საზოგადოება
"სასიკვდილო თავი არ გვაქვს" - როგორი საბურავებით გადაადგილდებიან მიკროავტობუსები ქუთაისში
FaceBook
ქუთაისის მერიამ დაზიანებული საბურავებით საქალაქო მიკროავატობუსების მოძრაობის რამდენიმე ფაქტი გამოავლინა, რის გამოც, მძღოლებს გაფრთხილება მიეცათ.

მერიის ტრანსპორტის განყოფილების ინფორმაციით, კონკრეტული ფაქტები გასულ წელს დაფიქსირდა. დღესდღეობით კი ააიპ "სპეციალურ სერვისებში" მძღოლებს არასეზონური საბურავებით მოძრაობაში ადანაშაულებენ.

საქალაქო სატრანსპორტო საშუალებებზე არსებული საბურავების საკითხი აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც მიმდინარე წლის 17 თებერვალს, დიდთოვლობის დროს, სატრანსპორტო მოძრაობა შეზღუდული იყო.

ააიპ "სპეციალური სერვისების" დირეტქორმა, გელა გაგუამ ჩვენთა სატელეფონო საუბარში განაცხადა, რომ ისეთი საბურავებით, როგორითაც მიკროავტობუსები გაადგილებიან, ზამთარში კი არა ზაფხულშიც შეუძლებელია მოძრაობა.



რეალურად, როგორი საბურავებით მოძრაობენ საქალაქო მიკორავტობუსის მძღოლები,  ამის გარკვევას ქუთაისიპოსტი შეეცადა.

"ვინ თქვა ეს? რაის საბურავები? ხომ ხედავდით, რომ მარტო მერიის წინ იყო გაწმენდილი გზა და სხვაგან არსად. საბურავები არაფერ შუაშია. ისეთი გაწყობილი მანქანები ჰყავს ყველა მძღოლს, ათასობით დოლარებს იხდიან და საბურავი რაა იმასთან," - ამბობს კინო "საქართველოსთან" მოქმედი გაჩერების დისპეჩერი, ზაქრო ხეცურიანი.

"სპეციალური სერვისების" ხელმძღვანელის ბრალდებას თავად სამარშრუტო მიკროავტობუსების მძღოლებიც კონტრბრალდებით პასუხობენ.

"თვითონ ვერ იმეტებენ თანხას გზის გასაწმენდად. ჩვენ სასიკვდილო თავი არ გვაქვს. 43 წელია მძღოლი ვარ და მგზავრები გადამყავს," - ამბობს #28 მიკროავტობუსის მძღოლი, თემურ ლიკლიკაძე.

"ყველაფერი აქვს ამ მანქანებს. ქალაქს მიხედონ მაგათ. ხალხმა არ იცის საბურავის ბრალია თუ უგზოობის? მე რატომ მეკითხებით?" - აღნიშნავს #23ა მიკროავტობუსის მძღოლი.

საქალაქო ტრანსპორტის მძღოლების მიერ ვალდებულებების შესრულებაზე საუბრობენ გადამზიდი კომპანიების წარმომადგენლები.

შპს "სამგზავრო 2007" ქუთაისში ერთ-ერთი მსხვილი ავტოპარკის მფლობელია. მის საკუთრებაში 200-მდე ავტომობილი შედის. კომპანიის ხელმძღვანელი, ალეკო დვალიშვილი ჩვენთან საუბარში ამბობს, რომ მძღოლები საბურავების სეზონურად ცვლას თავად აწესრიგებენ.

"ქუთაისში ამინდმა ტრანსპორტი ვერ გააჩერა. აბსოლუტურად ყველა მანქანა მუშაობდა. ყველა მძღოლს ძალიან მაღალ დონეზე ჰყავს მანქანა მოწესრიგებული," - განმარტავს შპს "სამგზავრო 2007"-ის ხელმძღვანელი, ალეკო დვალიშვილი.

მისივე თქმით, საქალაქო მიკროავტობუსების მძღოლები საბურავებს რეგულარულად "თეგეტა მოტორსის" ქუთაისის ფილიალში აახლებენ.
ამას თავად კომპანიაშიც ადასტურებენ.

"ბოლო პერიოდში მძღოლებში უკვე არის ის კულტურა, რომ ზამთრის სეზონის მოახლოებასთან ერთად, შეცვალონ საბურავები. ძალიან გახშირდა მიკროავტობუსების მფლობელებისა და იმ კომპანიების მხრიდან, რომლებსაც ავტოპარკი აქვს, ზამთრის სეზონის საბურავზე მოთხოვნა,"- განმარტავს "თეგეტა მოტორსის" გაყიდვების კონსულტანტი, დიმიტრი კოხოძე.

