ნიუტონი, მოცარტი, ორლანდო ბლუმი, სტივ ჯობსი, მარკ ცუკერბერგი და
ბევრი სხვა გენიოსად აღიარებული ადამიანი აუტისტური სპექტრის
აშლილობის მქონე პირთა რიცხვებშია.
ამ ადამიანებს ბევრი იცნობს სამაგიეროდ, შედარებით ცოტას აქვს
ინფორმაცია აუტიზმის სპექტრით აშლილობის შესახებ. ყოველ შემთხვევაში
ცნობადობის პრობლემა ჩნდება იქ, სადაც საკითხში გარკვევა და
განსხვავებულის მიმღებლობა განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს,
მაგალითად, ქუთაისის სკოლებსა და სკოლამდელ დაწესებულებებში.
შესაბამისად, სპეციალისტები ქუთაისში აუტიზმის ცნობადობის პრობლემებზე
საუბრობენ, თუმცა პროგრესზეც მიუთითებენ.
სწორედ იმიტომ, რომ აუტიზმზე ჯერჯერობობით ნაკლები ინფორმაცია
არსებობს, აპრილის თვეში, მსოფლიო მასშტაბით აღინიშნება კვირეული,
რომელიც აუტიზმის რაობაში უკეთ გარკვევას ემსახურება.
ქუთაისში მოეწყო სიმბოლური მარათონი. რომელშიც აუტიზმის სპექტრის
აშლილობის მქონე ბავშვები, მშობლები და მეგობრები იღებდნენ
მონაწილეობას. აღნიშნული მარათონი ბოლო პერიოდში ყოველწლიურად
აღინიშნება.
გარდა სიმბოლური ღონისძიებებისა, ქუთაისში მოქმედებს გაკვეული
პროგრამებიც. ქუთაისში დიდი ხანი არაა ABA ანუ ქცევის თერაპიის
სერვისი არსებობს, სხვადასხვა პროექტებს ახორციელებენ არასამთავრობო
ორგანიზიციები, აუტიზმის სპექტრის აშლილობის მქონე ბავშვებისთვის
ასევე მოქმედებს ბავშვთა ადრეული ინტერვენციისა და დღის ცენტრის
სახელმწიფო პროგრამა.
აუტიზმის მედიკამენტოზური
მკურნალობა არ არსებობს, მაგრამ არსებობს თერაპია, რომელიც ეხმარება
ბავშვს განვითარებაში. რაც ადრე დაისმება აუტიზმის დიაგნოზი და
დაიწყება თერაპია, მით უკეთ განვითარდება ბავშვი და მით უფრო
ნაკლები იქნება სოციუმში ადაფტირების პრობლემა, აღნიშნავენ
სპეციალისტები და იმასაც აზუსტებენ, რომ ABA თერაპია, იგივე ქცევის
გამოყენებითი ანალიზი, ყველაზე ეფექტური და ერთადერთი მეთოდია,
რომელსაც სამეცნიერო მტკიცებულება აქვს.
თუმცა, სანამ მკურნალობა დაიწყება უნდა დაისვას სწორი
დიაგნოზი. მართალია, მეცნიერები ზუსტად ვერ საზღვრავენ რა ასაკში
ვლინდება აუტისტური სპექტრის აშლილობის პირველი ნიშნები, მაგრამ
სპეციალისტები დიაგნოზს 18 თვის ასაკში უკვე სვამენ. თანაც მათ
აუტიზმის სხვადასხვა სპექტრის აშლილობის, ბევრი სხვა მავნე
მიდრეკილებიდან, გამორჩევა უწევთ.
"21 -ე საუკუნეში ბევრი ბავშვია სკრინეიჯერი ანუ ეკრანს მიჯაჭვული.
ვითარდება მეტყველების დეფექტები, ემატება სტერეოტიპული ქცევები.
ზოგჯერ გაურკევველია გარემოს დეპრივაციის გამოა ეს ნიშნები თუ
აუტიზმის სპექტრს წარმოადგენს. რიგ შემთხვევაში იხსნება რისკი,
სხვა შემთხვევაში კი დასტურდება აუტიზმის დიაგნოზი", - ამბობს „ხიდი
სოციალური ინკლუზიისთვის“ აღმასრულებელი დირექტორი, ლიკა
მხატვარი.
ბარიერს ქმნის იმერეთის ქუთაისში სპეციალისტების ნაკლებობა -
გადამზადებული პედაგოგების სიმცირე სკოლამდელ დაწესებულებაში და
კვალიფიციური სპეცმასწავლებელების რაოდენობა სკოლებში. დეფიციტს
წარმოადგენენ ბაკალავრის, ან მაგისტრის ხარისხის მქონე ფსიქოლოგებიც.
