2013 წლის 17 მაისის მოვლენებიდან გასულმა ოთხმა წელმა სექსუალურ
უმცირესობათა უფლებების დაცვის კუთხით არსებითი სასიკეთო ცვლილება არ
მოიტანა.
ამაზე მიუთითებენ იურისტები და აღნიშნავენ, რომ სახელმწიფოს მხრიდან
საკანონმდებლო ან კანონქვემდებარე აქტებში ამ ხნის მანძილზე რაიმე
გარანტიების თვალსაზრისით ცვლილება-შესწორება არ შესულა. უფრო მეტიც,
ხელისუფლებისა და პოლიტიკოსების ჰომოფობიური მესიჯები კვლავ მათი
წინასაარჩევნო რიტორიკის ერთ- ერთ მთავარ ნაწილად რჩება.
ლგბტ თემის წარმომადგენლებისთვის კვლავაც არ არის უზრუნველყოფილი
შეკრების თავისუფლება. ისინი საქართველოში თითქმის ერთადერთ მოწყვლად
ჯგუფს წარმოადგენენ, რომელთაც დაბრკოლებისა და ბარიერების გარეშე არ
შეუძლიათ საჯაროდ დააფიქსირონ საკუთარი აზრი მათ უფლებრივ
მდგომარეობაზე.
"არაფერი გაკეთებულა საიმისოდ, რომ მომხდარიყო ამ პირთა შეკრების
თავისუფლების უზრუნველყოფა, სხვა პირებს საქართველოში შეუძლიათ
დაუბრკოლებლად შეიკრიბონ ნებისმიერ საჯარო ადგილას, გარდა ლგბტ თემის
წევრებისა", - აღნიშნავს საიას იურისტი თამარ დეკანოსიძე.
საქართველოს სახელმწიფომ არ შექმნა გარანტიები, სამაგიეროდ, ამ ჯგუფის
მიმართ განხორციელებულ დისკრიმინაციულ შემთხვევებზე რეაგირება
მოახდინა ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ და 2017 წელს
გამოიტანა გადაწყვეტილება, სადაც ის 2013 წლის 17 მაისის მოვლენებში,
სახელმწიფოს ბრალეულობასა და სახელმწიფოს როლზე მიუთითებს. აღნიშნავს,
რომ იგი ვერ უზრუნველყოფს ამ კონკრეტული ჯგუფის შეკრების თავისუფლების
განხორციელებას.
მსგავსი გადაწყვეტილება ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ
2012 წლის 17 მაისის შემთხვევაზეც გამოიტანა. სპეციალისტების თქმით,
2012 წელსაც სახელმწიფომ არ დაიცვა მოქალაქეთა შეკრების თავისუფლების
უფლება და ამიტომ ხელი შეეშალათ დემონსტრანტებს.
"სწორედ ამ საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 2015
წელს გამოიტანა გადაწყვეტილება, სადაც მან სახელმწიფო სცნო ადმიანის
უფლებათა კონვენციის რამდენიმე მუხლის დამრღვევად. მაგალითად,
სახელმწიფომ დაარღვია არაადამიანური მოპყრობის აკრძალვის მუხლი და
ჩაიდინა დისკრიმინაცია", - ამბობს თამარ დეკანოსიძე.
ლგბტ წარმომადგენლების მისამართით არსებული დისკრიმინაციული რიტორიკა
და ამ თემით სპეკულირება არაიშვიათად ისმის და ჩნდება სახელმწიფოს
წარმომადგენლების გამოსვლებში. ამის გამოძახილია იმ კონსტიტუციური
ცვლილების შეტანის მცდელობაც, რაც ქორწინების საკითხს ეხება.
"რამოდენიმეჯერ იყო მცდელობა ქორწინების ცნების, როგორც ოჯახის
შემქნის მიზნით ქალისა დამამაკაცის ნებაყოფლობითი კავშირის
განსაზღვრის საკითხზე რეფერენდუმის დანიშვნისა, რაზეც საბოლოოდ 2016
წლის 09 აგვისტოს პრეზიდენტმა უარი განაცხადა. დღეს, კონსტიტუციის
ახალი პროექტის ერთ-ერთ დებულებას სწორედ ქორწინების ცნების
იმდაგვარად განსაზღვრა წარმოადგენს, რაც არსებითად ლახავს ლგბტ-ი
თემის წარმომადგენელთა უფლებებს", - აღნშნავს ორგანიზაცია საქართველოს
დემოკრატიული ინიციატივის თავმჯდომარე გიორგი მშვენიერაძე.
