს, რომ ხელისუფლება, კონკრეტული წინადადებების შემუშავების შემდეგ, სამუშაო ჯგუფს შექმნის, რომლის მუშაობაშიც აქტიურად ჩაერთვებიან.

საგზაო მოძრაობის უსაფრთოების რეფორმაზე მუშაობა საქართველოს მთავრობამ უკვე დაიწყო, პარლამენტმა კი "საგზაო მოძრაობის შესახებ" კანონში ცვლილებები დაამტკიცა. ხელისუფლება და არასამთავრობი სექტორი ვარაუდობს, რომ შემაშფოთებელ სტატისტიკას, რომელიც საგზაო მოძრაობის უსაფრთხოებას უკავშირდება, რეფორმის განხორციელების შემდეგ მნიშვნელოვნად შეიცვლება და ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად დაღუპულთა და დაშვებულთა რიცხვი შემცირდება.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის
სტუდენტს, საბა ჭეიშვილს, საზოგადოების მხარდაჭერა
სჭირდება.
11:32 / 11.10.2024
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტს, საბა ჭეიშვილს, საზოგადოების მხარდაჭერა სჭირდება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.