საზოგადოება
„არ ვიცი როგორ უნდა ვიარსებოთ" - ქუთაისში დევნილ ოჯახებს სოციალური დახმარება მოუხსნეს
FaceBook

ქუთაისში, ყოფილ საბავშვო ბაღში მცხოვრებ დევნილ ოთხ ოჯახს სოციალური დახმარება მოეხსნა.

ოჯახებს ფულადი შემწეობა მიმდინარე წლის 14 თებერვალს, სხვადასხვა მიზეზით შეუჩერდათ.

სოციალური მომსახურების სააგენტოს იმერეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრში განმარტავენ, რომ ამ ოჯახებიდან დახმარება, მხოლოდ  ერთს  გაუგრძელდება.

ოჯახში შრომისუნარიანი წევრები, ხელფასის  დაფიქსირება და მაღალი კომუნალური გადასახადების ხარჯვა – ეს ის ძირითადი კომპონენტია, რომლის საფუძველზე შესაბამისმა სააგენტომ ქეთევან ცომაიას, აკაკი შენგელიას, ელისო სიდიანის და გულნაზ ძიძიგურის ოჯახს ფულადი დახმარება მოუხსნა.

76 წლის ქეთევან ცომაია ორსართულიანი კორპუსის პირველ სართულზე, თავის ერთადერთ შვილთან ერთად, 2 ოთახიან ბინაში ცხოვრობს.

დედა – შვილს უკვე 23 წელია ბეტონის იატაკზე უწევს ცხოვრება და ზამთარში შეშის ღუმელით თბებიან. მათ, ოროთახიან ბინაში, ასევე, ერთ პატარა მაგიდას, ორი რკინის საწოლს, პატარა ტელევიზორს, ერთ გრძელსა და 3 პატარა სკამს შეამჩნევთ.

ქეთევან ცომაია ამბობს, რომ სოციალური დახმარება საჭმლისა და მედიკამენტების შესაძენადაც არ ყოფნიდათ, ახლა კი მათ გარეშეც დარჩნენ.

"108 ლარს ვიღებდით ჩვენ და პურის ფული იყოს ის. მთავრობა ჩვენნაირ გაჭირვეულებს იქეთ უნდა უმატებდეს, ესენი კი აქეთ გვართმევენ. გეფიცებით, თუ წამლის საყიდი ფული მქონდეს", – ამბობს ქეთევან ცომაია.

ცომაიების ორსულიანი ოჯახი სოციალური შემწეობის მიმღები 2014 წლიდანაა. მაშინ მათი სარეიტინგო ქულა 6 090–ს შეადგენდა, მიმდინარე წლის 14 თებერვალს კი,  ოჯახს 86 260 ქულა მიენიჭა. ისინი ამბობენ, რომ მათთვის გაურკვეველია თუ რატომ მიანიჭეს ამდენი ქულა, რადგან ოჯახს შემოსავალი არ მომატებია.

2014 წლიდანაა სოციალური შემწეობის მიმღები აკაკი შენგელიას სამსულიანი ოჯახი. 2017 წლის იანვარში გადამოწმების შედეგად, მათ 78 510 ქულა მიიღეს, მანამდე მათი ოჯახური მდგომარეობა 37 010 ქულად იყო შეფასებული.

"ოჯახში ყველა უმუშევარი ვართ. გვითხრეს შრომისუნარიანი ხართ და ამიტომ მოგვიხსნეს დახმარება. მაგრამ, თუკი უმუშევარი ვარ რა მნიშვნელობა აქვს შრომისუნარიანი ვარ თუ უუნარო", - ამბობს ოჯახის უფროსი, აკაკი შენგელია.

ასევე, 2014 წლიდან იღებდა ელისო სიდიანის ოთხსულიანი ოჯახი ფულად შემწეობას. მათ მაშინ 42 700 ქულა მიენიჭათ. თუმცა, მიმდინარე წლის თებერვალში, სიდიანების ოჯახურ მდგომარეობას 27 440 ქულით მეტი მიანიჭეს. რის გამოც, დახმარება შეუწყვიტეს. სიდიანები განმარტავენ, რომ 204 ლარი, რომელსაც სოციალური დახმარების სახით იღებდნენ მათთვის მნიშვნელოვანი იყო.

