იმერეთის მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებმა ახალი ნაგავმზიდებისა და
კონტეინერების შესაძენად მუნიციპალური განვითარების ფონდისგან სესხი
აიღეს.
თანხის დაფარვის ვალდებულება მათ 2019 წლიდან ეკისრებათ. მანამდე კი,
მყარი ნარჩენების მართვის პროექტის ფარგლებში, რაც ევროკავშირთან
ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებაა, მთავრობა რეგიონის
მოსახლეობისთვის დასუფთავების გადასახადის დაწესებას აპირებს და
ტარიფის დადგენაზე მუშაობს. გარემოს დაცვის ექსპერტები ინიციატივას
დადებითად აფასებენ და აღნიშნავენ, რომ ეს დაბინძურებას
შეამცირებს.
ამ დროისთვის იმერეთის მუნიციპალიტეტებში დასუფთავების მოსაკრებელს
მხოლოდ ქალაქის მოსახლეობა იხდის. სოფლებში კი მომსახურება არ ხდება.
ადგილობრივების ნაწილს მიაჩნია, რომ მოსაკრებლის დაწესება სოფლებში
საჭირო არაა.
61 წლის ლოლა ესაძე წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ მაღლაკში
მეუღლესა და სტუდენტ შვილიშვილთან ერთად ცხოვრობს. ოჯახის ერთადერთი
შემოსავალი მისი პენსია და ბოსტნეულის გაყიდვით მიღებული თანხაა.
ლოლა ესაძე ამბობს, რომ ოჯახში თვიდან თვემდე ძალიან მცირე ნარჩენი
გროვდება, რადგან მათ ნაწილს მსხვილფეხა საქონელს აჭმევენ ან წვავენ.
ის გადასახადის შემოღებას არ ეწინააღმდეგება, თუმცა მისი აზრით,
ტარიფი მაღალი არ უნდა იყოს.
"დენის და გაზის გადასახადს ვიხდით, ამას ტელეფონი და ტელევიზიაც
ემატება. პენსია რამდენს უნდა გაწვდეს, წამალიც ხომ გვინდა, ამიტომ
გადასახადი დიდი არ უნდა იყოს. სოფელია, შემოსავალი ნაკლებია და ხალხს
უნდა შეაძლებინონ," - ამბობს ლოლა ესაძე.
იმერეთის მუნიციპალიტეტებში აცხადებენ, რომ იმ სოფლებში, სადაც
მომსახურებას გაწევენ, გადასახადი დაწესდება, თუმცა მისი რაოდენობა ამ
დროისთვის არ იციან.
სამტრედიის გამგებელი, ვალერი ფოცხვერია ჩვენთან საუბარში განმარტავს,
რომ მოსახლეობიდან ნარჩნების მოსაკრებლის ამოღება სამი წლის შემდეგ
დაიწყება .
"ქვეყნის მასშტაბით საერთო კანონს მიიღებენ და ტარიფი, შესაძლებელია,
ჩვენ განვსაზღვროთ," - ამბობს ვალერი ფოცხვერია.
"მოსაკრებელზე მუშაობს გამგეობა და საკრებულო. ამ ეტაპზე ვერ გეტყვით,
ვმუშაობთ და ვნახოთ რა ტარიფზე დავჯდებით," - განმარტავს საჩხერის
გამგებელი, მალხაზ ბაზაძე.
ტარიფის გაანგარიშების მეთოდოლოგიაზე გარემოს დაცვის სამინისტრო და
მყარი ნარჩენების მართვის კომპანია დონორ ორგანიზაციებთან ერთად
მუშაობს. მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის დირექტორის მრჩეველი,
ხათუნა ჩიკვილაძე განმარტავს, რომ ტარიფის დაანგარიშება ნარჩენების
რაოდენობაზე და მათი მართვისთვის საჭირო ხარჯების საფუძველზე
მოხდება.
"გათვალისწინებული იქნება სოციალური საკითხები და მოსახლეობის
გადახდისუნარიანობაც, რაც ყველას ერთნაირი არ აქვს. მთავრობა მუშაობს
რეალური ტარიფის დასაანგარიშებელ მეთოდოლოგიაზე," – განმარტავს ხათუნა
ჩიკვილაძე.
მისივე თქმით, მოსახლეობიდან ნარჩენების გატანისთვის თანხის ამოღება
რეგიონებში ახალი ნაგავსაყრელების ამოქმედების შემდეგ მოხდება და ეს
საკითხი საკანონმდებლო ჩარჩოში მოექცევა.
გარემოს დაცვის საკითხებზე მომუშავე ექსპერტების აზრით, ნარჩენების
მართვის გაუმჯობესება ნიადაგის, ზედაპირული და მიწისქვეშა წყლების,
ჰაერის დაბინძურებას მკვეთრად შეამცირებს. არასამთავრობო
ორგანიზაციაში "მწვანეთა მოძრაობა - დედამიწის მეგობრები" მიაჩნიათ,
რომ
დასახლებული პუნქტებიდან ნარჩნების გატანის საკითხი, ადრე თუ გვიან
დღის წესრიგში მაინც დადგება, მოსახლეობა კი მომსახურებისთვის თანხას
უნდა იხდიდეს.
"თუ მოსახლეობა არ გადაიხდის, მაშინ ბიუჯეტმა უნდა დაფაროს, მაგრამ
ნებისმიერი მომსახურება ჯდება თანხა და რატომ უნდა გადაიხადოს
სახელმწიფომ. უნდა გადაიხადოს მან, ვინც ყრის ნარჩენს. ჯიბეზე რომ
იგრძნობს მოქალაქე, დაბინძურებაც ნაკლები იქნება. თავის დროზე ასე იყო
ელექტროენერგიის შემთხვევაში," - ამბობს ორგანიზაციის ხელმძღვანელი,
თემურ კეპულაძე.
საქართველოში ნარჩენების მართვის დაგეგმვა და განხორციელება, მათ
შორის ხარჯის ამოღების ეფექტური სისტემის შექმნა, ევროკავშირთან
ასოცირების ხელშეკრულების ერთ-ერთი დირექტივაა.
ამ მიზნით მუნიციპალური განვითარების ფონდმა, 2016 წელს ევროპის
რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან (EBRD) 10 მლნ ევროზე
სასესხო შეთანხმება გააფორმა. თანხით მგფ-მა თანამედროვე სტანდარტების
შესაბამისი ახალი ნაგავმზიდი მანქანები შეიძინა. ისინი მერსედესის
ფირმისაა და თურქეთში კომპანია "კატმერჩილერშია" აწყობილი.
საქართველოს 66 მუნიციპალიტეტს 144 კომპაქტორიანი ნაგავმზიდი და
მათთან ერთად, 7 209 კონტეინერი გადაეცემა. აქედან, 29 მანქანა და 1
355 კონტეინერი იმერეთის თორმეტივე მუნიციპალიტეტზე გადანაწილდება.
მათი შესაძენი თანხა მუნიციპალიტეტებმა ფონდისგან სესხად მიიღეს.
რა ოდენობის სესხი განისაზღვრა იმერეთის რეგიონის
მუნიციპალიტეტებისთვის სპეცტექნიკისა და ინვენტარის შესაძენად, ნახეთ
ქუთაისიპოსტის მიერ მომზადებულ ინფოგრაფიკაში:
მგფ-ის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, მუნიციპალიტეტებისთვის გაცემული
სესხების ხანგრძლივობა 10 წელია.
მასალის გამოყენების პირობები