ქუთაისის მერიასა და შპს "ოქროს ჩარდახი+"-ს შორის ერთწლიანი
სასამართლო დავა მორიგებით დასრულდა. კომპანია, რომელიც ბიზნესმენ
დავით კოსტავას საკუთრებაა, ცისფერყანწელთა ქუჩაზე, მერიას 5 871 615
ლარის ზარალის ანაზღაურებას თხოვდა.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ქუთაისის მერია ამ
თანხას არ გადაიხდის, სანაცვლოდ კოსტავა 20 ადგილიანი სასტუმროს
მშენებლობის დაწყებაზე ნებართვას მიიღებს. მორიგების მიუხედავად,
მოსარჩელე მხარე უკმაყოფილოა. დავით კოსტავა ამბობს, რომ ქუთაისის
მერიასთან დავა საბოლოოდ მაშინ დასრულდება, როცა კომპანია
რეკონსტრუქციის პროექტზე ნებართვას მიიღებს.
ადგილობრივი მოსახლეობა კი, იმ ვალდებულებების პირისპირ რჩება,
რომელიც ბიზნესმენს 2008 წლიდან შეუსრულებელი აქვს.
ლამარა ზვიადაძე ქუთაისში, რეაბილიტირებულ უბანში, ისტორიული კორპუსის
მესამე სართულზე ცხოვრობს. 8 წელზე მეტია მისი ოჯახი დერეფნის
რეაბილიტაციას ელოდება, რისი შესრულებაც 2008 წელს შპს "ოქროს
ჩარდახი+"-ს ახალი ობიექტის მშენებლობის სანაცვლოდ დაეკისრა. მასში
კიდევ ერთი მცხოვრების, ზვიადაძეების სახლის აივნის ნაწილი მოექცა და
ოთახის კარ-ფანჯარა მთლიანად კედლით დაიფარა.
"სახლი თავზე მენგრევა და საშველი არ ჩანს. დერეფანს რეაბილიტაცია და
სახლს გამაგრება ჭირდება. უკვე გაუსაძლისი მდგომარეობაა. ამასთანავე,
მთლიანად გამოსაცვლელია სახურავი," - ამბობს ლამარა ზვიადაძე.
ზვიადაძეების ოჯახის გარდა, კომპანიასთან დავა ამავე კორპუსის
ამხანაგობა "რიონსაც" აქვს. მხარეები სახლის მომიჯნავედ არსებულ,
ყოფილი ფოტო-კინო მუზეუმის 189,53 კვ.მ ფართზე ვერ მორიგდნენ, რომელიც
დღემდე ამხანაგობისა და მერიის თანასაკუთრებაა. თუმცა, იმ ტერიტორიაში
შედის, რომელიც 2008 წელს "ოქროს ჩარდახი+"-ს აღნაგობის უფლებით
გადაეცა. ამჟამად, კომპანიას მშენებლობის გაგრძელებისთვის ამ ფართის
გამოყოფა უნდა, რასაც ამხანაგობის წევრთა თანხმობა ჭირდება.
"ჩემი ხელმოწერით ხომ ქალაქის დამახინჯებას მოვაწერს ხელს. ყველაზე
მეტად ამას განვიცდი, რომ ამ ისტორიულ ადგილს იერსახე შეეცვლება," -
ამბობს ლამარა ზვიადაძე.
ადგილობრივი მოსახლეობის თქმით, ამ დროისთვის შენობის ქვემოთ არსებული
8 ღია არკიდან მოქალაქეების გასასვლელისთვის 2 დარჩება, დანარჩენი კი
დაიხურება.
„ვიწვები მოქალაქეების საცოდაობით, ვერაფრით ვერ გაეტევიან 18 მეტრიან
გასასვლელში. თუ ასე ჭირდება მერიას, გადამიხადოს კომპენსაცია და
წაიღოს ყველაფერი,“ - ამბობს კოსტავა, რომელსაც ამ ადგილზე 4
ვარსკვლავიანი სასტუმრო კომპლექსის, ეთნოგრაფიული რესტორნისა და
კაფე-ბარის განთავსება სურს.
ის ირწმუნება, რომ 2008 წელს ქალაქის ისტორიული უბნის რეაბილიტაციაში
იძულებით ჩაერთო და იმდროინდელი ვალდებულებების შესრულების საშუალება
ყოფილმა ხელისუფლებამ არ მისცა, ახალს კი ძველ მემკვიდრეობაში
გარკვევისთვის წლები დაჭირდა.