"არ ვიცი როგორ უნდა ვიარსებოთ, მაშინ როცა ყველაფერი ძვირდება, ესენი სოციალურ დახმარებას გვიხსნიან. ან ბავშვებს როგორ ჩავაცვათ, ან როგორ ვიკვებოთ", – ამბობს ელისო სიდიანი.

გაჭირვებულ ცხოვრებაზე საუბრობს გულნაზ ძიძიგურის 7 სულიანი ოჯახიც. ისინი სოციალური დახმარებიდან 2014 წლიდან ყოველთვიურად 204 ლარს იღებდნენ. თუმცა, იმის გამო, რომ მიმდიანარე წლის თებერვალში მინიჭებული 64 540 ქულის გამო, მათ ეს დახმარება მოეხსნათ.

სოციალური მომსახურების სააგენტოს იმერეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრში განმარტავენ, რომ ოჯახების გადამოწმება სხვადასხვა მიზეზების გამო ყოველთვიურად მიმდინარეობს. გადამოწმების პერიოდში ოჯახზე, რომელსაც სოციალური შემწეობა დანიშნული ჰქონდა, დახმარების გაცემა ჩერდება და ხელახლა მინიჭებული სარეიტინგო ქულა განსაზღვრავს გაუგრძელდება თუ არა მას საარსებო შემწეობა.

ნინო ჭიღლაძე აღნიშნავს, რომ ამ ოჯახებიდან ორზე წელიწადში 400 ლარზე მეტი კომუნალური ხარჯვა დაფიქსირებული, რაც სარეიტინგო ქულების მინიჭებაზე გავლენას ახდენს.

ის ასევე, აღნიშნავს, რომ კომუნალური ხარჯი წინა მეთოდოლოგიაშიც ითვლებოდა, თუმცა მაშინ მხოლოდ ელექტროენერგიისა და ბუნებრივი აირის გადასახადი ფიქსირდება. ახალი მეთოდოლოგიით კი წყლისა და დასუფთავების გადასახადიც დაემატა.

ნინო ჭიღლაძე ამბობს, რომ აღნიშნული ოჯახებიდან ნახევარი ან ნახევარზე მეტი შრომისუნარიანია. ამიტომ, მოუწოდებს მათ, აუცილებლად მიმართონ სოციალურ სააგენტოს. დადგნენ აღრიცხვაზე როგორც სამუშაოს მაძიებლები და გაეწევათ მათ შესაბამისი კონსულტაცია.

"დარეგისტრირდებიან და აქტიური ვაკანსიის გამოჩენის შემთხვევაში სმს შეტყობინებით მიუვათ მათ ვაკანსიის არსებობის შესახებ. გარდა ამისა, შეუძლიათ გაიარონ პროფესიული გადამზადება. მათ, აგრეთვე, შეუძლიათ რა მოთხოვნადი პროფესიებიც არის დღეს ბაზარზე იმ მიმართულებით გაიარონ გადამზადება, დასაქმდნენ და შემოსავლის წყარო გაიჩინონ", – განმარტავს ნინო ჭიღლაძე.

დევნილთან ნაწილი აცხადებს, რომ აღნიშნული ვაკანსიის შესახებ ინფორმირებულნი არ იყვნენ, ნაწილი კი მსგავს სამსახურში დასაქმებას ეჭვის თვალით უყურებს.

დევნილები ვიდრე სოციალური დახმარების მიმღებნი იყვნენ, მათ დევნილობის 45 ლარიანი დახმარება არ ეძლეოდათ. ხოლო მას შემდეგ რაც, ისინი სოციალური ფულადი დახმარების გარეშე დარჩნენ, მათ  45 ლარიანი დახმარება აღუდგებათ.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის
სტუდენტს, საბა ჭეიშვილს, საზოგადოების მხარდაჭერა
სჭირდება.
11:32 / 11.10.2024
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტს, საბა ჭეიშვილს, საზოგადოების მხარდაჭერა სჭირდება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.