"საგზაო უსაფრთხოების შესახებ" კანონის თანახმად, 8 ადგილზე მეტი ტევადობის ყველა ავტოსატრანსპორტო საშუალება, სავალდებულო ტესტირებას ყოველ 6 თვეში ერთხელ გადის. ეს მომსახურება მიკროავტობუსებისთვის 78 ლარი ღირს.

შპს "გეა" ერთ-ერთია, სადაც ავტომობილებს ტექნიკური დათვალიერება უტარდებათ. კომპანიაში განმარტავენ, რომ ისინი შემოწმებას გამონაბოლქვზე, სავალ ნაწილებზე, ძრავსა და ხილვადობაზე გადიან. მართალია, სეზონურობის შემოწმება ამ ეტაპზე ჩამონათვალში არ შედის, თუმცა ტესტირების საბოლოო შედეგზე საბურავების პროტექტორის ზომა მოქმედებს.



"სეზონის შესაბამისობა თვითონ საბურავს აწერია. კანონი არ ზღუდავს. იქ არის განსაზღვრული პროტექტორის სიმაღლე, რომელიც 1,6 მმ-ზე ნაკლები არ უნდა იყოს. თუ ამ ზომებს არ აკმაყოფილებს, ჩვენ ჯარიმით ვერ ვაჯარიმებთ. მხოლოდ ვწერთ, რომ გაუმართავია. ეს არის მძღოლის სურვილზე დამოკიდებული," - განმარტავს შპს "გეას" ხელმძღვანელი, ელდარ ერაძე.

დაზიანებული საბურავების აღმოჩენის შემთხვევაში, საქალაქო მირკოავტობუსებს არც ქუთაისის მერია აჯარიმებს. ადგილობრივი ხელისუფლების ტრანსპორტის განყოფილებაში განმარტავენ, რომ გასულ წელს გამოვლენილ 3-4 ასეთ ფაქტს მათი მხრიდან სიტყვიერი მითითება მოჰყვა და მძღოლება მათზე დროული რეაგირება მოახდინეს.

"ასეთი მითითება არ ჭირდებათ მათ, იმიტომ, რომ დასაქმებული მძღოლების თითქმის 99% საქმის პროფესიონალები არიან და ჩემზე კარგად იციან როდის უნდა გადავიდნენ ზაფხულიდან ზამთრის საბურავებზე. დიდთოვლობის დროს, ქუთაისში იყო კონკრეტული შემთხვევა, მაგრამ ეს გამოწვეული იყო არა საბურავის, არამედ ლიპყინულის მიზეზით," - აღნიშნავს ქუთაისის მერიის ტრანსპორტის სამსახურის უფროსი, ირაკლი ცხვედიანი.

გარდა ამისა, ცხვედიანი განმარტავს, რომ სატრანსპორტო ხაზებზე ნებართვის გაცემის დროს, ხელშეკრულებაში მგზავრთა გადაყვანის უსაფრთხოების ნორმების უზრუნველყოფის შესახებ მითითებულია, რაც თავის მხრივ საბურავების გამართულობასაც გულისხმობს.

ზამთრის სეზონისთვის ავტომობილებისთვის რეზინის საბურავია განსაზღვრული, კაპრონის კი ზაფხულისთვის.

თუმცა, არსებობს ე.წ M+S ტიპის საბურავი, რომელიც ყველა სეზონს მიესადაგება. თუმცა, ისინი განკუთვნილია სველი და მშრალი გზისთვის და თოვლში მოძრაობისთვის არ გამოდგება. თოვლსა და ყინვაში აუცილებელია ისეთი საბურავით გადაადგილება, რომელსაც დამატებით ფიფქის ნიშანი აქვს.

ზაფხულიდან ზამთრის საბურავზე გადასვლა რეკომენდირებულია მაშინ, როცა ჰაერის ტემპერტურა +12 გრადუსს ჩამოცდება.
საბურავის ფასი გამავლობასა და მის მწარმოებელ კომპანიაზეა დამოკიდებული. სეზონების მიხედვით, ძვირადღირებული ზაფხულის საბურავია, რადგან ყველაზე მაღალი გამავლობისაა.


თითოეულ საბურავს ცვეთის სპეციალური ინდიკატორი აქვს. როდესაც ის სპეციალურ ნიშნულამდე დავა, მისი გამოყენება აღარ შეიძლება. საბურავის ექსპლოატაციის ვადა 6 წელია.





Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის
სტუდენტს, საბა ჭეიშვილს, საზოგადოების მხარდაჭერა
სჭირდება.
11:32 / 11.10.2024
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტს, საბა ჭეიშვილს, საზოგადოების მხარდაჭერა სჭირდება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.