ლიკა მხატვარის თქმით, დასავლეთ საქართველოში საერთოდ არ არის,
მაგალითად, ოკუპაციური თერაპევტი.
სპეციალისტები საუბრობენ ინტეგრირებულ კლასებზე სკოლებში, სადაც რთული
ქცევის მართვის თანამედროვე მეთოდების ნაკლები ცოდნა ვლინდება.
"მასწავლებლები პიროვნულ შეურაცხყოფად იღებენ, თუკი აუტისტური
სპექტრის აშლილობის ბავშვი ვერ უსმენს და დგება საგაკვეთილო პროცესის
დროს. ამ ბავშვებს საზოგადოებასთან შედარებით მაღალი ინტელექტი
შეიძლება ქონდეთ, მაგრამ მათ აქვთ მთავარი - სოციალური დიალოგის
წარმართვის პრობლემა. შესაძლებელია ბავშვს სმენის არხში უფრო მძაფრი
სტიმულაცია გააჩნდეს, ჩვენ რა ხმებსაც აღვიქვამთ 25 -ჯერ მეტსა
ღიქვამდეს და ეს მის გაღიზიანებადობას იწვევდეს. ასევე არიან
ჰიპერაქტიული ბავშვები, რომელბიც საკუთარ სხეულს ვერ გრძნობს, ამიტომ
ეხეთქებიან ძირს და ა.შ.
აუტიზი
გვევლინება სხვდასხვაგვარი ფორმით", - განმარტავს ლიკა
მხატვარი.
სწორედ ამ ტიპის ინფორმაციის დეფიციტის ამოვსების აუცილებლობაზე
საუბრობს 10 წლის ლუკას დედა. ამასთან იგი ABA თერაპიის სიკეთეზე
მიუთითებს და სახელმწიფოს მხარდაჭერის აუცილებლობას უსვამს ხაზს. "ABA
თერაპია ყველგან არ ფინანსდებოდა, მაგლითად, ამ პროგრამას თბილისის
მერია აფინანსებდა, ამიტომ ბევრი ქუთაისელი გადავიდა თბილისში, რომ
მათ შვილებს მკურნალობის ეს საშუალება მიეღო. ამჟამად ქუთაისის მერიაც
აფინანსებს ამ პროგრამას", - აღნიშნავს იგი.
ქუთაისის მერია 6 თვეა არასამთავრობო ორგანიზაცია APS-თან
ერთად აფინანსებს 24 აუტიზმის სპექტრის აშლილობის მქონე ბავშვის
ABA თერაპიას.
აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე ბავშვების მშობლები მიუთითებენ
საზოგადოების დამოკიდებულებაზე, რომელიც ხშირ შემთხვევაში მოძრაობს
ნეგატიურ და პოზიტიურ დისკრიმინაციას შორის.
"არის მიუღებლობა, თუმცა სწორი ახსნის შემდეგ საზოგადოება გაგებით
ეკიდება და შეძლებისდაგვარად ცდილობს გაითავისოს, თუმცა სიბრალული
ისეთივე უადგილო შეიძლება იყოს, როგორც დაცინვა და გაბრაზება ამ
ბავშვების მიმართ ", - ამბობს მშობელი მაგდა ხურციძე.
მშობლები მიუთითებენ თუ რამდენად მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებამ არ
დააბულინგოს ეს ბავშვები საქალაქო ტრანსპორტში, ბაღებში,
სკოლებში.
"არ უნდა დაარქვან მათ უზრდელი ბავშვები, თუკი ისინი საერთო და
მიღებულ წესებს არ პასუხობენ. ისინი არ არიან უზრდელები. უბრალოდ
სხვანაირები არიან. არსებობს კიდევ ასეთი სტერეოტიპი რომ აუტისტური
სპექტრის აშლილობის ბავშვებს სითბოსა და სიყვარულის გამომჟღავნება არ
შეუძლიათ, რაც არასწორია. სიყვარულის სწავლა სწორედ მათგან შეიძლება",
- ამბობს ლიკა მხატვარი.
ამ სიყვარულზე იყო საუბარი ქუთაისში გამართულ სიმბოლურ მარათოზე,
სადაც ასევე გაჟღერდა მთავარი მესიჯი - აუტიზმის სპექტრი
ნიშნავს შედარებით უფრო განსხვავებულს, მაგრამ არანაკლებს სხვა
ადამიანებზე.
მასალის გამოყენების პირობები