ინტერნეტის თავისუფლების, ხელმისაწვდომობისა და ყველგან
გავრცელებისთვის, შესაძლებელია, საქართველოს კონსტიტუციაში ცალკე
მუხლი გამოიყოს.
ინიციატივა, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაცია „თავისუფლების
განვითარების ინსტიტუტს“ (IDFI) ეკუთვნის, საკონსტიტუციო კომისიამ
მეორე რაუნდის მოსმენების ფარგლებში განიხილა. კომისიის წევრები
საკითხზე შეთანხმებას არ გამორიცხავენ.
არასაპარლამენტო ოპოზიციაში ინტერნეტთან საზოგადოების წვდომას
ემხრობიან, თუმცა ასეთი ფორმულირების კონსტიტუციაში ჩაწერის
აუცილებლობას ვერ ხედავენ. მთავრობამ სოფლებში ინტერნეტიზაციის
პროგრამის დაწყება გასულ წელს გაჟღერა. ხელისუფლებაში ირწმუნებიან,
რომ
საარჩევნოდ გაცემულ დაპირებაზე მუშაობა
დაწყებულია, თუმცა მოსახლეობა ისევ ინტერნეტის გარეშე რჩება.
საქართველოს მაღალმთიან სოფლებში მცხოვრები მოსახლეობისთვის,
დღეისათვის ინფორმაციის მიღების ერთადერთი საშუალება მობილური
ტელეფონის ინტერნეტია. თუმცა, ადგილობრივების თქმით, ის ხშირად
შეფერხებით მუშაობს.
„ინტერნეტის მხრივ ჩვენთან საქმე ცუდადაა,“ - გვეუბნება სოფელ
საჩხეურის საჯარო სკოლის დირექტორი, გოჩა ძნელაძე. ინტერნეტი სასკოლო
საქმეების მოსაგვარებლად მას ყოველდღიურად სჭირდება. სასწავლო
დაწესებულებას „მაგთიკომის“ ინტერნეტი აქვს. თუმცა, შეფერხებების გამო
გოჩა ძნელაძე მეზობელ სოფელ დღნორისას სკოლაში ყოველდღე დადის.
საჩხეურში დღეისათვის 43 ოჯახი ცხოვრობს. სკოლის დირექტორი ამბობს,
რომ სოფელში ინტერნეტი არ არსებობს, ადგილობივებიდან რამდენიმე
ახალგაზრდა კი მობილური ტელეფონის ინტერნეტით სარგებლობს.
ინტერნეტის ხელმისაწვდომობისა და ყველაგან გავრცელების ინიციატივის
კონსტიტუციონალიზაციას „თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“ ითხოვს.
არასამთავრობო ორგანიზაციაში მიაჩნიათ, რომ თანამედროვე სამყაროში
ინტერნეტის მზარდი მნიშვნელობიდან გამომდინარე, კონსტიტუციაში ასეთი
სახის ჩანაწერი აუცილებელია. საქართველოს კონსტიტუციის 24-ე მუხლში
ინტერნეტ თავისუფლებასთან დაკავშირებით ცალკე მუხლის გამოყოფის
ინიციატივით ორგანიზაციამ საკონსტიტუციო კომისიას მიმართა.
„ინტერნეტის თავისუფლება უნდა იყოს უზრუნველყოფილი სახელმწიფოს მიერ.
ბუნებრივია, საუბარი არაა იმაზე, რომ სახელმწიფომ ყველა მოქალაქეს
მისცეს უფასო ინტერნეტი. სახელმწიფოს ექნება ვალდებულება გაიაზროს
ინტერნეტის თავისუფლების მნიშვნელობა და ხელი შეუწყოს იმ ადგილებში,
სადაც ახლა ინტერნეტი არაა გავრცელებული მის გავრცელებას, ბუნებრივია,
ეს ვერ იქნება უშუალოდ სახელმწიფოს ვალდებულება, მაგრამ მას შეუძლია
კერძო კომპანიისთვის გამარტივებული პროცედურები დაადგინოს,
წამახალისებელი ფაქტორები შექმნას მათთვის იმისთვის, რომ ინტერნეტი
გავრცელდეს ასეთ რაიონებში,“ - განგვიმარტა „თავისუფლების
განვითარების ინსტიტუტის“ იურისტმა, ნინო მერებაშვილმა.
საქართველოს პარლამენტისა და საკონსტიტუციო კომისიის წევრი, გიორგი
კახიანი IDFI-ის ინიციატივას მომხიბვლელს უწოდებს, თუმცა
ინიციატორებთან შენიშვნა და რჩევაც აქვს.
„კონცეპტუალური ხედვა ინიციატორებისგან არ მომისმენია. რჩევა მქონდა
ინიციატორებთან, რომ კომისიის სხდომაზე წარმოედგინათ რა პოზიტივი
შეიძლება ჰქონდეს ამ ჩანაწერის კონსტიტუციაში გაჩენას,“- განმარტავს
გიორგი კახიანი.
იდეას დადებითად აფასებს კონსტიტუციონალისტი და საკონსტიტუციო
კომისიის წევრი, ვახუშტი მენაბდე. მისი განმარტებით, ინტერნეტის
თავისუფლება თანამდროვე ტექნოლოგიების თვალსაზრისით მნიშვნელოვანი
უფლებაა, რაც მოქალაქეებს მასზე წვდომის შესაძლებლობას მისცემს.
ვახუშტი მენაბდე ამბობს, რომ ამ საკითხს, საკონსტიტუციო კომისიის
მეორე რაუნდის შეხვედრების შემდეგ, წევრთა დიდი ნაწილის მხარდაჭერა
აქვს და საბოლოო შეთანხმებას არ გამორიცხავს.