„ამათ უცებ არ გადაწყვიტეს ეს საკითხი, 1 წელზე მეტი მოფიქრებას
მოუნდნენ. მილიონ ნახევარი დოლარი არის დამდგარი ზარალი, რომელშიც
შედის შენობის აშენება და საბანკო კრედიტის მომსახურება. ეს არც ისე
ბევრია. დღევანდელი კურსით 4 მილიონი ლარია. ამას ემატება ის
მინიმუმი, 20%-აინი დატვირთვის პირობებში რომ ემუშავა ობიექტს, რაც
უნდა მიმეღო,“ - აცხადებს დავით კოსტავა და ამბობს, რომ ძველ
დავალიანებას ქუთაისის მერიისგან რეკონსტრუქციის პროექტის ნებართვის
მიიღების შემდეგ დაფარავს.
„არავისთვის არ ვაპირებ რაიმეს გაკეთებას, ვიდრე არ მექნება
რეკონსტრუქციის პროექტი. როცა შევძლებ ჩემი ქონების დაუბრკოლებლად
სარგებლობას, მაშინ გადავიხდი ყველაფერს. ვერ ხვდებით, რომ ნერვებს
მიშლით?“ - განაცხადა დავით კოსტავამ ჩვენთან სატელეფონო
საუბარში.
შეუსრულებელი ვალდებულებების გამო, შპს „ოქროს ჩარდახი+“ ერთხელ უკვე
მოხვდა სახელმწიფო აუდიტის 2009-2010 წლების შესაბამისობის ანგარიშში
(#19/00). საუბარია დავალიანებაზე, რომელიც კომპანიას ტერიტორიით
სარგებლობისთვის, ადგილობრივ ბიუჯეტში უნდა გადაეხადა, რაც არ
შეასრულა.
ქუთაისის მერიაში კი განმარტავენ, რომ შპს „ოქროს ჩარდახი+“-ს
აღნაგობის თანხა არც შემდგომ წლებში გადაუხდია. კერძოდ, 2013 წელს
ქალაქის ბიუჯეტში 7 875 ლარი უნდა შეეტანა, 2014 წელს - 9 709 ლარი,
2015-2016 წლებში კი - 20 083 ლარი.
ქუთაისის მერიის იურიდიული განყოფილების უფროსის, ირაკლი გიორგაძის
ინფორმაციით, ამ თანხის გადაუხდელობის გამო მერიამ შპს „ოქროს
ჩარდახი+“-თან 2008 წელს დადებული ხელშეკრულება ცალმხრივად გაწყვიტა,
რაც კომპანიამ სასამართლოში გაასაჩივრა. თუმცა, მორიგების მიხედვით,
„ოქროს ჩარდახი+“-ს ამ თანხის გადახდა ადგილობრივი ბიუჯეტის
სასარგებლოდ მაინც ეკისრება.
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 16 იანვრის ამონაწერით,
შპს „ოქროს ჩარდახი+“-ში წილის 70% დავით კოსტავას მეუღლეს, ნანა
გოგინაშვილს ეკუთვნის, 30% - ხვიჩა ღონღაძეს. ეს უკანასკნელი
24,5%-იან წილს ფლობს „იბერიის ვარსკვლავში“, რომელიც დავით კოსტავას
საკუთრებაა. ხვიჩა ღონღაძე ამავე დროს, იმერეთის ყოფილი
ვიცე-გუბერნატორის და ამჟამად „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“
წევრის, გოჩა თევდორაძის ნათესავია. (მეუღლის ძმა)
ქუთაისის საქალაქო სასამართლოში 2016 წლის ივნისიდან მიმდინარე წლის
14 მარტის ჩათვლით მერიის წინააღმდეგ სულ 26 სარჩელი შევიდა. აქედან,
4 იურიდიული, 22 კი ფიზიკური პირია. 12 საქმეზე ჯერ სასამართლო სხდომა
არ დანიშნულა, 6 განხილვის პროცესშია, ორზე კი გადაწყვეტილება უნდა
გამოცხადდეს.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოში მერიის წინააღმდეგ ერთი საქმე
მოსარჩელის სასარგებლოდ დასრულდა, ერთმა გადაწყვეტილება სააპელაციო
წესით გაასაჩივრა და ერთიც არ დაკმაყოფილდა.
რა საკითხებზე უჩივიან ქუთაისის მერიას ფიზიკური და იურიდიული პირები,
ამ თემაზე ქუთაისიპოსტი მუშაობას აგრძელებს.
მასალის გამოყენების პირობები