თუმცა სპეციალისტების განმარტებით, აღნიშნული საკონსტიტუციო ცვლილება
პრინციპულს არაფერს ცვლის.
"დღესდღეობით საქართველოს კონსტიტუცია არ განსაზღვრავს ქორწინებას
როგორც ქალსა და მამაკაცს შორის კავშირს. იგი ქორწინების უფლებას
ანიჭებს ნებისმიერ ადამიანს.სამაგიეროდ სამოქალქო კოდექსი
აკონკრეტებს, რომ ქალსა და მამაკაცს შეუძლიათ მხოლოდდამხოლოდ
დაქორწინდნენ ამიტომ ამ ჩანაწერის გაკეთება კონსტიტუციაში აბსოლუტურად
არაფერს შეცვლის, რადგან კონტიტუციაში ამ ჩანაწერის შეტანის გარეშეც
საქართველოში ქორწინების უფლება მხოლოდ ქალსა და მამაკაცს აქვს", -
ამბობს თამარ დეკანოსიძე.
კონსტიტუციაში ამ ცვლილების შეტანის მცდელობა კვალიფიცირდება, როგორც
სახელმწიფოს მხრიდან გაკეთებული პოლიტიკური მესიჯი, რაც გამოხატავს
სახელმწიფოს ნაკლებ კეთილგანწყობას ლგბტ თემის წარმომადგენლების
მიმარ, აღნიშნავენ იურისტები და უფლებადამცველები.
თუმცა, ამ დამოკიდებულების მიუხედავად 2013 წლის 17 მაისის შემდეგ,
2014 წლის 2 მაისს მიიღეს საქართველოს კანონი "დისკრიმინაციის ყველა
ფორმის (მათ შორის, სექსუალური ორიენტაციის, გენდერული იდენტობის)
აღმოფხვრის შესახებ".
სამაგიეროდ, 2013 წლის 8 ოქტომბრის საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა
და სოციალური დაცვის მინისტრის #01-39/ნ ბრძანებით ცვლილება "შევიდა
სისხლისა და მისი კომპონენტების დონორობის წინააღმდეგ ჩვენებების
განსაზღვრის შესახებ" ამავე მინისტრის ბრძანებაში და ჰომოსექსუალიზმი,
მიკუთვნებული როგორც შიდსის რისკის ჯგუფს, რაც, თავის მხრივ,
წარმოადგენდა სისხლისა და მისი კომპონენტების დონორობის აბსოლუტურ
წინააღმდეგ ჩვენებას, ჩანაცვლდა ტერმინით "მამაკაცის სქესობრივი
კავშირი მამაკაცთან".
"ამ ცვლილებამ გარკვეულწილად დაავიწროვა უფლების დარღვევის სუბიექტთა
წრე, თუმცა პრობლემა სექსუალური ორიენტაციის მქონე პირთა ამ
ნაწილისთვის კვლავ აქტუალურია. უკვე 2014 წლის 4 თებერვალს
საკონსტიტუციო სასამართლომ აღნიშნული ბრძანების 2013 წლის 8
ოქტომბრამდელ რედაქციაში ტერმინი "ჰომოსექსუალიზმი" არაკონსტიტუციურად
ცნო კონსტიტუციის მე-14 და მე-16 მუხლებთან მიმართებით", - აღნიშნავს
გიორგი მშვენიერაძე.
2013 წლის მონაპოვარი აისახა შეკრების ფორმებშიც. 2014, 2015 წელს
საქართველოში არ მიეცათ ჰომოფობიის წინააღმდეგ აქციის განხორციელების
საშუალება. 2016 წელს იგი ე.წ. გასაიდუმლოებული ფორმით ჩატარდა. 2017
წელს შეკრების შესაძლებლობის მიუხედავად ლგბტ თემი კვლავაც რჩება
ჯგუფად მათი უფლებების ფაქტობრივი დაცვის გარანტიების
გარეშე.
მასალის გამოყენების პირობები