„არსებობს ინტერნეტიზაციის პროგრამა და ამის კონსტიტუციონალიზაციას
ვახდენთ ჩვენ,“ - ამბობს ვახუშტი მენაბდე.
თუმცა, საკითხის კონსტიტუციაში ფორმულირებას არასაპარლამენტო ოპოზიცია
ეწინააღმდეგება. „დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს"
ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი ახვლედიანის თქმით, კონსტიტუცია ყველაფრის
დამტევი ვერ იქნება და შეუძლებელია მასში ჩაიწეროს ის, რაც
შესაძლებელია ჩვეულებრივ კანონებსა და კოდექსებში ეწეროს.
„კონსტიტუცია არის ისეთი დოკუმენტი, რომელიც ყველა რეგულაციის ჩაწერას
ნამდვილად არ საჭიროებს, მასში უნდა იყოს უმთავრესი სამართლებრივი
კატეგორიები. ინტერნეტის წვდომა რატომ უნდა იყოს კონსტიტუციურად
დაცული ეს გაუგებარია. საკონსტიტუციო ნორმად ამის დაწესება ვერ
წარმომიდგენია. საკმარისი იქნება, ეს ყველაფერი საკანონმდებლო
რეგულაციებით იყოს შემუშავებული და მოწესრიგებული კონსტიტუციის ქვედა
დონეზე,“ - განმატავს გიორგი ახვლედიანი.
თუმცა, საქართველოს რეგიონების ინტერნეტით დაფარვა მთავრობამ ერთ-ერთ
პრიორიტეტად ჯერ კიდევ გასულ წელს გამოაცხადა. პრემიერ-მინისტრის 2016
წლის 28 ივლისის #375 დადგენილებით, ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურის
განვითარების სახელმწიფო პროგრამა დამტკიცდა. ხელისუფლება აცხადებდა,
რომ ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინტერნეტის ქსელი 2000-ზე მეტი დასახელების
ქალაქისა და სოფლისათვის შეიქმნებოდა. გაჟღერდა ისიც, რომ პროგრამას
ფონდი „ქართუ“ აფინანსებდა და მისი ღირებულება 100 მილიონ დოლარამდე
იყო. ინტერნეტიზაციის პროგრამაში
იმერეთის რეგიონში 140 სოფელი უნდა
ჩართულიყო.
ამ მიზნით ეკონომიკის სამინისტროს სსიპ ინოვაციების და ტექნოლოგიების
სააგენტოს ბაზაზე 2016 წლის 21 ივნისს ა(ა)იპ „ოუფენ ნეტი“ დაფუძნდა.
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, რეგისტრაციიდან ამ
დრომდე კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი ეკონომიკის ყოფილი
მინისტრი და ამჟამად ფინანსთა მინისტრი, დიმიტრი ქუმსიშვილია.
„ოუფენ ნეტის“ მიერ მოწოდებული ინფორმაციით, რეგიონებში ინტერნეტის
დაფარვის პროექტის ფარგლებში, ინფრასტრუქტურის მშენებლობა ჯერ არ
დაწყებულა.
„შესაბამისად, მთავრობის მიერ განსაზღვრულ სამიზნე გეოგრაფიულ არეალში
მოხვედრილ დასახლებულ პუნქტებს ინტერნეტი არ მიეწოდება,“- განმარტავენ
„ოუფენ ნეტში“. თუ როდის მიეწოდება რეგიონებს ინტერნეტი „ოუფენ ნეტის“
წერილობით პასუხში განმარტებული არაა.
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული საააგენტოს 2017 წლის 17
თებერვლის მონაცემებით, ინტერნეტზე წვდომა სულ 639 752 პირს აქვს. მათ
შორის იურიდიული და ფიზიკური პირებიც არიან.
2016 წლის 16 ივლისამდე ქართულ ბაზარზე, ინტერნეტის გავრცელების
მხრივ, 5 საკომუნიკაციო კომპანია ლიდერობდა. ამ პერიოდში კომპანია
„კავკასუს ონლაინი“ „მაგთიკომს“ შეუერთდა და შესაბამისად, ლიდერი 4
კომპანია დარჩა. კომუნიკაციების ეროვნული საააგენტოს 2017 წლის 17
თებერვლის მონაცემებით, ტექნოლოგიებიდან ყველაზე მეტი მომხმარებელი
ბოჭკოვან და DSL ინტერნეტს ჰყავს.
როგორ ნაწილდება აბონენტთა რაოდენობა კომპანიებისა და ტექნოლოგიების
მიხედვით ნახეთ ქუთაისიპოსტის მიერ მომზადებული ინფოგრაფიკა:
„თავისუფლების განვითარების ინსტიტუტში“ ვერ ასახელებენ კონკრეტული
ქვეყნის კონსტიტუციას, სადაც ინტერნეტის ხელმისაწვდომობაზე მსგავსი
ჩანაწერი არსებობს. თუმცა, ამბობენ, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულმა
სასამართლომ ინტერნეტის თავისუფლება, როგორც ადამიანის ერთ-ერთი
ძირითადი და ფუნდამენტური უფლება არაერთი გადაწყვეტილებით აღიარა.
ამავე დროს, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ადამიანის უფლებათა
საბჭოს რეზოლუცია სახელმწიფოებს მოუწოდებს ხელი შეუწყონ ციფრულ
წიგნიერებას (digital literacy) და ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობა
ინტერნეტში უზრუნველყონ.
„გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭო ერთმნიშვნელოვნად გმობს ელექტრონულ
ინფორმაციაზე წვდომის ან ელექტრონული ინფორმაციის გავრცელების
გამიზნულად შეფერხებასა თუ აღკვეთას,“ - აღნიშნულია რეზოლუციის მე-10
პუნქტში.
მასალის გამოყენების პირობები